საკუთარი თავისთვის დასმული კითხვები...

დასრულდა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მორიგი ტური. ოქტომბრის მატჩებში საქართველოს ნაკრებმა 4 ქულა აიღო – მოიგო საშინაო მატჩი მალტასთან და ქულა წამოიღო ლატვიიდან. რაც მთავარია, გაგრძელდა თემურ ქეცბაიას გუნდის წაუგებელი სერია, რომელიც, ამხანაგური თამაშების ჩათვლით, უკვე 6 მატჩს შეადგენს.

ასეთი შედეგი ალბათ საქართველოს ნაკრების არც ერთ წინა დამრიგებელს არ ჰქონია... პრესა და ელექტრონული მედია ექსტაზშია, ქომაგებს კვლავ გაუჩნდათ რენესანსის იმედი და ყველაზე დიდი სკეპტიკოსებიც კი ვერ უარყოფენ, რომ ნაკრები აღარავისთან არ აგებს და შესაშური თანმიმდევრობით ზრდის ქულათა მარაგს...

ალბათ მეც უნდა მიხაროდეს, მით უმეტეს, რომ თემურ ქეცბაიას მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული სიყვარული და პატივისცემა გამაჩნდა, მის წარმატებებს საკუთარივით განვიცდიდი და დღესაც გამორჩეულად ვქომაგობ!

არადა, მომკალით და ვერაფრით ვახერხებ საერთო ეიფორიის გაზიარებას და ქართული ფეხბურთის ნათელი მომავლის განჭვრეტას.
ბევრი ფიქრის მერე გადავწყვიტე საკუთარი თავისთვის რამდენიმე კითხვა დამესვა და გულწრფელი პასუხებით გავრკვეულიყავი ჩემს გრძნობებში.
მაშ ასე, კითხვა პირველი და უმნიშვნელოვანესი: მომწონს თუ არა მთლიანობაში როგორ თამაშობს საქართველოს ნაკრები?

კატეგორიულად, არა! 6 მატჩში ვერც ერთი გააზრებული კომბინაცია, მაღალ ტემპში წარმოებული იერიში, დასამახსოვრებელი ტექნიკური ილეთი ან რაიმე სახის საფეხბურთო ნოვაცია ვერ ვნახე!

პირადად ჩემთვის ცალსახაა, რომ ასეთ სუსტ შესარჩევ ჯგუფში ჩვენი ნაკრები არასდროს არ მოხვედრილა. თუ ადრე თუნდაც წარუმატებელი მატჩების ყურებისას მეტოქის მაღალი საშემსრულებლო ოსტატობის დაფასება მაინც მიამებდა გულს, ახლა ამასაც მოკლებული ვარ. გადაბერებული საბერძნეთი, კრიზისში მყოფი ისრაელი, უნიჭო მალტა და ლატვია ვერაფრით ვერ გამოდგებიან ჩვენი შესაძლებლობების რეალურ საზომად!
ნუთუ საერთოდ არაფერი არ მომწონს?

არც მთლად ასეა საქმე. სასიამოვნოდ გამაკვირვა გოგიტა გოგუამ, რომელმაც უდავოდ დიდი პროგრესი განიცადა და გუნდის ლიდერად ყალიბდება. უხეშობასაც მოუკლო და მალე ალბათ შეუცვლელ ფიგურად იქცევა. სხვა საქმეა, რომ გოგუას გალიდერება სხვა ვარსკვლავთა ჩაქრობას ნიშნავს, თორემ, მისი შესაძლებლობების დაუკნინებლად, მაინც ფაქტია – როცა გოგუა ყველაზე გამორჩეული ფიგურაა, ე.ი. სერიოზულ კრიზისში ვართ!

როგორც იქნა, მოგვარდა მეკარის პრობლემა – ნუკრი რევიშვილმა 4 შესარჩევში მხოლოდ 2 გოლი გაუშვა. ასეთი შედეგი ბუფონსაც შეშურდება, მაგრამ მოდი ისიც ვთქვათ, რეალურად რამდენი მკვდარი ბურთის მოგერიება მოუწია ჩვენს კიპერს? მე ასეთს საერთოდ ვერ ვიხსენებ...

გამოდის, რომ დაცვა თამაშობს დამაჯერებლად! ...ვერც ამას ვიტყვი გადაჭრით. გაიხსენეთ, რამდენი მომენტი შეიქმნა ჩვენს კართან სექტემბერ-ოქტომბერში და თავად განსაჯეთ. ის, რომ მეტოქე ცარიელ კარს აცილებს, ჩვენს პლუსად ნამდვილად ვერ ჩაითვლება!

სამაგიეროდ, დათო სირაძემ დაიბრუნა სანაკრებო ბომბარდირის პოზიცია, რაც მართლაც გასახარელი ამბავია. ...ოღონდ, სხვა ფორვარდებს მოეშალათ მიზანი...

არის კი საერთოდ შესაძლებელი ამ კონტინგენტით უკეთესი ხარისხის ფეხბურთის ჩვენება?

სამწუხაროდ, არა. ქეცბაიამ გუნდს ბრძოლა ასწავლა და ეს უკვე მაქსიმუმია!

იქნებ არსებობს მომატების რესურსი?

მაპატიეთ, მაგრამ მე ვერც ასეთ რესურსს ვხედავ... ერთადერთი ნათელი წერტილი უნიჭიერესი ჯანო ანანიძეა, რომელიც ალბათ მართლა გახდება ევროპული მასშტაბის ვარსკვლავი. ლევან ყენია უკვე ერთი წელია იშუშებს იარებს და ჯერაც უცნობია როდის ჩადგება ფორმაში, ლევან მჭედლიძემ და მისმა მრჩევლებმა ყველაფერი გააკეთეს საიმისოდ, რომ მისი კარიერა დაემუხრუჭებიათ, ჭანტურია ჯერ ძალიან პატარაა, ყოველგვარი ლოგიკის საწინააღმდეგოდ ბარსელონადან წამოიყვანეს და თანაც პროფესიული კონტრაქტის პრობლემები აქვს...

აბა, რისი იმედი უნდა გვქონდეს?

მხოლოდ თემურ ქეცბაიას ჟინის და ...ყისმათის! ჯერჯერობით, ორივე გვიმართლებს...

კომენტარები