მწვადი და სიგარეტი

საქართველო, მგონი, ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, სადაც შიდა საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მატჩების ტელეტრანსლირება არ ხდება. ეს ამბავი კიდევ გასაგები და მისაღები იქნებოდა, ჩვენ რომ კერლინგის, ჭოკით ხტომის ან სამანეჟო სვლის ქვეყანა ვიყოთ და ხმამაღლა გავიძახოდეთ, რა საზიზღრობაა ეს ფეხბურთი, რა მოსწონთ იმაში, რომ ამდენი ხალხი ერთ ბურთს დასდევსო. მაგრამ არა. ჩვენ სრულიად საწინააღმდეგო რაღაცებს გავიძახით. და ამ შეძახილების რეზიუმე ასეთია – დედამიწაზე სულ რამდენიმე ქვეყანაა ისეთი საფეხბურთო, როგორიც საქართველო! ბრაზილია, არგენტინა, იტალია, ინგლისი და ჰა-ჰა, გერმანია.

ვიღაც იტყვის, საქართველოს ჩემპიონატი რა საყურებელიაო და ერთი მხრივ, მართალიც იქნება. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში სულ რამდენიმე მოკლე მონაკვეთი იყო, როცა ტელევიზორში აბორიგენული ფეხბურთის ნახვა შეიძლებოდა და რას ვხედავდით? მინდვრებს, სადაც თავმოყვარე ძროხა, სადილობაზე რომ არაფერი ვთქვათ, სასეირნოდაც არ შევა, ცარიელ ტრიბუნებს, სადაც სულ რამდენიმე ნასვამი კაცი იჯდა და ან ჩხუბობდა და ან იგინებოდა, დამფრთხალ, არაბუნებრივად გამხდარ მსაჯებს, რომლებიც თამაშს კი არა, იმას აკონტროლებდნენ, ვინმეს არ გაელახათ. ვხედავდით, როგორ იწვებოდა კარს უკან მწვადი (მართლა) და იფინებოდა სარეცხი, როგორ თამაშობდნენ ბავშვები ხეზე ჩიტს და დაცოცავდნენ ძელებზე თამაშის დროს, როგორ გამოვიდა ერთ-ერთი გუნდის პრეზიდენტი და პირდაპირ ეთერში თქვა, რა უბედურებაა, ფულს არ გვირიცხავენ, ბიჭები სიგარეტს ვერ ყიდულობენო. ბოლო-ბოლო, ვხედავდით იმას, თუ როგორ არ უნდა ითამაშო ფეხბურთი.

ჩვენ ამას ვხედავდით, მაგრამ ვერ ვაანალიზებდით თუნდაც იმიტომ, რომ არც სატელევიზიო საფეხბურთო მიმოხილვების ტრადიცია და კულტურა გვაქვს. ორი წლის წინ ცოტა გავიფართხალეთ და საქმეც თითქოს დაიძრა, მაგრამ მხოლოდ თითქოს – დღეს კვლავ უკუნეთი სიბნელეა. ეგრეთ წოდებულ საფეხბურთო ქვეყანაში მცხოვრები სამი მილიონი ქართველიდან მაქსიმუმ ორმოცდაათმა კაცმა იცის, რა ხდება და როგორ ეროვნულ ჩემპიონატში, რამდენი და რომელი გუნდები მონაწილეობენ, ვინ რომელ ადგილზეა, ვინ თამაშობს კარგად და ვინ – ცუდად. ეს სირცხვილია? არა, ეს არის ონანიზმი.

ზემოთ ვთქვით, რომ ბევრის აზრით ამ ტურნირის არგაშუქება ნაწილობრივ გამართლებულია მისი კურიოზული ხარისხიდან გამომდინარე. მაგრამ ეს პრობლემის მიფუჩეჩებას, ანუ საქმის ქართულად კეთებას ჰგავს. ფაქტი კი ისაა, რომ სანამ საქართველოს ჩემპიონატის მატჩების ტრანსლირება და ტურის ბოლოს მათი ანალიზი არ დაიწყება (თან მაღალ დონეზე და არა ისე, როგორც იყო), ანუ სანამ ვერ დავინახავთ, რა პრობლემები გვაქვს, მანამდე მოედნებზე მადისაღმძვრელი, მაგრამ სრულიად არაადეკვატური მწვადის სურნელი იტრიალებს და ბიჭებიც სიგარეტს ვერ იყიდიან. მწვადი და სიგარეტი იქით იყოს, ნაკრები განადგურდება ფიზიკურად.

სხვა თუ არაფერი, როდესაც ფეხბურთელმა იცის, რომ ტრიბუნებზე მთვლემარე ოცი კაცი კი არა, ნახევარი საქართველო უყურებს, უყურებს მეგობარი, ნათესავი, ოჯახის წევრი, მეზობელი და საყვარელი, ის უფრო მოინდომებს. როცა ერთი მოინდომებს, მოინდომებს მეორეც და გაჩნდება კონკურენცია, რომელიც შექმნის სანახაობას. ანუ ხალხი ტელევიზიამ უნდა მიიყვანოს სტადიონზე. ეს უალტერნატივო ამბავია.
გვანახეთ ფეხბურთი. უვარგისი, მაგრამ ჩვენი ფეხბურთი.

კომენტარები