ღიმილის ნიჭები

Warner Bros
 თბილისის ომის დროს ჩემი ორი მეგობარი ერთ-ერთთან მიდიოდა სახლში მთაწმინდაზე. გზაში შეიარაღებული გვარდიელები გადაუდგნენ, რატომღაც პუტჩისტებად მონათლეს და შტაბში წაიყვანეს ვითარებაში გასარკვევად. ვითარება კი ასე გაირკვა: ამ რამდენიმე გვარდიელის მეთაურმა, დაზეთილღაბაბიანმა მრგვალმა ცხოველმა 16 წლის ბიჭებს ზიზღით შეხედა და ერთადერთი სიტყვა თქვა:

დახვრიტეთ!

ისინი ტყეში წაიყვანეს დასახვრეტად. თუმცა დაზეთილღაბაბიანების უფროსთან საიდანღაც ხმა მივიდა დასახვრეტთა ვინაობაზე, გაირკვა, რომ ნაცნობია და ბრძანების გაუქმების ბრძანება ტყის პირას დააწია. სიკვდილმისჯილები სახლში დაბრუნდნენ, მაგრამ სახლი დამწვარი დახვდათ...

რა გასაკვირია, რომ მაშინ არავინ იღიმოდა. არც მრგვალი ცხოველები, არც პატარა უსახლკარო დასახვრეტები, არც გაავებული ერთნაირი ქალები, არც მორფინისტი მეომრები და არც კაგებეშნიკი მამულიშვილები. მაშინ გაღიმება უფრო ფსიქიური აშლილობის ნიშანი იყო, ვიდრე კარგი განწყობის იმიტომ, რომ ამის მიზეზი არ არსებობდა. ეს იყო უფსკრული.

უფსკრული, საიდანაც ამოვაღწიეთ. გავთბით, გავნათდით, დავნაყრდით, აქეთ-იქით მიმოვიხედეთ, რაღაცები გავარკვიეთ, თითქოს გართობისთვისაც მოვიცალეთ, მაგრამ ამ ღიმილს არ დაადგა საშველი. ვართ სერიოზულები, გაბრაზებულები, დაძაბულები, ვიცინით, ვხარხარებთ, დავცინით, მაგრამ არ ვიღიმით. ჩვენ ერთმანეთს არ ვუღიმით. არ ვუღიმით ისე, უბრალოდ და არ ვუღიმით მაშინაც, როცა ეს სავალდებულოა.
იმ დღეს პარფიუმერიის მაღაზიაში გახლდით. შევედი თუ არა, სოუზის (?!) სუნი მეცა – სხვა შემთხვევაში მადისაღმძვრელი, იქ კი გულისამრევი. მაღაზიაში არავინ ჩანდა, მხოლოდ თანამშრომლებისთვის განკუთვნილი ოთახის კარი იყო შეღებული და არომატიც იქიდან იფრქვეოდა. მასპინძელო! ამას ხომ არ დავიძახებდი? (არადა, ზუსტად ამას ითხოვდა სიტუაცია). დახლზე დავაკაკუნე რკინის ორლარიანით რამდენჯერმე და როგორც იქნა, „მასპინძელიც” გამოგოგმანდა. სქესით ქალი. ძალიან ნელა მომიახლოვდა, ცხიმიანი ტუჩები უელავდა, წინ ჩამომიდგა და ძალიან გაბრაზებულმა თვალი თვალში გამიყარა – მე მას ტრაპეზი შევაწყვეტინე! თბილისის ომის დრო რომ ყოფილიყო, აუცილებლად დაიყვირებდა: დახვრიტეთ!

ამ ბრძანებას დღესაც დიდი სიამოვნებით გასცემდნენ მოლარეები, ტაქსის მძღოლები, ისე მძღოლები, ფეხითმავალნი, მიმტანები, პროფესორ-მასწავლებლები, სასტუმროების თანამშრომლები, სუპერმარკეტებში მოწამლული ბუზებივით მცოცავი პერსონალი, ჟურნალისტები და მათი რესპონდენტები, უკმაყოფილო მომღერლები, მსახიობები, მოდელები, პოლიტიკოსები და მეზობლები.

ყველა, ვინც უნდა გვიღიმოდეს, დიდი სიამოვნებით დაგვხვრეტდა!

კი მაგრამ, რატომ? რატომ ვერ ვიღიმით? ისტორიამ სახის მოტორიკა დაგვიჩლუნგა? თუ ამ რეფლექსისთვის საჭირო იმპულსებს ვეღარ გამოვიმუშავებთ? ვარჯიში ხომ არ დაგვეწყო? დილით ავდგეთ და სარკეში საკუთარ თავს ვუღიმოთ 5-10 წუთი, ეგებ ჩვევაში გადაგვივიდეს. ან იქნებ ამას ნიჭი უნდა და ჩვენ, ნიჭიერი ზარმაცები, სწორედ ამაში ვართ უნიჭოები?

არადა, თითქოს არაა რთული ამბავი, სხვა ქვეყნებში ხო ვიღიმით? იმიტომ, რომ გვიღიმიან. ანუ ჩვენ აქ ერთმანეთს ველოდებით და ამ ლოდინში გაუღიმებელი წლები, ათწლეულები და საუკუნეები გადის.

კომენტარები