სამართლიანი ძალა

წინათ
1889 წლის 25 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მომცრო სტატია - „ევროპის მილიტარობა და ამერიკის მერმისი”. ეს ის დრო იყო, როდესაც ნაპოლეონის ომების შემდეგ ევროპაში დამკვიდრებული მშვიდობიანობის პერიოდი თანდათან სულს ღაფავდა, სამრეწველო რევოლუცია თავის პიკს უახლოვდებოდა, გამალებული შეიარაღება და დიდი საზღვაო ძლევამოსილების შექმნა კი იმდროინდელი იმპერიების მთავარი გატაცება იყო.
ილია ჩიოდა: „მთელი ევროპა მუდამ იმასა ცდილობს, რომ საომრად მოემზადოს. ამ განზრახვით ევროპის სახელმწიფონი არავითარს ხარჯსა და საშუალებას არა ჰზოგავენ მხოლოდ იმიტომ, რომ აუარებელი ჯარი იყოლიონ... დღეს ევროპის სახელმწიფონი თოფ-იარაღში სხედან და მზად არიან, ერთმანეთი სისხლის მორევში დაახჩონ”. ჯარებისა და თოფ-იარაღის მატება და სამხედრო ხარჯების ზრდა ილიას, მონტესკიეს მსგავსად, გაღატაკების მთავარ მიზეზად მიაჩნდა.

„ევროპის ამგვარს ყოფა-მდგომარეობას ერის გაღარიბება, გაღატაკება მოსდევს, - ამტკიცებდა ილია ჭავჭავაძე, - ამჟამად ევროპას თექვსმეტ მილიონამდე ჯარისკაცი ჰყავს. ამ მოკლე ხანში ოც მილიონამდე შეისრულებს”. შემდეგ ილიას მოჰყავს სტატისტიკური მონაცემები საფრანგეთის, ბრიტანეთის იმპერიისა და გერმანიის მიერ გაღებული სამხედრო დანახარჯების შესახებ და მათ ამერიკის შეერთებული შტატების მონაცემებს უდარებს. „ამ შტატებს ჰყავს მხოლოდ 27.000 ჯარისკაცი. ამ მცირე ჯარის შესანახად თითო მკვიდრი წელიწადში იხდის 4 ½ ფრანკს”.

ეს მაჩვენებელი მართლაც უკიდურესად მცირე იყო საფრანგეთის (24 ფრანკი), დიდი ბრიტანეთისა (21 ფრანკი) და გერმანიის (12 ½ ფრანკი) სამხედრო ხარჯებთან შედარებით და თავისუფალი ვაჭრობისა და ეკონომიკური ლიბერალიზმის გულმხურვალე მომხრე, ილია ჭავჭავაძე, საქებარ სიტყვებს არ იშურებდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო კურსის მიმართ.

„როგორც ჰხედავთ, ამერიკის მხედრობა ბევრად ჩამორჩება ევროპისას, - ამბობდა ილია, - სამაგიეროდ, ერის სიმდიდრე და კეთილდღეობა ამერიკის შტატებისა იმდენად სჯობნის ევროპისას, რომ ვაჭრობასა და მრეწველობაში შტატები ყოველისფრით წარმატებულნი არიან ევროპაზე და თანდათან იმორჩილებენ ევროპას”.

ამავე სტატიაში ილია ჭავჭავაძე შეერთებული შტატების მიერ ევროპის ეკონომიკურ დამორჩილებასა და ევროპის გაკოტრებას წინასწარმეტყველებდა და მიუთითებდა იმ ხიფათზე, „ერთა შორის დაუნდობლობა და მძულვარება” რომ უქადდა ევროპას. ასეთი მტრობის ფონზე კი შეერთებული შტატების მეცადინეობა, რომ დასავლეთ ნახევარსფეროში სახელმწიფოთა შორის „ძმური კავშირი” დაეფუძნებინა, ნამდვილად სანატრელი უნდა ყოფილიყო ქართველი ჰუმანისტი მწერლისათვის, რომელიც იმის მოსურნე იყო, რომ „სახელმწიფოებმა ყოველივე შფოთი, უსიამოვნება და ანგარიში მორიგებითა და მშვიდობიანად გაათავონ ხოლმე”.

1889 წელს, როდესაც ილია ჭავჭავაძემ ზემოაღნიშნული სტატია დაწერა, გერმანიის იმპერიის ფენომენალური სახელმწიფო მოღვაწე, ოტო ფონ ბისმარკი, რომელიც ერთდროულად იყო რეალპოლიტიკისა და ძალთა ბალანსის უბადლო ოსტატიცა და სოციალური რეფორმების ორგანიზატორიც, თავის ბოლო წელს ითვლიდა კანცლერის თანამდებობაზე, ხოლო გენიალური ავსტრიელი დიპლომატი, კლემენს ფონ მეტერნიხი კი, რომელსაც ბევრი ევროპის პირველ რეაქციონერს უწოდებდა - თუმცა, ნაპოლეონის ომების შემდგომი ევროპის ერთ-ერთი მთავარი დამშოშმინებელი და ვენის კონგრესისა და „ევროპული თანხმობის” მთავარი შემოქმედიც გახლდათ - უკვე 30 წლის გარდაცვლილი იყო.

ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ევროპაში გენიოსი პოლიტიკოსების ხანა დასასრულს უახლოვდებოდა და მათთან ერთად მთავრდებოდა მხოლოდ სტრატეგოსთა მოქნილობასა და გამჭრიახობაზე დაფუძნებული მყიფე მშვიდობაც. სისტემა, რომელიც რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში იქმნებოდა, დასაღუპავად იყო განწირული, რადგანაც მისი მართვა მხოლოდ გენიალურ სახელმწიფო მოღვაწეებს ხელეწიფებოდათ. დაბალანსებული და მყარი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და/ან კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის გარეშე, უფრო ზუსტად კი ლიბერალური დემოკრატიული სახელმწიფოების სიმწირის პირობებში, გზა ეხსნებოდათ სულ სხვა სახის რევოლუციური ჟინით აღვსილ გენიოსებს, რომლებსაც დედამიწაზე სამარადჟამო მშვიდობის დამყარების უმთავრეს პირობად მიაჩნდათ ნაციონალურ სახელმწიფოთა ვესტფალიური სისტემის დანგრევა. იმ წელს, როდესაც ილიამ თავისი წერილი გამოაქვეყნა, მე-2 ინტერნაციონალი დაფუძნდა, რამაც დამატებითი სტიმული მისცა კომუნისტურ მოძრაობას.

რა გასაკვირია, რომ გამალებული ინდუსტრიალიზაციის, ბაზრებისათვის ბრძოლის, აქამდე არნახული კონკურენციისა და ორგანიზებული რევოლუციური მოძრაობის პირობებში, სახელმწიფოები გაშმაგებით ცდილობდნენ თავიანთი სამხედრო პოტენციალის ზრდას. დემოკრატიის დეფიციტი, საერთაშორისო უნდობლობა და მოსახლეობის რიცხოვნების ზრდა კი ნოყიერ ნიადაგს ქმნიდა ახალი ომების გაჩაღებისათვის.
ამგვარ საერთაშორისო მდგომარეობაში, ვრცელი ოკეანის იქით გადაკარგული და ევროპულ პოლიტიკურ ვნებათაღელვას გარიდებული ამერიკის შეერთებული შტატები ადამიანის თავისუფალ ნებაზე დამყარებული სისტემის შექმნით იყო დაკავებული. პირადი და რელიგიური თავისუფლება, შტატებს შორის სოლიდარობა, ვაჭრობა, ხელისუფლების შტოთა ბალანსი და მცირე მთავრობა ამერიკული რესპუბლიკის ქვაკუთხედს წარმოადგენდა. ევროპული სისტემისგან განსხვავებით, მშვიდობისა და სამოქალაქო სიწყნარის შესანარჩუნებლად, ამერიკული სახელმწიფო სისტემა, გენიოსს კი არა, თავისუფლებისმოყვარე და გამრჯე ადამიანებს საჭიროებდა. საკუთარი თავისა და სახელმწიფოს დაცვა ასეთ სისტემაში ვალდებულება ან მოვალეობა კი არ იყო, არამედ საჭიროება, რომელიც პირადი კეთილდღეობის სურვილით იყო ნაკარნახევი.
ამერიკული თავისუფლების, ქრისტიანობისა და სამოქალაქო მოხალისეობის ურთიერთშერწყმა და ევროპელისათვის კიდევ ბევრი სხვა „უცნაურობა” ერთ-ერთი მთავარი თემა გახდა ცნობილი ფრანგი მოაზროვნის, ალექსის დე ტოკვილის ნაშრომისა - „დემოკრატია ამერიკაში”. ტოკვილი, რომელიც მეტერნიხის მსგავსად, 1859 წელს გარდაიცვალა, გაოცებითა და აღფრთოვანებით წერდა თავის შედევრში: „თავიანთ გონებაში ამერიკელები ისე მჭიდროდ აერთიანებენ ქრისტიანობისა და თავისუფლების ცნებებს, რომ ერთს მეორის გარეშე ვერც კი წარმოიდგენენ”. ტოკვილის აზრით, ქრისტიანობისა და თავისუფლების შერწყმა უმთავრესი იყო იმათ შორის, რაც ამერიკას ევროპისაგან და, განსაკუთრებით კი, რუსეთისაგან განასხვავებდა. ამდენად, არა მარტო მეწარმეობისა და ვაჭრობის სიყვარული, რაზეც ილია მიუთითებდა, არამედ თავისუფლებისა და ქრისტიანობის შესისხლხორცებაც გამოარჩევდა ამერიკელებს სხვებისაგან.

ახლა
ევროპელების მიერ გაჩაღებული ორი სისხლისმღვრელი მსოფლიო ომით გაბეზრებული ამერიკა, ნორვეგიელი მოაზროვნის გერ ლანდესტადის მეტაფორული გამონათქვამით, „მოწვეულ იმპერიად” იქცა. ხოლო თუ მეორე მხატვრულ მოსაზრებას დავესესხებით - ბრიტანელ ლორდ ისმეისას - ამერიკელების თაოსნობით შექმნილი ნატოს დანიშნულება ის იყო, რომ „რუსები გარეთ ამყოფოს, ამერიკელები შიგნით და გერმანელები კი ქვემოთ”.

ალბათ, ორივე გამონათქვამს, გარკვეულწილად, ყავლი გაუვიდა, მაგრამ რეალობა, რომელიც ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა, თანდათანობით ილიას დროინდელი ეპოქის შებრუნებულ ვარიანტად იქცა. ბევრი მკვლევარის აზრით, დღეს ევროპა ეკონომიკური თვალსაზრისით გიგანტია, პოლიტიკური თვალსაზრისით - ჯუჯა, ხოლო სამხედრო თვალსაზრისით კი - ჭიაღუა.

შეიარაღებაზე ფულის ხარჯვა არაპოპულარულია, ხოლო სამხედრო ძალის გამოყენება კი, რაგინდ სამართლიანიც უნდა იყოს, ბევრი ევროპელისათვის ყოვლად მიუღებელ ხერხად ითვლება. ერთნი ამის მიზეზად ომებისაგან გადაქანცულ ევროპაში პაციფისტური პოლიტიკური მსოფლმხედველობის გაბატონებასა და საზოგადოებრივი აზრისადმი პოლიტიკური ელიტების „მონურ მორჩილებას” ასახელებენ, მეორენი - პატრიოტიზმისა და ნაციონალიზმის მკრეხელობად შერაცხვას, მესამენი - რელიგიისაგან ევროპის „გათავისუფლებას”, ხოლო სხვები კი - ევროპის გადაქცევას ისეთ „თვითკმაყოფილ მომხმარებლურ საზოგადოებად,” რომელშიც ინდივიდუალიზმი კოლექტივიზმის ტყვეობაშია, თანასწორობა კი თავისუფლებაზე უფრო დიდი ღირებულებაა. ზოგი იმაში თანხმდება, რომ ამერიკის მიერ ძღვნად მირთმეულმა „უფასო უსაფრთხოებამ” „გააზულუქა” ევროპელები და „დააკარგვინა” მეომრული სულისკვეთება და თავდაცვითი ინსტინქტი.

რა თქმა უნდა, არის სხვა მოსაზრებანიც. ამბობენ, გლობალურ საკითხებზე პასუხისმგებლობის საკითხი განაპირობებს ამერიკელებისა და ევროპელების განსხვავებულ დამოკიდებულებას ძალის გამოყენებისადმი და ძალა და პასუხისმგებლობა ფუნქციურ დამოკიდებულებაშია ერთმანეთთანო. თანაც, გარე მოთამაშეებსაც განსხვავებული მოლოდინი აქვთ ამერიკელებისა და ევროპელების მიმართ: სადღაც, დედამიწის რომელიღაც მიყრუებულ წერტილშიც კი, მიაჩნიათ, რომ ამა თუ იმ საკითხზე ამერიკამ ხმა უნდა ამოიღოს ან რაიმე ქმედებას მიმართოს. ევროპელების მიმართ კი ხშირად ასეთი მოლოდინი არ არის. მოპასუხე მხარესაც იგივე მდგომარეობაა: ამერიკელს, საზოგადოდ, ჰგონია, რომ თუ სადმე ვიღაცის უფლება დაირღვა, ეს მისი პრობლემაცაა. ევროპაში უფრო კარჩაკეტილი დამოკიდებულებაა სხვათა პრობლემების მიმართ.

გლობალური პასუხისმგებლობის საკითხში ამერიკელებისა და ევროპელების განსხვავებას ზოგი მკვლევარი იმპერიის, როგორც ფენომენისა და ისტორიული მოვლენის აღქმაში ხედავს. ევროპელთა გლობალური ჩართულობა მე-18 და მე-19 საუკუნეების „მძარცველურ იმპერიულ ეპოქას” დაემთხვა. ის პერიოდი კი, ძირითადად, საძრახის ხანად ითვლება დღევანდელ ევროპაშიც და მესამე სამყაროს ქვეყნებშიც, მაშინ, როცა ახალი დროის ამერიკული მშვიდობა „Pax Americana”, უპირატესად, პოზიტიურად აღიქმება.

დღევანდელ ევროპელში გლობალური ძალა - დავუშვათ, იმპერია - უსათუოდ უარყოფით ასოციაციას იწვევს. ამერიკელი კი განასხვავებს კეთილ და ბოროტ იმპერიებს, რაც, სხვათა შორის, რეიგანის ცნობილ გამონათქვამშიც კარგად ჩანს (საბჭოთა კავშირი - ბოროტების იმპერია). იგივე ითქმის ნაციონალიზმსა და პატრიოტიზმზე. ორივე ტერმინს, უპირატესად, დადებითი დატვირთვა აქვს ამერიკაში, ევროპაში კი, ძირითადად, უარყოფითი.

ისტორიკოსებისა და პოლიტიკური მეცნიერებისათვის სერიოზული ანალიზის თემაა ევროპელებისა და ამერიკელების ქცევა ცივი ომის დროს ეგზისტენციალური საბჭოთა საფრთხის პირისპირ და ისეთი მნიშვნელოვანი კონფლიქტების დროსაც, როგორიცაა ისრაელსა და არაბებს შორის კონფლიქტი, აგრეთვე, ბოსნიის, კოსოვოს, ავღანეთის, ერაყისა და რუსეთ-საქართველოს კრიზისები. ევროპელები და ამერიკელები ხშირად დიამეტრულად განსხვავებულად რეაგირებენ ისეთ სერიოზულ გამოწვევებზე, რომლებიც თანაბრად უქმნის ხიფათს მთელ დასავლურ სამყაროს.
ამერიკელი ისტორიკოსისა და პოლიტიკური კომენტატორის, რობერტ კეიგანის მოსაზრებით, ამერიკელებსა და ევროპელებს შორის დღეს იმხელა განსხვავებაა, რომ შეგვიძლია, ვამტკიცოთ: „ამერიკელები მარსიდან არიან, ევროპელები კი - ვენერადან”. კეიგანი ამის თაობაზე ბესტსელერად ქცეულ და ბევრის მიერ კრიტიკულად აღქმულ მცირე ზომის წიგნში „სამოთხისა და ძალაუფლების თაობაზე” ლაპარაკობს. სხვა მოაზროვნეებისაგან განსხვავებით, კეიგანის აზრით, ამერიკასა და ევროპას შორის ასეთი შთამბეჭდავი ფილოსოფიურ-პოლიტიკური „გაყრის” მიზეზი სხვა არაფერია, თუ არა ის, რომ ამერიკელებს ძალა შესწევთ, ხოლო ევროპელები კი უძალონი არიან.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპა და ამერიკა დიდ ანგარიშში ერთი ცივილიზაციის ნაწილია, განსხვავება მათ შორის ყოველთვის თვალშისაცემი იყო. ამ განსხვავებაზე წერდნენ ტოკვილისა და ილიას დროსაც და დღესაც წერენ კეიგანისეული იმპრესიულობითაც და უფრო რბილადაც. რელიგიისა და თავისუფლებისადმი ამერიკელებისა და ევროპელების დამოკიდებულება მაშინაც განაპირობებდა მათ ქცევას, როცა ევროპელები სისხლს ღვრიდნენ, ამერიკელები კი, მუყაითი გარჯით, „ქონებას აგროვებდნენ” და, სხვათა შორის, განსაზღვრავს დღესაც, როცა ამერიკელები მსოფლიოს ცხელ წერტილებში ომობენ, ევროპელები კი „სოციალური თანასწორობის 21-ე საუკუნის მოდელს” ქმნიან და სათოფეზე არ ეკარებიან თოფ-იარაღს.

მაგრამ, ალბათ, არის ერთი კარდინალური საკითხი, რომელიც იმთავითვე განასხვავებდა ამერიკული და ევროპული ცხოვრების წესსაც და საგარეო პოლიტიკასაც. ეს საკითხი ამერიკის კონსტიტუციის ყველაზე ნიშანდობლივი პრინციპია და მას რესპუბლიკური წეს-წყობილება ჰქვია. ამერიკა, უპირველეს ყოვლისა, ადამიანის თავისუფლებაზე დაფუძნებული რესპუბლიკაა და არა დემოკრატია (როგორც ეს დანარჩენ მსოფლიოში ესმით), რაც, ალბათ, იმასაც განაპირობებს, რომ ამერიკაში 200 წლის განმავლობაში მმართველობის ფორმა არ შეცვლილა და იმასაც, რომ არც მემარჯვენე დიქტატორი ჰყოლიათ და არც მემარცხენე რევოლუციურ მასებს დამორჩილებიან.

ამერიკის საგარეო პოლიტიკური მისია და გლობალური პასუხისმგებლობა შინაგანი კონსტიტუციიდან ბუნებრივად გამომდინარე გარეგანი ნაყოფია. უსამართლო ძალა და უძალო სამართალი ამ კონსტიტუციასთან შეუთავსებელი ცნებებია. ამერიკულ კონსტიტუციას მხოლოდ სამართლიანი ძალისა სჯერა.

კომენტარები