საბიუჯეტო დეფიციტი, როგორც დამოკლეს მახვილი

საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში - რომლის სახელწოდებაა „ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2009-2012 წლებისათვის” - ეროვნული კეთილდღეობის მისაღწევად, სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებთან ერთად, მითითებულია „პროფიციტული ბიუჯეტები - მომდევნო წლებში ბიუჯეტის პროფიციტულობის შენარჩუნება”.

სიტყვა „პროფიციტული” საერთოდ აღარ გვხვდება მთავრობის ანალოგიური დასახელების დოკუმენტში, რომელიც შემუშავებულია 2010-2013 წლებისთვის.

პირველ და მეორე დოკუმენტს ერთმანეთს აშორებს ინტერვალი, რომლის დროსაც გლობალური ფინანსური კრიზისი აქტიურ ფაზაში შევიდა, ხოლო საქართველოს დამატებით მოუწია მეზობელი სახელმწიფოს სამხედრო ინტერვენციისთვის გაეძლო. ყოველივე ამას, რა თქმა უნდა, შეეძლო გარკვეული ცვლილებები გამოეწვია მთავრობის საბიუჯეტო პოლიტიკაში. მაგრამ შეიძლება ის, რაც „კარგი” იყო კეთილდღეობისთვის კრიზისამდე (პროფიციტული ბიუჯეტი), გახდეს „ცუდი” კრიზისის შემდეგ? ან პირიქით, ის რაც ნეგატიურად მოიაზრებოდა სანამ გაგვიჭირდებოდა (დეფიციტური ბიუჯეტი), გახდეს სასურველი, როცა ძალიან გვიჭირს?

და მაინც, 2010 წლის გეგმით, საქართველოს ბიუჯეტი დეფიციტურია.

ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება, რამდენად „უკეთესად” გადაიტანეს კრიზისი ქვეყნებმა, რომელთაც მკაცრი საბიუჯეტო ზომები გაატარეს, იმ ქვეყნებთან შედარებით, რომლებიც დაუდევრად ხარჯავდნენ. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რას ნიშნავს და რას იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი - ანუ მდგომარეობა, როდესაც მთავრობა უფრო მეტს ხარჯავს, ვიდრე შემოსავლებით ღებულობს.
იმისათვის, რომ დახარჯო, ფული რაღაც გზით უნდა მოიპოვო. მთავრობები დეფიციტის დასაფინანსებლად რამდენიმე გზას მიმართავენ და, ამ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა ვერ იქნება გამონაკლისი:

I - ფულის ბეჭდვა
მთავრობას შეუძლია ახალი ფული შემოუშვას მიმოქცევაში და ამ გზით გაწიოს ხარჯები, რომელთა დასაფინანსებლად შემოსავლები არ ყოფნის. ერთი შეხედვით, უწყინარი ქმედებაა, რომელსაც ახლავს რამდენიმე ცალსახად უარყოფითი შედეგი. მიმოქცევაში არსებული ფულის მასის გაზრდა იწვევს ინფლაციას ანუ ფასების ზრდას. შედეგად, ზარალდება ამ ქვეყნის ყველა მოქალაქე (მათ შორის ისინიც, ვინც გამუდმებით ითხოვენ მთავრობისგან სხვადასხვა სოციალური პროგრამის დაფინანსებას), რადგან ჯიბეში არსებული ფულით ნაკლები პროდუქტის შეძენას შეძლებენ. გარდა ამისა, ახალი ფული მიმოქცევაში შემოსვლისას არასოდეს ნაწილდება „თანაბრად”. ის ყოველთვის ხვდება ვიღაცის ხელში და შემდეგ შედის ბაზარზე. და ის ვიღაც (ხშირ შემთხვევაში ეს კომერციული ბანკებია) რჩება მოგებული, რადგან მას აქვს „პირველი მხარჯველის” პრივილეგია.

II - ვალი
საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 2010 წლის ბოლოსთვის დაახლოებით 9 მილიარდი ლარი იქნება, ხოლო 2013 წელს მოგვიწევს დაახლოებით 800 მილიონი აშშ დოლარის (ძირი თანხა) გასტუმრება.
ვალის აღებაც ერთ-ერთი აპრობირებული მეთოდია ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად, მაგრამ...
ერთია, როცა რომელიმე კერძო პირი ან კერძო კომპანია იღებს ვალს, რათა დააფინანსოს რამე წამოწყება. ამ შემთხვევაში ის სრულად აგებს პასუხს საკუთარი ქონებით და, შესაბამისად, მას აქვს მორალური უფლება, გაწიოს ასეთი რისკი. მაგრამ სურათი იცვლება, როდესაც იგივე ტიპის ქმედებას სჩადის რომელიმე მთავრობა, რადგან ამ შემთხვევაში ვალის გასტუმრების გარანტორი ყოველთვის არის მოსახლეობა, რიგითი მოქალაქეები. რომელიმე პოლიტიკური ძალის მიერ არჩევნების მოგება და ხელისუფლებაში მოსვლა არ ნიშნავს ამ პოლიტიკური ძალისთვის ვალის აღების უფლების მინიჭებას, რადგან: 1. ყველა მოქალაქე არ არის ამ მთავრობის ამომრჩეველი, მაშინ, როცა ვალის გადახდა მათაც უწევთ, ვისაც ამ პოლიტიკური ძალისთვის ხმა არ მიუცია (გადასახადების სახით); 2. სახელმწიფო ვალი ხშირად მრავალწლიანია და ერთი მთავრობის მიერ აღებული ვალის გასტუმრება შეიძლება მოუწიოს სხვა პოლიტიკურ ძალას, რომელიც ამ ვალის აღებას არ დათანხმებია; 3. თუ რისკმა არ გაამართლა (ანუ არ მოხდა ეკონომიკური ზრდა), ვალის გასასტუმრებლად, როგორც წესი, საჭირო ხდება გადასახადების გაზრდა, რაც აზარალებს ყველა მოქალაქეს, მათ შორის მათაც, ვისაც ვალის აღების სურვილი არ ჰქონდა.

III - გადასახადების ზრდა
გადასახადების გაზრდა კიდევ ერთი გზაა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად. პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებული „ეკონომიკური თავისუფლების აქტის” მიუხედავად, საქართველოს მთავრობას შესაძლოა მოუწიოს ამ გზის არჩევა. მნიშვნელობა არ აქვს, რომელი გადასახადების ხარჯზე მოხდება ეს („ეკონომიკური თავისუფლების აქტში” გაჟღერებული შეზღუდვა გადასახადების მხოლოდ რეფერენდუმის გზით გაზრდაზე, ყველა გადასახადზე არ ვრცელდება). მთავარია, რომ მოხდება მეტი ფულის ამოღება კერძო სექტორიდან, რაც, თავის მხრივ, დააზიანებს ეკონომიკას.

გაზრდილი გადასახადები კლავს სამუშაო ადგილებს კერძო სექტორში (რაც მეტი ფული დარჩებათ მეწარმეებს, მით მეტ ადამიანს დაასაქმებენ); კლავს მოტივაციას მეწარმეებში, რომლებიც ქმნიან რეალურ დოვლათს (რატომ უნდა გაწიონ რისკი, თუ მოგების დიდ ნაწილს მთავრობა წაიღებს?); ანელებს (საქართველოში არსებული სხვა რისკების გამო კი, პრაქტიკულად შეაჩერებს) კაპიტალის შემოდინების პროცესს (რატომ უნდა ჩადოს ვინმემ ფული საქართველოში, თუ სხვაგან უფრო ნაკლებს რისკავს და მეტი მოგება დარჩება?); ამცირებს თავისუფალი კაპიტალის რაოდენობას, რომელიც შეიძლება ჩაიდოს ბიზნესში (გადასახადების შემდეგ მეწარმეებს ნაკლები ფული რჩებათ ბიზნესის გასაფართოებლად ან ახალი ბიზნესის დასაწყებად). შედეგად ზარალდება ყველა - როგორც მეწარმეები, ისე ნებისმიერი რიგითი მოქალაქე, რადგან ისინი კარგავენ ხარისხიანი და იაფი პროდუქტების შეძენის საშუალებას.

ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსების სხვა გზა ბუნებაში არ არსებობს. და ყველა გზა, როგორც ცალკე აღებული, ისე ერთმანეთთან კომბინაციაში, აზარალებს მოსახლეობას. დეფიციტი ცუდია და მისი გამართლების ნებისმიერი მცდელობა დემაგოგიაა.

კომენტარები