მზის სისტემა ერთადერთი არ არის

ახლახან მეცნიერებმა მზის სისტემის მსგავსი სისტემა აღმოაჩინეს, რომელიც შვიდი პლანეტისგან შედგება. მზის „ოჯახი” უკვე არ არის ერთადერთი – ის, რაც თხუთმეტიოდე წლის წინ მხოლოდ ვარაუდი ან ფანტაზიის ნაყოფი იყო, დღეს უკვე მეცნიერულად დადასტურებული ფაქტია.

ჟურნალ ტაბულას მე-6 ნომერში, სტატიაში – „ეგზოპლანეტები: ნაბიჯი ახალი სიცოცხლის აღმოჩენისაკენ”, სხვა ვარსკვლავების გარშემო არსებული პლანეტების – ეგზოპლანეტების შესახებ ვსაუბრობდით. დღეისათვის აღმოჩენილია 490 პლანეტა 412 ვარსკვლავის გარშემო და ეს მონაცემები თითქმის ყოველდღიურად იცვლება. უახლეს ინფორმაციას ეგზოპლანეტების აღმოჩენების შესახებ გაეცნობით NASA-ს ვებ-გვერდზე: http://planetquest.jpl.nasa.gov/.

ორიოდ კვირის წინ კი ერთ-ერთი ვარსკვლავის (HD 10180) მახლობლად აღმოაჩინეს შვიდი პლანეტა, მათგან ერთი – დედამიწის სიდიდის. დღესდღეობით ეს არის ყველაზე მდიდარი ეგზოპლანეტური „ოჯახი”.

აღსანიშნავია, რომ HD 10180 მზის მსგავსი მნათობია (ვარსკვლავების სხვადასხვა ტიპი არსებობს). სიცოცხლის ძიებას მეცნიერები პირველ რიგში სწორედ ასეთი ვარსკვლავების გარშემო ცდილობენ, რადგანაც სიცოცხლის არსებობისათვის სხვებთან შედარებით სტაბილური პირობებია.

HD 10180 მდებარეობს ჰიდრას თანავარსკვლავედში, ჩვენგან 127 სინათლის წლის მანძილზე. ის შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს, თუმცა მცირე ზომის ტელესკოპით უკვე შესაძლებელია მისი დანახვა. მის ირგვლივ მოძრავ პლანეტებს ყველაზე დიდი ტელესკოპითაც ვერ შეამჩნევთ. მათი არსებობის შესახებ ჩვენ მათი მიზიდულობის ძალის მიხედვით ან სხვა მეთოდებით შეგვიძლია შევიტყოთ. ეგზოპლანეტების დანახვა ძალზე ძნელია. უახლოესი ვარსკვლავის – პროქსიმა ცენტავრის – გარშემო რომ არსებულიყო პლანეტა, ის პლუტონზე 7000-ჯერ უფრო შორს იქნებოდა და მისი დანახვა ისევე რთული იქნებოდა, როგორც თბილისიდან ლისაბონში (დაახლოებით 4500 კმ-ზე) ნათურასთან მოფარფატე პეპლის შემჩნევა. მიუხედავად ამისა, ასტრონომებმა შეძლეს რამდენიმე ეგზოპლანეტის ვიზუალური გამოსახულების მიღება.

ექვსი წლის განმავლობაში HD 10180-ს 3.6-მეტრიანი ტელესკოპის საშუალებით აკვირდებოდნენ. მოწყობილობა დგას ჩილეში, ლა სილას მთაზე, 2400 მეტრ სიმაღლეზე ზღვის დონიდან. ტელესკოპზე მიმაგრებული იყო მაღალი მგრძნობიარობის და სიზუსტის ხელსაწყო – ინტერფერომეტრი. ამ დაკვირვებებმა აჩვენა, რომ HD 10180-ის „ოჯახი” განსხვავდება მზის სისტემისაგან. ხუთი პლანეტა დაახლოებით ნეპტუნისხელაა (დედამიწის მასაზე 15-25-ჯერ მეტი), ერთი – სატურნისხელა (95-ჯერ დიდი) და ერთი – დედამიწისხელა. ეს ციური სხეულები ძირითადად ქვისა და ყინულისგან შედგება და სავარაუდოდ წყალბადისა და ჰელიუმის ატმოსფეროებით არიან გარემოცული. ამიტომაც, საეჭვოა მათზე იყოს სიცოცხლე ჩვენთვის ცნობილი იმ ფორმით, რომლისთვისაც აუცილებელია ჟანგბადის და წყლის არსებობა.

ყველაზე განსაკუთრებული ამ სისტემაში არის ის, რომ ერთ-ერთი სხეული – HD 10180 b – დაახლოებით დედამიწის მასისაა, უფრო ზუსტად, მასზე 1.4-ჯერ დიდი. ეს არის ყველაზე მცირე მასის ეგზოპლანეტა, რომელსაც აქამდე დაკვირვებიან. HD 10180 b ძალზე ახლოსაა თავის მზესთან და მის გარშემო ერთ ბრუნს აკეთებს ერთი დღის განმავლობაში (რაც უფრო ახლოა პლანეტა ვარსკვლავთან, მით უფრო სწრაფად ბრუნავს). შედარებისთვის, ჩვენს სისტემაში მზესთან ყველაზე ახლო მყოფი პლანეტა მერკური ერთ ბრუნს 88 დღე უნდება. ასეთი სიახლოვე ცხელ მნათობთან არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ HD 10180 b-ზე სიცოცხლე ვივარაუდოთ, რადგან ამ შემთხვევაში მასზე წყალი თხევად მდგომარეობაში ვერ იარსებებს.
ჯერჯერობით ძალზე ცოტა რამ ვიცით პლანეტური სისტემების შესახებ. თუმცა უკვე არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ ვარსკვლავების უმრავლესობას საკუთარი „ოჯახი” ჰყავს. ჩვენს გალაქტიკაში არის 300 მილიარდი ვარსკვლავი, სამყაროში დაახლოებით ას მილიარდამდე გალაქტიკაა. ესე იგი, სულ 30 ათასი მილიარდი ვარსკვლავია, რომელთა დიდი ნაწილი მზის მსგავსია. ამიტომაც, საფუძველს მოკლებული არაა ვარაუდი იმის შესახებ, რომ სიცოცხლე დედამიწის გარდა სხვაგანაცაა შესაძლებელი.

NASA-ს ხელოვნური თანამგზავრები – ჰაბლის ტელესკოპი, Kepler, SIM PlanetQuest, Terrestrial Planet Finder, დედამიწაზე მყოფ დიდ ტელესკოპებთან ერთად განაგრძობენ ეგზოპლანეტური სისტემების ძიებას. მომავალში შესაძლებელი იქნება უმცირესი პლანეტების აღმოჩენა და მათი ატმოსფეროების შესწავლა, რაც საშუალებას მოგვცემს დავადგინოთ, არის თუ არა მათში ჟანგბადი და წყალი.

ამ შემთხვევაში შეიძლება საქმე გვქონდეს ისეთი რიგის აღმოჩენებთან, რომელთაც მსოფლმხედველობაში კოპერნიკისეული გადატრიალების ტოლფასი რევოლუციის მოხდენა შეუძლია. კოპერნიკმა დედამიწა „გადაანაცვლა” სამყაროს ცენტრიდან და სხვა პლანეტების გვერდით დააყენა. დადგინდა, რომ არც მზეა ქვეყნიერების ცენტრი – ის ირმის ნახტომის პერიფერიაზე იმყოფება, ჩვენი გალაქტიკის ცენტრში კი მოთავსებულია უზარმაზარი შავი ხვრელი (ეს შედარებით ახლო წარსულში გახდა ცნობილი). შემდგომ აღმოჩნდა, რომ არც ჩვენი გალაქტიკაა ერთადერთი – ის ერთ-ერთი ჩვეულებრივი ვარსკვლავთა სისტემაა ასობით მილიარდ გალაქტიკას შორის. დღეს ირკვევა, რომ პლანეტური სისტემებიც მრავლადაა.

იმას, რასაც ძველ ბერძენ ფილოსოფოსებს, ჯორდანო ბრუნოსა და სხვა მოაზროვნეებს ინტუიცია კარნახობდა და რაზეც საუკუნეების განმავლობაში მხოლოდ სპეკულაციები შეიძლებოდა, დღეს უკვე მეცნიერულად იკვლევენ. მომავალი გვიჩვენებს, გამართლდება თუ არა მათი წინასწარმეტყველებები სიცოცხლის შესახებ და ოდესმე ვინმე ტაბულას რომელიმე ნომერში დაწერს თუ არა სტატიას სახელწოდებით: „დედამიწაზე სიცოცხლე სამყაროში ერთადერთი არ არის”.

კომენტარები