ევროპული სინგაპური

საქართველომ დაიწყო მოლაპარაკებები ევროკავშირი-საქართველოს ასოცირებული შეთანხმების თაობაზე, რომლის ერთ-ერთი მიზანია ეტაპობრივი ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირსა და საქართველოს შორის. ხელისუფლება გეგმავს, რომ ასოცირებულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების შედეგად, საქართველოს ორ წელიწადში ექნება ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან.

ბოლო დღეებია, პრეზიდენტი ხშირად საუბრობს სინგაპურის ეკონომიკურ მაგალითზე და მთავრობის წევრებს მოუწოდებს, მეტი ძალისხმევით წარმართონ ქვეყნის კურსი „ევროპული სინგაპურისკენ”.

რადგან ევროკავშირისა და სინგაპურის ეკონომიკური მოდელები საკმაოდ განსხვავებულია, საინტერესოა, ვნახოთ, სად ვართ და რა მიმართულებით შეიძლება წავიდეთ.

დაწყებული 2004 წლიდან, საქართველომ მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმები გაატარა. თუ 2005 წელს მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში 112-ე ადგილი გვეკავა, 2010 წელს (რომელიც, რეალურად, 2008-2009 წლის მონაცემებს ეყრდნობა) ჩვენ უკვე მე-11 ადგილზე ავიწიეთ. ამ შედეგს, ძირითადად, საბაჟო განაკვეთებისა და გადასახადების დაწევით, გადასახადების რაოდენობის შემცირებითა და უამრავი ლიცენზიისა თუ მარეგულირებლის გაუქმებით მივაღწიეთ. მარტივად რომ ვთქვათ, ბაზარი შედარებით გავათავისუფლეთ.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ინდექსს ბევრი არ სწყალობს საქართველოში, სწორედ ის გვიჩვენებს, რამდენად მარტივია ქვეყანაში ბიზნესის კეთება. ხოლო ბიზნესი კი ერთადერთი ინსტიტუტია, რომელიც რეალურ დოვლათს ანუ სიმდიდრეს ქმნის. შესაბამისად, რაც უფრო მარტივია ბიზნესის კეთება, მით მეტია შანსი ქვეყანაში შემოვიდეს კაპიტალი, გაიზარდოს ეკონომიკა და გაუმჯობესდეს ცხოვრების დონე. ეს საკითხი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა მსოფლიო ფინანსური კრიზისის ფონზე, როდესაც, თავისუფალი კაპიტალის მოსაპოვებლად, კონკურენცია კიდევ უფრო გაიზარდა.

თუ გადავხედავთ ამ რეიტინგს, ვნახავთ, რომ საქართველოს საკმაოდ კარგი მაჩვენებლები აქვს ბიზნესის დაწყების, სამშენებლო ნებართვების აღების, მუშახელის დაქირავებისა და საკუთრების რეგისტრაციის სიმარტივის მხრივ. რეიტინგის შემადგენელ ამ კომპონენტებში საქართველო უმნიშვნელოდ ჩამოუვარდება იგივე სინგაპურს, რომელიც ამ რეიტინგის ლიდერია. მეტიც, საკუთრების რეგისტრაციის სიმარტივის მხრივ, სინგაპურზე უკეთესი მაჩვენებელიც გვაქვს.

შემდეგ კომპონენტებში კი შედარებით მოვიკოჭლებთ:
• ბიზნესის დახურვის სიმარტივის მხრივ, სინგაპური მე-2 ადგილზეა, საქართველო - 95-ეზე;
• გადასახადების მხრივ, სინგაპური მე-5 ადგილზეა, საქართველო - 64-ეზე;
• ინვესტორების დაცვის მხრივ, სინგაპური მე-3 ადგილზეა, საქართველო - 41-ეზე;
• კონტრაქტების დაცვის მხრივ, სინგაპური მე-15 ადგილზეა, საქართველო - 41-ეზე;
• საზღვარზე ვაჭრობის სიმარტივის მხრივ, სინგაპური პირველ ადგილზეა, საქართველო - 30-ეზე.

ევროკავშირთან ასოცირებული შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებისა და, აქედან გამომდინარე, მოსალოდნელი რეფორმების ფონზე, საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება მსოფლიო ბანკის ზემოთ ხსენებულ რეიტინგში წამყვანი პოზიციების შენარჩუნება. სხვაგვარად, საქართველოს გაუჭირდება ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის ჩვენება, რაც, თავის მხრივ, გამომდინარე არსებული საფრთხეებიდან, უარყოფითად იმოქმედებს ეროვნულ უსაფრთხოებაზე.

რეიტინგში პოზიციების გაუარესების საფრთხე კი, რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, სწორედ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებიდან მომდინარეობს, რომელიც, როგორც წესი, ასოცირებული ხელშეკრულების ნაწილია. ამის ნათელი დადასტურება იყო გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისრის, ბატონ შტეფან ფულეს განცხადება, რომელიც მან საქართველოში ერთ-ერთი ვიზიტის დროს გააკეთა - თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას ჯერ ვერ გაგიფორმებთ, რადგან თქვენი ბაზარი ზედმეტად ლიბერალურიაო. ერთი შეხედვით, სულელურად ჟღერს, მაგრამ განცხადების აზრი ზუსტად ეს იყო.

ცხადია, ევროკავშირთან დაახლოებას უამრავი პლუსი აქვს. ტრადიციულად, სიკეთეებში, რომლებიც ამ სიახლოვეს მოაქვს, გამოყოფენ მეტ სტაბილურობას, მეტ დემოკრატიას, მეტ უსაფრთხოებას, მშპ-ს ზრდის სტიმულირებას, მეტ დასაქმებას, მაღალ ხელფასებსა და პენსიებს, მუშახელის, პროდუქციის, მომსახურებისა და კაპიტალის თავისუფალ გადაადგილებას და, რაც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია, დაშვებას 450-მილიონიან ბაზარზე.

რა თქმა უნდა, ნაწილი ამ ჩამონათვალიდან, შესაძლოა, გადაჭარბებულ მოლოდინებს მიეკუთვნება, მაგრამ თუნდაც მხოლოდ 450-მილიონიანი ბაზარი ღირს იმად, რომ დაუახლოვდე ევროკავშირს. ამ შესაძლებლობაზე უარის თქმა აბსურდული გადაწყვეტილება იქნებოდა. აქ მხოლოდ რამდენიმე კითხვა არსებობს: როდის დაგვიშვებენ ამ ბაზარზე? რისი დათმობა მოგვიწევს? ხომ არ მოგვიწევს ისეთ დათმობებზე წასვლა, რომ ჩვენმა ეკონომიკამ ვეღარ „მიაღწიოს” თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებამდე?

შესაძლებელი რომ იყოს ჯერ ხელშეკრულების გაფორმება ანუ უზარმაზარ ბაზარზე შესვლა და შემდეგ გარკვეულ დათმობებზე წასვლა საქართველოს ბაზრის დელიბერალიზაციის კუთხით, მაშინ შედარებით უკეთეს პირობებში ვიქნებოდით. თავისთავად, ბაზარზე შესვლა არ ნიშნავს უპირობოდ ეკონომიკის ზრდას, რადგან უნდა შევქმნათ პროდუქტი, რომელსაც ამ ბაზარზე გავიტანთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მას შემდეგ, რაც მოგვეცემა საშუალება ჩვენი პროდუქცია გავყიდოთ ევროპის ბაზარზე, აქ უნდა შემოვიდეს უცხოური ინვესტიციები, რომლებიც მოხმარდება ევროკავშირის ქვეყნებში გასაყიდი პროდუქციის გამოშვებას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს პროდუქცია უნდა იყოს კონკურენტული ევროპის ბაზარზე, ანუ მისი წარმოება საქართველოში უფრო იაფი უნდა ჯდებოდეს. ყველაფერ ამას კი დრო სჭირდება, ხშირად - წლები. მაგრამ თუ ხელშეკრულებას დღესვე გაგვიფორმებდნენ, ალბათ, რაციონალური იქნებოდა ასეთი რისკის გაწევა.

ჩვენ კი გვთხოვენ, რომ ჯერ მოვახდინოთ საკუთარი ბაზრის დელიბერალიზაცია - რაც გაართულებს უცხოური ინვესტიციების შემოდინებას (რატომ უნდა სურდეს ვინმეს ფულის ჩადება იქ, სადაც ფულის შოვნა ძნელია?) - და მხოლოდ ამის შემდეგ გვთავაზობენ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებას ასოცირებული შეთანხმების ფარგლებში, რომელზეც თანხმობა უნდა განაცხადოს ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ (ამჟამად ყველა თანახმა რომ იყოს კიდეც, რა ვიცით, მომავალში რომელი ქვეყნის ხელმძღვანელობას რა მოუვა თავში?).

მსგავსი მიდგომა მნიშვნელოვან რისკს უკავშირდება. თუ საქართველო დაკარგავს მიმზიდველობას ინვესტორებისთვის, ქვეყანაში აღარ შემოვა ისედაც მწირი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რაც ქვეყნის ეკონომიკას და, აქედან გამომდინარე, მის უსაფრთხოებას სერიოზული საფრთხის ქვეშ დააყენებს. ცნობისათვის, 2010 წლის პირველ კვარტალში საქართველოში მხოლოდ 76 მილიონის უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2003 წლის შემდგომ ნებისმიერ კვარტალთან შედარებით.

მეორე საკითხია, რა ტიპის დათმობებზე წასვლას მოგვთხოვს (პრინციპში, უკვე დიდი ხანია ითხოვს) ევროკავშირი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების სანაცვლოდ. ამის დადგენა არც ისე ძნელია, თუ გავითვალისწინებთ, რაში ვლინდება ევროპული სოციალიზმი ყველაზე მეტად, ანუ რა ტიპის ბაზრის შეზღუდვები ჭარბობს ევროკავშირის ქვეყნებში.

თუ გადავხედავთ იგივე ბიზნესის კეთების რეიტინგს, დავინახავთ, რომ ყველაზე ცუდი მაჩვენებელი ევროპის ქვეყნებს (როგორც ევროკავშირის წევრ, ისე მასთან ასოცირებულ ქვეყნებს) მუშახელის დაქირავების სიმარტივის კუთხით აქვთ. ეს მაჩვენებელი მიუთითებს, თუ რამდენად ადვილია ქვეყანაში მუშახელის დაქირავება-დათხოვნა, რამდენად რეგულირებულია სამუშაო საათები და რამდენად ძვირია მუშახელის სამსახურიდან გათავისუფლება. საქართველო, არსებული ლიბერალური შრომის კოდექსიდან გამომდინარე, ამ მაჩვენებლით მე-9 ადგილზეა მსოფლიოში, ხოლო ევროპის ქვეყნები კი:

• ნორვეგია - 114
• შვედეთი - 117
• ლიტვა - 119
• ჰოლანდია - 123
• ლატვია - 128
• ფინეთი - 132
• საფრანგეთი - 155
• გერმანია - 158
• ესტონეთი - 161
• პორტუგალია - 171

სხვა საკითხებთან ერთად, როგორიცაა, მაგალითად, ბიზნესის დაწყების სიმარტივე, სავარაუდოდ, ევროკავშირი საქართველოსგან ჰარმონიზებას ყველაზე დაჟინებით სწორედ ამ საკითხში - „ზედმეტად ლიბერალურ” შრომის კანონმდებლობაში - მოითხოვს. ევროკავშირის წარმომადგენლებთან საუბარს, თუ რამდენად აბსურდულია შრომის რეგულირება, რამდენად საზიანოა ის ეკონომიკისთვის და რამდენად ნეგატიურია მისი ეფექტი, თუნდაც დასაქმების კუთხით, აზრი არ აქვს. შესაბამისად, დიდი ალბათობით, მოგვიწევს გარკვეულ დათმობებზე წასვლა როგორც შრომის კანონმდებლობის „გაფუჭების”, ისე სხვა მხრივაც.

ამ დროს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა სხვა საკითხების მიმართ, რადგან ბიზნესის კეთების რეიტინგში წამყვანი ადგილის შენარჩუნების მიზნით (რაც, ვიმეორებ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კარგი, თუ არა აუცილებელი, წინაპირობაა), შესაძლოა, მოხდეს დელიბერალიზებული სფეროების „კომპენსირება” უფრო მეტად ლიბერალიზებული სხვა სფეროებით, სადაც ევროკავშირის „ზეწოლა” ნაკლებია.

მაგალითად, შესაძლებელია საზღვარზე ვაჭრობის სიმარტივის მაჩვენებლის გაუმჯობესება. ეს მაჩვენებელი ასახავს, თუ რამდენად ბევრი დოკუმენტის გაფორმებაა საჭირო, რამდენად დიდი დრო სჭირდება და რამდენად ძვირი ჯდება ქვეყანაში იმპორტი და ექსპორტი. იმპორტზე არსებული ტარიფების გაუქმებით, გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო კონკურენტულს გავხდით შიდა ბაზარს, უფრო გავაიაფებთ და ხელმისაწვდომს გავხდით გარკვეული ტიპის პროდუქციას და, ამავდროულად, გავიუმჯობესებთ ამ მაჩვენებელს მსოფლიო ბანკის მნიშვნელოვან რეიტინგში. აღნიშნული ტარიფების განულება ისედაც დაგეგმილი იყო, მაგრამ აღსრულება გადაიდო.

შეიძლება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს გადასახადების მაჩვენებელი, რომელიც დამოკიდებულია გადასახადების რაოდენობაზე, გადასახადის საერთო ტვირთსა და დროზე, რომელიც საჭიროა საგადასახადო დოკუმენტაციის მოსამზადებლად. გადასახადების დაწევა საშუალებას მოგვცემს, ერთი მხრივ, უფრო ეფექტურად მოვიზიდოთ ინვესტიციები, ხოლო, მეორე მხრივ, მეტი ფული დავტოვოთ კერძო სექტორში, რაც ეკონომიკის სწრაფი ზრდის წინაპირობაა. თუმცა, მოკლევადიან პერსპექტივაში მსგავსი მიდგომა საჭიროებს სახელმწიფო ხარჯების შემცირებას, რადგან სხვა შემთხვევაში უკვე არსებული საბიუჯეტო დეფიციტი კიდევ უფრო გაიზრდება. საგადასახადო ტარიფების დაწევა აგრეთვე დაგეგმილი იყო, მაგრამ ამ დანაპირების აღსრულებაც გადაიდო. ეს კი ინვესტორებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე მაჩვენებელია, რომელიც, საქართველოს შემთხვევაში, მკვეთრ გაუმჯობესებას საჭიროებს.

გაუმჯობესების რესურსი არსებობს რეიტინგის სხვა მაჩვენებლების მხრივაც, თუმცა, ეს მოითხოვს პოლიტიკურ ნებასა და მიზანმიმართულ მუშაობას როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან. მხოლოდ ასეთი მიდგომით შევძლებთ, ერთი მხრივ, ბიზნესის კეთების რეიტინგში არ დავშორდეთ (საუკეთესო შემთხვევაში კი მივუახლოვდეთ) სინგაპურს, ხოლო, მეორე მხრივ, ქვეყნის ეკონომიკისთვის შედარებით უმტკივნეულოდ მოვახდინოთ ინტეგრაცია სოციალისტური რეგულაციებით დატანჯულ ევროპულ ბაზართან.

კომენტარები