წავსულვართ პაპუაში და ეგაა

1982 წლიდან მოყოლებული, ფიფა-მ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტთა რიცხვი ჯერ 24, მერე კი 32 გუნდამდე გაზარდა და გადაწყვიტა, მსოფლიო ფეხბურთის ფორუმები არასაფეხბურთო ქვეყნებში ჩაეტარებინა. მას მერე ყველა საგაზეთო სტატიაში თუ პრივატულ საუბარში ვცდილობ დავამტკიცო, რომ ეს აბსოლუტურად უაზრო გადაწყვეტილებებია!

წლევანდელმა მუნდიალმა ამაში კიდევ უფრო დამარწმუნა. ამდენი ცუდი, უინტერესო და უკლასო მატჩი არსად და არასოდეს მინახავს.

თუ ასე გაგრძელდა, მომავალ ჩემპიონატებზე 64, მერე კი 128 გუნდი ითამაშებს, ტურნირებს კი არუბა, მიკრონეზიის ფედერაცია ან კირიბატი უმასპინძლებს. და რას მისცემს ეს ფეხბურთს?!

ახლა ვიღაცამ შეიძლება პატრიოტიზმის უქონლობაში დამადანაშაულოს და ნაწილობრივ მართალიც იქნება - ასეთ შემთხვევაში ხომ სოლომონისა და კუკის კუნძულების ნაკრებებთან ერთად, შესაძლოა, საქართველოს ნაკრებიც გახდეს ფინალისტი! პაპუა ახალი გვინეის დედაქალაქ მორესბის მოდერნიზებული სტადიონის ტრიბუნებზე გამოჩნდებიან ჩვენი ჩოხოსნები და ადგილობრივი კოროვაის ტომის კანიბალ ბელადს ხასანბეგურას ამღერებენ... მერე ჩვენები ქულებს გაიყოფენ კიურასაოს ეროვნულ გუნდთან და 1/64 ფინალში გავალთ. დათო მინაშვილი კი გავარდნილი რუსების ჯინაზე გაიმეორებს ისტორიულ ფრაზას: Представляю, что сейчас творится в Тбилиси, ликует столица Грузии...

მაგრამ დავუბრუნდეთ რეალობას და შევთანხმდეთ – ასეთი დაბალი დონის ტურნირი ჯერ არ ყოფილა! ვერც იმას ვიტყვი, რომ ეს დიდი მოულოდნელობაა – ფეხბურთთან ძალიან შორს უნდა იყო, რომ ჰონდურასის, კორეებისა და ბევრი მათნაირი უნიჭო გუნდის თამაშისგან რაიმე ტაქტიკურ სიახლეს, უზადო ტექნიკის დემონსტრირებას ან ღრმა საფეხბურთო აზროვნებას ელოდო.

გასაგებია, რომ ფიფა-ს გადაწყვეტილება მხოლოდ კომერციული და პირადული ინტერესებითაა ნაკარნახევი - რაც უფრო მეტი ფინალისტია, მით მეტი ტურისტი ჩადის მათი თამაშის საყურებლად, მეტია სატელევიზიო რეპორტაჟი, იზრდება სარეკლამო შემოსავალი და ა.შ. პრეზიდენტის არჩევნებზეც ნამდვილ ფეხბურთთან მწყრალად მყოფი ეს ქვეყნები ერთხმად უჭერენ მხარს აველანჟის, ბლატერისა და მათნაირი ფუნქციონერების კანდიდატურებს...

რეალურად კი ფეხბურთიც ზარალდება და გემოვნებიანი გულშემატკივარიც.

აბა, რა საჭიროა აზიიდან და ოკეანიიდან ამდენი ფინალისტის გამოვლენა?! რა, ძალიან ისიამოვნეთ ორი კორეის, იაპონიის, ავსტრალიისა და ზელანდიის თამაშით?! ჩრდილოეთ კორეა ხომ საერთოდ ანეკდოტური გუნდია! ჯერ მეკარის ნაცვლად ფორვარდი ჩამოიყვანეს, მერე პორტუგალიიდან მწვრთნელის გარდა ყველას გაატანინეს გოლი, თვითონ კი პოლიტიკური თავშესაფრის მოპოვებაზე მეტს ფიქრობენ, ვიდრე თამაშზე.

ან რა სიახლე შემოგვთავაზა აფრიკულმა სექსტეტმა?! პირველ ორ ტურში მარტო განამ მოიგო, ისიც შემთხვევით! მასპინძლებს ტაქტიკურ არსენალში მხოლოდ ვუვუზელას გამაყრუებელი ჭყვიტინი აღმოაჩნდათ და მინდორზე დაკარგული ქულების კომპენსირება ტურისტების ძარცვით გადაწყვიტეს.

ეს უაზრო ტრაექტორიით მფრინავი, დაწყევლილი ბურთი ჯაბულანი ხომ საერთო უბედურებად იქცა. ადიდასს პრესტიჟი დააკარგვინა, ფავორიტებს - ქულები, გულშემატკივარს კი - მოსვენება! უბედურება ისაა, რომ 32-გუნდიან ტურნირზე ასეთი „პრახადნოი” თამაშების მოლოდინი თავიდანვე მაღალია და ერთადერთ იმედად ტრადიციული გუნდების მატჩებიღა გვრჩება. საკმარისია, რომელიმე ფავორიტმა თავი შეინახოს ან ფორმის პიკს მეორე ეტაპზე მიაღწიოს, რომ ჯგუფური ტურნირი აუტანელი სანახავი ხდება.

...და ვინ თამაშობს კარგად? ისევ გრანდები: ბრაზილია, არგენტინა, ჰოლანდია, ურუგვაი, ესპანეთი, პორტუგალია, მექსიკა. უთუოდ მოუმატებენ ინგლისი და გერმანია. ჰოდა, არ ჯობია, ამათ დავუმატოთ კიდევ 7 მაგარი გუნდი და 4-წლიანი მოლოდინი უმაღლესი დონის ფეხბურთით დავიკმაყოფილოთ?!

ვიცი, რომ ეს წერილი ვერაფერს შეცვლის. ფიფა გააგრძელებს თავის პოლიტიკას, ბლატერი დარჩება პოსტზე ან ძალაუფლებას გაჩინოვნიკებულ პლატინის გადააბარებს, გუნდების რაოდენობა არ შემცირდება, ორგანიზატორთა გეოგრაფია კი გაიზრდება. ჰოდა, თუ ასეა, წავსულვართ პაპუაში და ეგაა...

კომენტარები