სერბეთი – უკან დახევა ევროპისკენ

სერბეთი კოსოვოსთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის, მაგრამ მის დამოუკიდებლობას არასდროს აღიარებს. ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა ბორის ტადიჩმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას განაცხადა. მანამდე კი ბელგრადმა გენერალურ ასამბლეაზე კოსოვოს თაობაზე კომპრომისულ რეზოლუციას დაუჭირა მხარი. ეს გადაწყვეტილება მის პოლიტიკაში რადიკალურ შემობრუნებად შეაფასეს. ფაქტობრივად, ბელგრადი კოსოვოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ საერთაშორისო ინსტანციებში ბრძოლაზე უარს აცხადებს. კოსოვოს მიმართ ხისტი პოზიცია ამ ქვეყანამ ევროპაში ინტეგრაციის პერსპექტივაზე გაცვალა.
ბორის ტადიჩმა 25 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან მსოფლიოს კოსოვოს არაღიარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. “ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაეროს იმ წევრებმა, რომლებსაც კოსოვოს დამოუკიდებლობა არ უღიარებიათ, ეს პოლიტიკა კვლავაც გააგრძელონ ჩვენი (ბელგრადისა და პრიშტინას) დიალოგის განმავლობაში”, – აღნიშნა ტადიჩმა.
პოლიტიკოსის განმარტებით, ეს მნიშვნელოვანია, რათა: “ეთნიკური და ტერიტორიული დავების ცალმხრივი გადაწყვეტის მცდელობები არ დაკანონდეს და კოსოვო საშიშ და სტაბილურობისთვის საფრთხის მომტან პრეცედენტად არ იქცეს”. ამავე დროს, ტადიჩის განცხადებით, ბელგრადი მზადაა პრიშტინასთან მოლაპარაკებების მაგიდას პირველად მიუჯდეს და დიალოგი “კეთილსინდისიერად” წარმართოს.
პრეზიდენტმა ევროკავშირს 9 სექტემბერს გენერალურ ასამბლეაზე მიღებული რეზოლუციის შემუშავებაში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. ამ დოკუმენტმა ბელგრადი-პრიშტინას მოლაპარაკებებს გზა გაუხსნა. ევროკავშირის ძალისხმევით ბელგრადის თავდაპირველი პროექტიდან ხისტი ფორმულირებები კოსოვოს დამოუკიდებლობის უკანონობის შესახებ ამოიღეს. სამაგიეროდ, ყოფილ პროვინციასთან დიალოგის დაწყებისათვის სერბეთმა მზადყოფნა გამოთქვა.
ივლისში ჰააგაში გაეროს საერთაშორისო სასამართლომ სერბეთის მიერ შეტანილ სარჩელზე ვერდიქტი გამოიტანა. ამით კოსოვოს დამოუკიდებლობის დეკლარაცია ლეგიტიმურად ცნო. ბელგრადი კოსოვოს დამოუკიდებლობასთან ბრძოლის ფრონტის გადატანას სწორედ გაეროში გეგმავდა. სერბეთმა გენერალურ ასამბლეაზე გამოსატანად რეზოლუციის საკუთარი პროექტიც მოამზადა. ასამბლეის სხდომამდე ამ პროექტის შეცვლაში მთელი ევროპული დიპლომატია ჩაერთო. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა განცხადება გააკეთა. მისი თქმით, სერბები კოსოვოსთან თანამშრომლობაზე უარის თქმით ევროკავშირში გაწევრიანების შანსებს საფრთხეში აგდებენ. პოზიციის შეცვლის შემთხვევაში კი ლონდონი ბელგრადის ევროინტეგრაციას აქტიურ მხარდაჭერას აღუთქვამდა. ამ მოწოდებას სერბეთში ვიზიტით ჩასული გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელიც შეუერთდა.
საბოლოო გადაწყვეტილება გაეროში განხილვის წინა დღეს, 8 სექტემბერს მიიღეს. სერბეთის პრეზიდენტ ტადიჩისა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს ქეთრინ ეშტონს შორის ხანგრძლივი, დაძაბული მოლაპარაკება გაიმართა. დოკუმენტი გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 9 სექტემბერს, 192 ხმით ერთხმად დაამტკიცა. მას ევროკავშირის ყველა წევრმა დაუჭირა მხარი. მათ შორის იმათაც, ვინც კოსოვოს დამოუკიდებლობას დღემდე არ ცნობს – საბერძნეთმა, კვიპროსმა, ესპანეთმა და სლოვაკეთმა.
რეზოლუციას ხმა რუსეთმაც მისცა. მოსკოვი საერთაშორისო ასპარეზზე კოსოვოს საკითხში სერბეთის პოზიციის მთავარ მხარდამჭერად მიიჩნევა. სერბეთის პოზიციის მოულოდნელმა შერბილებამ ფაქტობრივად განაიარაღა რუსული დიპლომატია. კრემლი იძულებული გახდა ევროკავშირისა და სერბეთის საერთო გადაწყვეტილებას შეერთებოდა.
დასავლური მედიისა და ანალიტიკოსების აზრით, ბელგრადმა ევროპის ძლიერი ზეწოლის შედეგად უკან დაიხია. 70 ქვეყნის მიერ აღიარებული კოსოვოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ საერთაშორისო ინსტანციებში ბრძოლა ოფიციალური დღის წესრიგიდან მოიხსნა. სამაგიეროდ, სერბეთმა ევროკავშირში სწრაფი ინტეგრაციის პირობა მიიღო. არსებობს ეჭვი იმის თაობაზე, თუ რამდენად სწრაფად შესრულდება ეს პირობა. შეძლებს თუ არა ბორის ტადიჩი, სერბეთის საზოგადოებას მის მიერ მიღებული მძიმე გადაწყვეტილების დადებითი შედეგები დროულად წარუდგინოს.
ევროკავშირთან შეთანხმებამ სერბული ოპოზიციის ნაწილის მწვავე რეაქცია გამოიწვია. ქვეყნის უდიდესი ოპოზიციური ძალა – მოწინავე პარტია აცხადებს, რომ მთავრობის გადადგომისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის იბრძოლებს. პარტიის ლიდერმა ტომისლავ ნიკოლიჩმა გაეროში მიღებულ დოკუმენტს “სტერილური და უკბილო” უწოდა. მისი სიტყვით, ამას „კოსოვოელი ალბანელებიც მისცემდნენ ხმას”.
დოკუმენტი ქვეყნის ყოფილმა პრემიერმა ვოისლავ კოშტუნიცამაც უარყოფითად შეაფასა. მისი თქმით, რეზოლუცია “სამარცხვინო დოკუმენტია, რომელმაც სერბეთს უდიდესი ზიანი მიაყენა”. ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლება “დამოუკიდებელი კოსოვოს შექმნის ფარული მომხრეა”, – განაცხადა კოშტუნიცამ.
ოპოზიციური განახლების მოძრაობის ლიდერმა, ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ვუკ დრაშკოვიჩმა განსხვავებული პოზიცია გამოთქვა. მისი აზრით, ტადიჩის ხელისუფლების გადაწყვეტილებას სერბეთის თითოეული მოქალაქე უნდა მიესალმოს.
არაერთგვაროვნად აფასებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას სერბი ანალიტიკოსებიც. ბალკანეთის დემოკრატიის ფონდის დირექტორმა ივან ვეივოდამ რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამ ნაბიჯს ისტორიული შემობრუნება და არარეალურ პოლიტიკაზე უარის თქმა უწოდა. თავის მხრივ, გაზეთ პოლიტიკის მიმომხილველი ბოშკო იაკშიჩი ვარაუდობს, რომ ბელგრადის გაუწონასწორებელ პოლიტიკასა და მერყევ პოზიციას ახლო მომავალში კოსოვოს დამოუკიდებლობის ცნობის ახალი ტალღა მოჰყვება.
ბელგრადში ვარაუდობენ, რომ კოსოვოსთან მოლაპარაკებები წლის მიწურულამდე დაიწყება. სერბეთში იმის მოლოდინიც გაჩნდა, რომ ამ პერიოდში ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების კონკრეტულ პირობას და გარანტიებს მიიღებს.
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე კოსოვოს საკითხის განხილვისას აშშ-ის წარმომადგენელმა საკუთარი პოზიცია კიდევ ერთხელ გამოთქვა. ვაშინგტონის განცხადებით, ეს შემთხვევა უნიკალურია და სხვა სახელმწიფოებისთვის პრეცედენტი ვერ გახდება “განსაკუთრებული წინაპირობების გამო”.
ეს სიტყვები პირველ რიგში რუსეთის გასაგონად ითქვა. მოსკოვი ჯერ კიდევ კოსოვის დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე საუბრობდა პრეცედენტზე საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან დაკავშირებით. თუმცა, მოსკოვის არგუმენტები დასავლეთისთვის სარწმუნო არც 2008 წლის აგვისტოს ომამდე და არც კრემლის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის “დამოუკიდებლობის” ცნობის შემდეგ აღმოჩნდა.
კოსოვოს დამოუკიდებლობის დეკლარაცია, რომლის ლეგიტიმურობა გაეროს სასამართლომაც ცნო, მოსახლეობის ნებაზე იყო დაფუძნებული. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან კი, დღეისთვის, ომამდელი მოსახლეობის თითქმის 80% გამოდევნილია. გარდა ამისა, კოსოვოს შემთხვევაში ეთნიკური წმენდის მსხვერპლნი ალბანელები იყვნენ. ისინი დამოუკიდებლობისკენ ისწრაფვოდნენ. საქართველოში კი ეთნიკური წმენდა რუსეთმა და მისმა მარიონეტებმა მოაწყვეს. როგორც კოსოვოს, ასევე საქართველოს შემთხვევაში დამნაშავეები რუსეთის მხარდაჭერით სარგებლობდნენ. როგორც კოსოვოს, ისე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში კრემლი კონფლიქტის ინტერნაციონალიზაციას ეწინააღმდეგებოდა. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საკუთარ პასპორტებს არიგებდა და საბოლოოდ ეს რეგიონები ფაქტობრივად დაიპყრო. ასეთი რამ კოსოვოში არც აშშ-ს და არც ნატოს ქვეყნებს გაუკეთებიათ.
თუ მოსკოვს კავკასიაში კოსოვოს ანალოგის მოძიება სურს, ეს პირველ რიგში ჩეჩნეთია. მის მიმართ კრემლმა იგივე პოლიტიკა განახორციელა, რაც თავის დროზე მილოშევიჩის რეჟიმმა კოსოვოს წინააღმდეგ.
ბალკანეთში რუსეთის პოლიტიკამ ვერ გაჭრა. ბელგრადისა და ბრიუსელის შეთანხმებამ ნათელი გახადა, რომ მოსკოვს რეალური გავლენა კოსოვოს საკითხების გადაწყვეტაში ფაქტობრივად აღარ აქვს. ევროკავშირის პოზიციის კონსოლიდირებამ სერბეთი აიძულა კოსოვოს სტატუსის საკითხი დღის წესრიგიდან მოეხსნა.  

კომენტარები