დიდი ძალების მეტოქეობა ჰიმალაებში იზრდება

სამხრეთ აზიაში რეგიონული მშვიდობის შენარჩუნება მეტწილად ორი გიგანტი ქვეყნის – ჩინეთისა და ინდოეთის პოლიტიკაზეა დამოკიდებული. ქვეყნების ინტერესი მათ შორის მოქცეული ღარიბი ქვეყნის – ნეპალის – შემთხვევაში ერთმანეთს ეჯახება. 1990 წლამდე ნეპალი მონარქიულ წყობას წარმოადგენდა. მაგრამ ხალხთა დიდი მოძრაობის გამო, მეფე გიანანდა იძულებული გახდა დათმობებზე წასულიყო. მან პოლიტიკური ცვლილებები განახორციელა. ქვეყნის პოლიტიკური წყობა შეიცვალა. ის კონსტიტუციურ მონარქიად იქცა, ქვეყნის სათავეში მეფითა და მთავრობის სათავეში – პრემიერ-მინისტრით. 1996 წლის თებერვლიდან ნეპალში კომუნისტური პარტია (მაოისტები) გაძლიერდა. შეიარაღებულ ამბოხებას მეფის წინააღმდეგ, ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და ათობით ათასი ადამიანი იძულებით გადაადგილდა. ქვეყნის სათავეში 2001 წელს, სამეფო ოჯახის წევრი გიანანდა მოვიდა. მან 2005 წელს პარლამენტის მუშაობა შეაჩერა და სამთავრობო კაბინეტი ჩამოაყალიბა. ნეპალში აიკრძალა ოპოზიციის მუშაობა. მოსახლეობა იზოლაციაში მოექცა. პარლამენტის კოალიციური ჯარები შეეწინააღმდეგნენ ამ თვითნებობას და 2006 წელს 239-წლოვანი მონარქია დაემხო. 2007 წლის დეკემბერში ქვეყანა ფედერალური რესპუბლიკა გახდა. მომდევნო წლის მაისში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებით ქვეყნის სათავეში მაოისტები მოვიდნენ.
არჩევნების შედეგები ქვეყანაზე გარე ძალების, კერძოდ, ჩინეთის წარმატებაზე მიუთითებდა. 2009 წლის მაისში კომპრომისული მთავრობა დაიშალა, ქვეყნის მაოისტი პრემიერ-მინისტრი პუშპა ქამალ დაჰალი გადადგა. მაოისტებმა დატოვეს მთავრობა. ამის მიზეზი ნეპალის პრეზიდენტის ქმედება იყო, რომელმაც თანამდებობაზე აღადგინა პრემიერ-მინისტრთან დაპირისპირებული გენერალი კატავალი. 2009 წლის 23 მაისს ახალი პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მადჰავ ქუმარ ნეპალმა დაიკავა. მაოისტებმა პრემიერ-მინისტრის არჩევნებში მონაწილეობაზე პრეტენზია განაცხადეს. მათი მებრძოლების გაერთიანების პროცესი მხოლოდ ახალი კონსტიტუციის შექმნის იმედით შეჩერდა. 2010 წლის ივნისში პრემიერმა ნეპალმა თანამდებობა დატოვა და კონსტიტუციის პროექტის დასრულების ბოლო ვადად 2011 წლის მაისი განსაზღვრა. შეთანხმებამ პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილება შეძლო.
ამჟამად ნეპალში არც რევოლუციაა და არც ანარქია, თუმცა პოლიტიკური მდგომარეობა საკმაოდ არეულია. ადვილი შესაძლებელია გარე ძალების გავლენის გავრცელება. ქვეყნის ყველაზე დიდი, მაოისტებად ცნობილი კომუნისტური პარტია არჩევნებს მოუთმენლად ელოდება. მას მეთაურობს ნეპალის ყოფილი პრემიერი პრაჩანდრა და აქვს ჩინეთის კეთილგანწყობა. მაოისტებს არჩევნებში კონკურენციას გაუწევს კიდევ ერთი დიდი კომუნისტური პარტია – გაერთიანებული მარქსისტ-ლენინისტები, რომლის გენერალური მდივანი აწგადამდგარი პრემიერ-მინისტრი მადჰავ ქუმარ ნეპალია. მადჰავი თანამდებობაზე ყოფნისას პროინდურ დამოკიდებულებას ამჟღავნებდა. არჩევნებში მონაწილეობის სურვილს სხვა პოლიტიკური პარტიებიც აცხადებენ. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი – ნეპალის კონგრესია. თუმცა მათი გამარჯვების შესაძლებლობა ამ ორ დიდ პარტიასთან შედარებით ნაკლებია.
სწორედ ამგვარ სიტუაციაში ორი მეზობელი – ინდოეთი და ჩინეთი ცდილობს, მათთვის სასურველი პარტიის კანდიდატმა გაიმარჯვოს პრემიერ-მინისტრის არჩევნებში. ამის მისაღწევად დასაშვებ თუ დაუშვებელ ხერხებსაც იყენებს. მაგალითად, ინდოეთის ელჩი რაკეშ სოდი მაოისტ ლიდერ – კრიშნა მაჰარასა და ჩინური აქცენტის მქონე უცნობ კაცს შორის სატელეფონო საუბარზე დაყრდნობით ირწმუნება, რომ კორუფციულ გარიგებას აქვს ადგილი. კერძოდ, ჩინეთის წარმომადგენელი 6 750 მილიონ დოლარის ოდენობის ქრთამს სთავაზობდა პარლამენტის წევრებს. სანაცვლოდ პრემიერ-მინისტრად მაოისტი ლიდერის არჩევას ითხოვდა. თუმცა ჩინეთის საელჩომ უარყო მონაწილეობა და ჩანაწერის უტყუარობა ვერ დადგინდა. ამ მხრივ არც ინდოეთი ჩამორჩება ჩინეთს. გასულ თვეს პრემიერ-მინისტრის არჩევნების შემდეგ, პარლამენტის წევრმა განაცხადა, რომ მისი ქალიშვილი დაკარგავს სტიპენდიას ინდოეთში, თუ ის ხმას მისცემს მაოისტ კანდიდატს. ქვეყნის ყველაზე დიდი გაზეთის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მას არ შეუძლია შეიძინოს გაზეთისათვის ქაღალდი ინდოეთიდან. მიუხედავად იმისა, რომ ინდოელები ბრალდებებს უარყოფენ, ყველა დარწმუნებულია, რომ მეზობელი ქვეყნის საშინაო პოლიტიკით ინდოეთი ძალიან არის დაინტერესებული.

კომენტარები