Google საქართველოში

სექტემბრის შუა რიცხვებში საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები და მინისტრი კალიფორნიაში, სახელგანთქმულ სილიკონის ველში ვიზიტად იმყოფებოდნენ. ისინი მსოფლიოს წამყვან საინფორმაციო და საკომუნიკაციო კომპანიებს შეხვდნენ. განიხილეს ტექნოლოგიების საქართველოში დანერგვის საკითხებიც. „საინფორმაციო ტექნოლოგიები ყველაზე სწრაფად მზარდი სფეროა და ჩვენ, მიუხედავად დაგვიანებისა, მსოფლიო პროგრესს ფეხი უნდა ავუწყოთ”, – ამბობს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი ქაშიბაძე.
„ფეხის აწყობა” კომპანია Cisco-სთან შეხვედრით დაიწყო. ქსელური აკადემია, რომელიც კომპიუტერული ქსელების მაღალი კლასის სპეციალისტებს ამზადებს, ჩვენთან უკვე არის, თუმცა მისი მასშტაბები არასაკმარისია. ქაშიბაძის თქმით, Cisco გეგმავს რეგიონალური მნიშვნელობის აკადემიის გახსნას. იქ სტუდენტები ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდანაც ჩამოვლენ. საქართველოსთან დაკავშირებით Cisco კიდევ რამდენიმე პროექტს, მათ შორის „Smart + connected community” განიხილავს. კომპანია HP-საც საკუთარი გეგმები აქვს. მან შექმნა პროგრამა მეცნიერებისთვის და ინოვაციური ჯგუფებისთვის. მოწონების შემთხვევაში HP მათ საკუთარ ლაბორატორიებშიც ჩართავს.
გარდა ამ კომპანიებისა, მომავალში ფეიფალთან შეხვედრა იგეგმება. ეს გახლავთ 190 ქვეყანაში მოქმედი ონლაინ გადახდების სისტემა. ქართველი ონლაინ შოპინგის მოყვარულთათვის ის კვლავაც მიუწვდომელია. ქაშიბაძე ვერ აკონკრეტებს, როდის აღმოჩნდება საქართველო ფეიფალის მიერ მხარდაჭერილი ქვეყნების სიაში.
Google-თან შეხვედრისას საუბარი ამ საიტის ქართველი მომხმარებლის პრობლემებს შეეხო. მათ შორის აღსანიშნავია Google-ის რუკების პრობლემა, სადაც საქართველო ჯერაც „თეთრი ლაქაა”, ყოველგვარი დეტალიზაციის გარეშე. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში Google-ის რეგიონალური წარმომადგენლის მოვლინების, სამომავლოდ კი ოფისის გახსნის საკითხიც.
Google-ის სერვის Youtube-ზე არაერთი ვიდეო საქართველოსადმი რუსეთის შეგნებულ აგრესიას გამოხატავს. Google-ის შემოთავაზებით ამ კონკრეტული საკითხის მოსაგვარებლად შეიძლება გამოიყოს საკონტაქტო პირი. ასევე საქართველოში ადგილობრივი დატაცენტრის გაკეთება იგეგმება. იქ განთავსდება რეგიონალური მასშტაბით ყველა ის მონაცემი, რომელიც ახლა Google-ის ცენტრალურ სერვერებზე ინახება.
იმედი ვიქონიოთ, უახლოეს მომავალში საქართველოშიც გამოჩნდება შენობა, რომლის ფასადზეც წითელ-ლურჯ-მწვანედ ეწერება Google.

კომენტარები