ენერგოკრიზისის არტი: პირველი ნაწილი

დღეს თბილისის ყველაზე კომერციული, პრესტიჟული და აქტიური ადგილი 90-იანებში ასე გამოიყურებოდა და ის პირველად სწორედ მხატვრებმა აითვისეს. “ძველმა გალერეამ” კი ამ ტერიტორიაზე გარე-კაფეებისა და არტ-ისტული წრეების თავშეყრის პირველი პრეცედენტი შექმნა.

წინასიტყვაობა

პროექტი განხორციელებულია ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს მხარდაჭერით

პროექტის ავტორი თეონა ჯაფარიძე

არა, ეს ის ქრონიკები ნამდვილად არ არის, ენდი უორჰოლი 60-იანებში რომ იღებდა ლეგენდარულ “ფაბრიკაში” ლექსინგთონ ავენიუზე, ბროდვეისა თუ მედისონ ავენიუზე, სადაც თავის ეპოქასა და ამ ეპოქაში შექმნილ არტსა თუ არტისტებს ფირზე აღბეჭდავდა.

თუმცა ეპატაჟურობის მხრივ 90-იანი წლების თბილისური არტქრონიკა საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება. აბა, მეტი რაღა დარჩენოდათ სამოქალაქო ომებისა და ენერგოკრიზისის წყვდიადში ჩარჩენილ მხატვრებს - უნდა გამოსულიყვნენ ქუჩებში, აეთვისებინათ საზოგადოებრივი სივრცეები, დაენგრიათ დადგენილი სტანდარტები, გადაელახათ საზღვრები და ფართოდ გაეღოთ კარი დასავლეთისთვის. ყოველივე ეს პოსტსაბჭოთა პერიოდში მათი მისია იყო.

ვიდეოარქივს, რომელიც პირობითად 90-იანი წლების არტქრონიკას წარმოადგენს, “ენერგოკრიზისის არტი” დავარქვით. ფაქტობრივად, ის “მაკულატურაა”, ნარჩენებია მაშინდელი ყოველდღიური სატელევიზიო “ნიუსებისა”, სადაც მძიმე პოლიტიკურ-ეკონომიკურ და სოციალურ ფონზე, ფრაგმენტულად, მხატვართა გარკვეული ჯგუფის მძაფრი პროტესტი გაიელვებდა ხოლმე.

ვიდეოარქივი მოიცავს პერიოდს 1994-2001წწ. და მასში ფრაგმენტულად დაფიქსირებულია ის არტაქციები, კონცეპტუალური გამოფენები, საზოგადოებრივი სივრცეების ათვისება არტისტებისაგან, პერფორმანსები, მუსიკალური ექსპერიმენტები თუ ის პირველი კონტაქტები დასავლელ არტისტებთან, რომელიც მთლიანობაში თანამედროვე ქართული ხელოვნების ისტორიის პირველ წლებსა და მაშინდელ დოკუმენტურ სურათს აღადგენს. მაგალითისთვის ავიღოთ ქართველ და ბრისტოლელ მხატვართა პირველი ერთობლივი, მასშტაბური გამოფენა თბილისში (“აბრეშუმის გზა”1994წ.), ან თუნდაც კადრები ნონკონფორმისტი არტისტისა და კინორეჟისორის - ტატო კოტეტიშვილის გადასაღები მოედნიდან და ა. შ.. არქივში შემავალი ასეთი მასალები აღადგენენ 90-იანების არტპროცესებსა და პროექტის მიზანიც სწორედ ამ დოკუმენტური სურათის აღდგენა და მისი საჯარო ხელმისაწვდომობაა.

არტქრონიკების ფირზე ძირითადად მხატვართა ერთი ჯგუფი ფიგურირებს მათი აქტივობებიდან გამომდინარე. მათ ხელოვნების ისტორიკოსები ხან “მე-10 სართულის”, ხანაც “მარჯანიშვილის” სახელწოდებით მოიხსენიებენ.

ბევრისთვის ცნობილია, რომ ამ ჯგუფის ისტორია 80-იანი წლებიდან - “პერესტროიკის” პერიოდში იწყება და სამხატვრო აკადემიის მე-10 სართულს უკავშირდება, სადაც მხატვარ მამუკა ცეცხლაძის სახელოსნო იყო განთავსებული. მამუკა და ნიკო ცეცხლაძეებს, კარლო კაჭარავას, ოლეგ ტიმჩენკოს, მამუკა ჯაფარიძეს, გოგა მაღლაკელიძეს, მოგვიანებით, მარჯანიშვილის თეატრის სადეკორაციო სახელოსნოში კოკა რამიშვილი, ილიკო ზაუტაშვილი, ლუკა ლასარეიშვილი, გია ეძგვერაძე, გია როგავა, ლია შველიძე, ნიკო ლომაშვილი, გურამ წიბახაშვილი და სხვები უერთდებიან. იწყება ექსპერიმენტების, არაფორმალური გამოფენების, ახალი მასალებისა და გამოსახვის ახალი საშუალებების ეპოქა ქართულ ხელოვნებაში, რასაც პირველი კონტაქტები მოჰყვა დასავლეთიდან. (მაგ. მათი ერთ-ერთი პირველი ერთობლივი გამოფენა აღმოსავლეთ ბერლინში 1987 წ.-ს, რომელსაც დასავლეთ ბერლინიდან მხატვრები და მუსიკოსები დაესწრნენ... ამ გამოფენას კიდევ მრავალი მოჰყვა დასავლურ საგამოფენო სივრცეში.)

…ეს მოკლე ისტორიული ექსკურსი იყო 80-იანებში, რომელიც წინ უსწრებდა “ენერგოკრიზისის” ეპოქას.

არქივი, ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს მხარდაჭერით, ციფრულ მატარებელზე იქნა გადატანილი და ახლა მის ფრაგმენტებს დროდადრო ტაბულას ვებგვერდზე შემოგთავაზებთ.

კომენტარები