კონსტიტუცია

პარლამენტმა კონსტიტუცია დაამტკიცა

პარასკევს პარლამენტმა საბოლოოდ მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები. რეფორმის შედეგად ძლიერდება პრემიერი და პარლამენტი, პრეზიდენტის ფუნქციები კი საგრძნობლად მცირდება.
ვენეციის კომისია „დადებითად აფასებს ქვეყნის გადასვლას საპარლამენტო-საპრეზიდენტო მმართველობის ფორმაზე”, განაცხადა კომისიის გენერალურმა მდივანმა თომას მარკეტმა. მისი სიტყვებით, „საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომლის მიხედვითაც ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში პარლამენტის პოზიციები ძლიერდება, სრულად შეესაბამება ევროპულ ტრადიციას”.
ვენეციის კომისიის შეფასებით, „ძირითადი კანონის ასეთი ცვლილება წინ გადადგმული ნაბიჯია”, მაგრამ მაინც სასურველია პარლამენტის როლის შემდგომი გაძლიერება და პრეზიდენტის ფუნქციების კიდევ უფრო შემცირება.
ოქტომბრის დასაწყისში, ვაშინგტონში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის შეხვედრისას, სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა საკონსტიტუციო ცვლილებები “რეფორმების თვალსაზრისით დღეს საქართველოს წინაშე მდგარ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად” შეაფასა. მისი თქმით, რეფორმა შესაძლებლობას იძლევა გამყარდეს ის, რასაც ქართველები ვარდების რევოლუციის შემდეგ ქმნიდნენ.
პარლამენტის როლის გაძლიერება, იმ პირობებში, როცა საქართველოში პარტიული სისტემა ჯერ კიდევ განუვითარებელია, ზოგს სარისკოდ მიაჩნია. შიშობენ, რომ პრემიერისა და პრეზიდენტის დაპირისპირებამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ღრმა კრიზისი, რომელიც საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ პოლიტიკურ სტაბილურობას, არამედ თვით ქვეყნის სახელმწიფოებრიობას და სუვერენიტეტს.
მსგავსი მაგალითი უახლოეს წარსულში უკრაინაში ვიხილეთ. შერეული მოდელის პირობებში პრეზიდენტისა და პრემიერის დაპირისპირებამ იმდენად დაასუსტა უკრაინული სახელმწიფო, რომ ამან საშუალება მისცა რუსეთს, ყირიმში თავისი ბაზების ყოფნა კიდევ 25 წლით გაეხანგრძლივებინა. ცოტა ხნის წინ უკრაინამ უარი თქვა შერეულ მოდელზე და, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სუპერსაპრეზიდენტო მმართველობის ფორმას დაუბრუნდა.
ქართული ოპოზიციის ნაწილმა საკონსტიტუციო რეფორმა პუტინიზაციად მონათლა და შეფასებისათვის ვენეციის კომისიას მიმართა. კომისიამ განაცხადა, რომ მის კომპეტენციაში არ შედის ამ თემაზე სპეკულაციები. ამასთან, კომისიას გაუმართლებლად მიაჩნია ამ პროექტის უარყოფა, მხოლოდ იმ ბრალდების გამო, თითქოს ეს არის ძალაუფლების საკუთარ თავზე მორგების მცდელობა. აღსანიშნავია, რომ ვლადიმირ პუტინი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ პრემიერი ისე გახდა, კონსტიტუციაში არანაირი ცვლილება არ შეუტანია.
ახალი ქართული კონსტიტუცია სრულად 2013 წლისთვის, ახალი პრეზიდენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე ამოქმედდება, 2012 წელს არჩეულ ახალ პარლამენტს კი მთავრობისათვის ნდობის გამოცხადება მოუწევს.
საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ მთავრობა აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო ხდება. მისი ფორმირება პრეზიდენტიდან პარლამენტის ხელში გადადის. აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური პრეზიდენტის ნაცვლად პრემიერი ხდება.
ახალი კონსტიტუციით შემოდის კონსტრუქციული უნდობლობის ვოტუმის ინსტიტუტი – პარლამენტს უფლება აქვს, მთავრობას უნდობლობა გამოუცხადოს, თუ იმავდროულად დაასახელებს პრემიერის ალტერნატიულ კანდიდატურას. პრეზიდენტს შეუძლია, ვეტო დაადოს პარლამენტის შეთავაზებას. ამ ვეტოს გადასაფარად პარლამენტს უკვე შემადგენლობის არანაკლებ 3/5 სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეზიდენტს უფლება აქვს დაითხოვოს პარლამენტი და რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს.
ამ ცვლილებებზე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია დაახლოებით ერთ წელიწადს მუშაობდა. ოპოზიციის დიდმა ნაწილმა თავიდანვე უარი თქვა პროცესში მონაწილეობაზე. საკონსტიტუციო რეფორმის საზოგადოებრივი და საპარლამენტო განხილვის სტადიაზე, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე და ოპოზიციის ნაწილთან შეთანხმებით, პროექტში გარკვეული ცვლილებები შევიდა.
ასეთი იყო, მაგალითად, პრეზიდენტისთვის პარტიული თანამდებობის დაკავების აკრძალვა, ორგანული კანონის ინსტიტუტის შენარჩუნება. პრეზიდენტს ასევე ჩამოერთვა საკანონმდებლო ინიციატივისა და რეფერენდუმის საკუთარი ნებით დანიშვნის უფლებაც. პრემიერის გარეშე პრეზიდენტი ვეღარ შეძლებს აწარმოოს მოლაპარაკებები, ან დადოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, დანიშნოს უმაღლესი მხედართმთავრები.
ვენეციის კომისიას საერთაშორისო ასპარეზზე მთავრობისა და პრეზიდენტის ფუნქციების გამიჯვნა არასაკმარისად მიაჩნია და მათ შორის კონფლიქტის რისკებს ხედავს. თუმცა კომისიის განსაკუთრებულ კრიტიკას მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების მექანიზმი იწვევს. კომისია მიესალმა პარლამენტის მიერ ამ პროცედურის 20 დღით შემცირებას, მაგრამ ეს არასაკმარისად მიაჩნია.
კომისიის აზრით, უნდობლობის ვოტუმი კრიზისების გადაჭრის მარტივი და სწრაფი მექანიზმი უნდა იყოს, ქართული მოდელი კი ზედმეტად ხანგრძლივი და რთულია. ის ამცირებს არა მხოლოდ პარლამენტის უფლებამოსილებას, არამედ პრემიერის, როგორც ახალი სისტემის ქვაკუთხედის, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას.
უნდობლობის გამოცხადებას კონსტიტუციის ახალი რედაქციით 60 დღემდე სჭირდება, ხოლო 80-მდე, თუ პარლამენტის წამოყენებულ პრემიერის კანდიდატურას პრეზიდენტმა ვეტო დაადო. კომისიის ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტს ამ შემთხვევაში ვეტოს და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის უფლება არ უნდა ჰქონდეს.
ევროპელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფოს მეთაური, თავისი ახალი კონსტიტუციური როლიდან გამომდინარე, როგორც პოლიტიკურ ძალებს შორის ნეიტრალური არბიტრი და სახელმწიფო ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირების გარანტი, მხოლოდ მაშინ უნდა ჩაერიოს პოლიტიკურ პროცესში, როცა შექმნილია ვაკუუმი, პარლამენტი არ ენდობა მოქმედ მთავრობას, მაგრამ უუნაროა აირჩიოს ახალი.
თუ ასეთი პრობლემა არ არსებობს, და პარლამენტს ახალი მთავრობის ფორმირების უნარი შესწევს, ევროპელი ექსპერტების აზრით, ასეთ ვითარებაში პრეზიდენტის ჩარევა და კანდიდატურაზე ვეტო ან ვადამდელი არჩევნების დანიშვნა პოლიტიკურ კრიზისს განმუხტვის ნაცვლად უფრო აღრმავებს.
პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის სულ სხვა მოდელი მოქმედებს ტრადიციულ საპარლამენტო, ე.წ. ვესტმინსტერულ სისტემაში. ამ მოდელში პრემიერს ბევრად მეტი ბერკეტი აქვს კრიზისიდან თავის დასაღწევად. აქ პრემიერის ხელში მთავარი იარაღი ნებისმიერ დროს ვადამდელი არჩევნების დანიშვნის უფლებამოსილებაა. ეს პოლიტიკური ელიტის შიგნით უთანხმოების გადასაწყვეტად, რეფორმებისთვის ამომრჩევლისგან მანდატის განსაახლებლად, თუ სხვა მიზნით შეიძლება მოხდეს – თუნდაც იმიტომ, რომ მოცემულ დროს არჩევნები მმართველ პარტიას წარმატების მეტ შანსს აძლევს. ჩვენს მოდელში პრემიერს ამის შესაძლებლობა არ ექნება.
არსებობს კიდევ ერთი პრობლემა ჩვენს მოდელში – შეიძლება შეიქმნას ვითარება, როცა, ერთი მხრივ, მთავრობას არ ჰყავს საკმარისი მხარდაჭერა პარლამენტში, რათა მისი პოლიტიკის განხორციელებისათვის აუცილებელი კანონები მიიღოს. ხოლო მეორე მხრივ, არც ოპოზიციაა იმდენად ძლიერი, რომ კონსტრუქციული ვოტუმის გზით ახალი მთავრობის ფორმირება შეძლოს.
ბევრი ევროპული ქვეყნის, მაგალითად – ესპანეთის, საფრანგეთის, იტალიის მთავრობას გარკვეული სახის კანონების დეკრეტით მიღება შეუძლია. ეს ჩვენი მოდელით ასევე არ არის გათვალისწინებული. არადა, დეკრეტული კანონები თავიდან აგვაცილებდა მმართველობით ვაკუუმს.
დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველომ კონსტიტუციურ სტაბილურობას ვერ მიაღწია. ძირითადი კანონის ცალკეულ მუხლებში შეტანილი ათეულობით შესწორების გარდა, რამდენჯერმე შეიცვალა მმართველობითი მოდელი. თავიდან მთავარი პოლიტიკური ცენტრი პარლამენტში იყო, შემდეგ მან პრეზიდენტისკენ გადაინაცვლა. ახლა კვლავ პარლამენტი ძლიერდება.

 

კომენტარები