24 საათი ავღანეთში

წარმოიდგინეთ, რომ გაცვიათ სამხედრო ფორმა, ბათინკები, ძალიან მძიმე ჯავშან-ჟილეტი, გახურავთ ჩაჩქანი და ენერგიული ნაბიჯებით დადიხართ საუნაში, სადაც ჯოჯოხეთურად ცხელა. თან ეს სიცხე კი არ დგას, არამედ სახეში გიბერავთ. ყოველივე ამას ემატება საფრთხე, რომ უცბად ვიღაც წვერიანი შეშლილი მსხვილკალიბრიანი იარაღიდან ცეცხლს გაგიხსნით. წარმოიდგინეთ? მაშინ დაახლოებით მაინც მიხვდებით, რა ხდება ლეზერნეკში. ლეზერნეკი რა არის? ამაზე ქვემოთ.

თბილისი-ქაბული
14 ივნისი ყველაზე უცნაური, ემოციური და საინტერესო დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. ამ დღეს პირველად ჩავიცვი სამხედრო ფორმა, ძალიან ლამაზი და მოხერხებული, რომლითაც მალე ქართული ჯარი შეიმოსება. ეს არაა უბრალოდ ტანსაცმლის ჩაცმის პროცესი, ეს სხვა გრძნობა და რიტუალია - როცა მკერდზე ერთ მხარეს შენს გვარს იწებებ, მეორეზე - GEORGIA-ს და მხარზე საქართველოს ულამაზეს დროშას, ხდები ამაყი, უშიშარი და ბევრად მაგარი, ვიდრე სინამდვილეში ხარ.

ქართულ დელეგაციასთან ერთად ჩარტერით გამთენიისას გავფრინდი ქაბულში. ფრენა - ორსაათნახევარი, დელეგაციაში: თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია, ვიცე-პრემიერი გია ბარამიძე, თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე, საქართველოს მუდმივმოქმედი წარმომადგენელი ნატო-ში გეგა მგალობლიშვილი და თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები. ვიზიტის მიზანი იყო ავღანეთში სამშვიდობო მისიით მყოფი ჩვენი ჯარისკაცების მონახულება და შეხვედრები ბატალიონისა და გარნიზონის მეთაურებთან.

ილუმინატორიდან ავღანეთი აღელვებულ, ტალახისფერ ზღვას ჰგავს - მთები, მთები, უდაბნოები და არანაირი მწვანე. მერე ეს „ზღვა” უცებ წყნარდება და იშლება უზარმაზარი დაბლობი. ეს არის ქაბული.

დედაქალაქში, სადაც წლეულს პირველადაა შუქი, არც გავსულვართ, აეროპორტით შემოვიფარგლეთ. სხვათა შორის, საერთოდ არ ცხელოდა - ქაბული ზღვის დონიდან 1800 მეტრზეა. რაღაც პროცედურების გავლას რამდენიმე ქართველთან ერთად ველოდებოდი ოთახში, რომელიც ძალიან ჰგავდა ძველი სახლმმართველობის ოთახს, სადაც თავის დროზე ერთმანეთზე კაპასი რამდენიმე ქალი იჯდა ქრთამის მოლოდინში.

ერთ მხარეს ეკიდა პლაზმური ტელევიზორი, რომელიც ძალიან ცუდად აჩვენებდა რაღაც უცნაურ მულტფილმს. იქვე ხელმოტეხილი ავღანელი ლოცულობდა იატაკზე გაფენილ პატარა ხალიჩაზე, მეორე კედელზე კი რამდენიმე წარჩინებული წვეროსანის ფოტო ეკიდა. ერთ-ერთს ძალიან წააგავდა ოთახში მორბენალი ჩაის ჩამომტარებელი. რა თქმა უნდა, ყველა იარაღით იყო. იმ 24 საათში, რაც ავღანეთის მიწაზე თუ ჰაერში გავატარე, უიარაღოდ თითქმის არავინ ყოფილა.

მერე, რაღაც მომენტში, აღმოვჩნდით ვიაიპი ლაუნჯში, სადაც დაახლოებით ისეთი ავეჯი იდგა, როგორიც სამოცდაათიანებში ჰქონდათ გადამალული ხორცკომბინატის დირექტორებს. იქ დავლიე პირველი ბოთლი წყალი ავღანეთში და ბარემ აქვე გეტყვით, რომ ამ ქვეყანაში წყალი ზუსტად ისეთივე აუცილებელი ატრიბუტია, როგორც ჯავშან-ჟილეტი და იარაღი - ერთ დღე-ღამეში დაახლოებით 20 ლიტრი სითხე მივიღე! თუმცა სხვანაირად არც გამოვა, შეიძლება ცუდად გახდე და გადასხმა დაგჭირდეს. მით უმეტეს, ლეზერნეკში...

ლეზერნეკი
ეს არის საზღვაო ქვეითების ძირითადი ბაზა, რომელიც ქაბულის სამხრეთით, 800 კილომეტრშია და რომელშიც ამერიკული სამხედრო თვითმფრინავით გავფრინდით. ამ ურჩხულივით თვითმფრინავს არ აქვს ფანჯარა, შიგნით კი ისეთი ხმაურია, რომ საგანგებო ყურის საცობებს გირიგებენ და რომ არ გაიკეთო, შეიძლება თავი გაგისკდეს. იქ სავალდებულოა ჯავშან-ჯილეტი და ჩაჩქანი მთელი მგზავრობის განმავლობაში, სკამები შუაშია ერთ მწკრივად და კარგად უნდა მიება, რადგან არავინ იცის, როგორ დასვამს პილოტი - შეიძლება სტანდარტულად გააკეთოს ეს, შეიძლება მიწასთან მიახლოებისას უცებ მოწყდეს და დაენარცხოს, შეიძლება რამდენჯერმე აიწიოს და დაიწიოს. მიზეზი ავღანურ-ბანალურია: არავინ იცის, როდის გაიხსნება ცეცხლი ქვევიდან.

საათ-ნახევარში ჩავედით და როცა უკანა გასასვლელიდან პირველი ნაბიჯი ჩავდგი, აღმოვჩნდი იმ საუნაში, რომელზეც ზევით მოგიყევით: ტემპერატურა 55 გრადუსი, საშინელი ქვიშანარევი ქარი, ირგვლივ სხვადასხვა ზომის ქარბორბალები ბზრიალებს, დაფრინავენ ვერტმფრენები, დარბიან კბილებამდე შეიარაღებული ჯარისკაცები, დადიან ჯავშან-მანქანები, ისმის სირენების ხმა, შენ ვეღარ სუნთქავ, გგონია, რომ ოფლად დაიღვრები, მაგრამ ოფლი დაღვრას ვერ ასწრებს, წამში ორთქლდება, მზე ტვინში გაჭერს, გაყინული წყალი ერთ წუთში დუღდება...

რამდენიმე მანქანაში გავნაწილდით და წავედით ერთ-ერთ ბაზასთან, საიდანაც ვერტმფრენებით უნდა წავსულიყავით ქართული ბატალიონის დისლოკაციის ადგილზე, დელერამში. დაახლოებით ათი წუთი ვიარეთ და დამხვდურმა ქართველმა მაიორმა გვიამბო, რომ ყოველ მონაკვეთს ქართველებმა თბილისის ქუჩების სახელები დაარქვეს – ასე ჩავიარეთ რუსთაველის გავლით კოსტავა, გავედით ჭავჭავაძეზე და ასაფრენ წერტილსაც მივადექით. ეს იყო არა ჩვეულებრივი ვერტმფრენები, არამედ ბოინგის მიერ შექმნილი უახლესი მოიერიშე მოდელი, ძალიან სწრაფი და ტევადი V-22 ოსპრისი, რომელიც ვერტიკალურად ფრენისას არის ვერტმფრენი და როცა გარკვეულ სიმაღლეს აღწევს, გარდაიქმნება თვითმფრინავად. ფრენისას უკანა სივრცე მთლიანად ღიაა, იქ დამონტაჟებულ ვეებერთელა ტყვიამფრქვევთან კი ამერიკელი მეტყვიამფრქვევე ისე უდარდელად დაიარებოდა, რამდენჯერმე დარწმუნებული ვიყავი, რომ უკვე გადავარდნილი იყო. არ გადავარდა...

დელერამი
ოც წუთში საბოლოო დანიშნულების ადგილზე ვიყავით. ქართველ ჯარისკაცებთან შეხვედრამდე დაჯავშნილი მანქანებით MRAP (რომლებმაც ჰამერი ჩაანაცვლა, თითოეული მილიონ დოლარზე მეტი ღირს, შეუძლია განაღმვა და ვერც ერთი იარაღი ვერ „იღებს”) წაგვიყვანეს სასადილოში, სადაც ყველაზე კარგად ხვდები, თუ რამდენად ძლიერი სახელმწიფოა ამერიკის შეერთებული შტატები - ცალკეა თევზეულის განყოფილება, ცალკე - ხორციანი კერძები, იქვეა სალათები, ხილი, ნამცხვრები, ნაყინი და ყველანაირი უალკოჰოლო სასმელი, რაც გაგვიგია და არ გაგვიგია. ყველაფერი შეუზღუდავადაა, შეგიძლია მიირთვა რაც გინდა და რამდენიც გინდა. თან ყველგან გრილა.

ამის შემდეგ დელეგაცია ჩვენს ჯარისკაცებს შეხვდა. ძალიან ემოციური და თბილი შეხვედრა იყო, ბიჭები გახარებულები ჩანდნენ იმით, რომ პირადად მოუხდათ შეხვედრა თავიანთ მინისტრთან და დელეგაციის სხვა წევრებთან. იქ ვნახე ჩემი ახლო მეგობარი თორნიკე ასათიანი, რომლის ნახვის იმედიც აღარ მქონდა (სხვა ბაზაზე მეგონა) და რომელმაც ბევრი საინტერესო რამ მიამბო:

“ჩვენი მთავარი მიზანი მოსახლეობის მშვიდობიანად გადმობირება, ადგილობრივებთან ურთიერთობის დარეგულირებაა. იცი, როგორ ხდება? სოფელში შევდივართ სამშვიდობოები, მიგვაქვს საჩუქრები, საჭმელი, რაღაცების მშენებლობაში ვეხმარებით და ვაჩვენებთ, რომ ცივილიზებულად ცხოვრება კარგია. მერე თალიბები შედიან, მათ თავიანთი ენა აქვთ, სასამართლოებს აწყობენ, მოღალატეობას არავის პატიობენ. ერთი სიტყვით, კალვერას და კრისის სიტუაციაა. გარდა ამისა, ვიცავთ არსებულ ბაზებს, ვახდენთ პატრულირებას, ვამუშავებთ ინფორმაციას. ძირითადად ამერიკელებთან ერთად ვმუშაობთ და ეს 24-საათიან რეჟიმში ხდება.”

საუბარში სხვა ჯარისკაცებიც ერთვებიან: „თავიდან აქაურებს რუსები ვეგონეთ და ცოტა დაძაბული ურთიერთობა გვქონდა, იმიტომ რომ ავღანელებს რუსები ყველაზე მეტად ეზიზღებათ დედამიწის ზურგზე. დღეს უკვე ყველაფერი წესრიგშია, ქართველები ყველამ გაგვიცნო და დაგვაფასა. აქ იშვიათადაა ექსტრემალური სიტუაციები, თუმცა რამდენიმე ყველაზე ცხელ წერტილში არიან ჩვენები და საოცრად იბრძვიან. ერთხელ სამი ქართველი რამდენიმე დღის განმავლობაში ებრძოდა ათეულობით თალიბს და ბოლომდე გაუძლეს. თალიბები ძირითადად ავღანელები, პაკისტანელები და ირანელები არიან. აგრესიულობით ავღანელები გამოირჩევიან. ისინი ძირითადად დღისით იბრძვიან, რადგან უმეტესობას ქათმის სიბრმავე სჭირს.”

„აქაურების შემოსავლის მთავარი წყარო, რა თქმა უნდა, ყაყაჩოს მოყვანა და ჩაბარებაა. გლეხებს ამაში ხელს არავინ უშლის, თუმცა მთავარი ბრძოლა იმათთანაა, ვინც ყაყაჩოს იბარებს, ოპიუმად ამუშავებს და ყიდის. ყაყაჩო მდინარის ნაპირებზე ხარობს. კიდევ მოჰყავთ ხორბალი და, სხვათა შორის, უგემრიელეს ლავაშს აცხობენ. არის თუთა, ლეღვი, თევზის დაჭერაც შეიძლება. ჩვენ კარგად ვართ, არაფერი გვაკლია, ინტერნეტზეც მიგვიწვდება ხელი, ტელეფონზეც. გაგიკვირდება და, ყველაზე მკაცრი აკრძალვა სექსზე და დალევაზეა.”

“გარდა იმისა, რომ აქ ჩვენს ქვეყანას წარმოვადგენთ, ვიღებთ დიდ გამოცდილებასაც, ვიხვეწებით, როგორც სამხედროები. ჩვენ სხვებთან ერთად ვიბრძვით მშვიდობის დასამყარებლად. ჩვენი მთავარი მისია სწორედ ესაა.”

„აქ ერთი სოფელია, მთაში, სადაც გიორგი მეთერთმეტეს თანმხლები ჯარის ნაწილები დასახლდნენ და შემორჩნენ. ეს ერთადერთი სოფელია, რომელიც არც სამშვიდობოებს იკარებს და არც თალიბებს. არავის ელაპარაკებიან.”

„რა გვენატრება? ოჯახები. საქართველო. სიმწვანე. სუფთა ჰაერი. ღვინო. ხაჭაპური. თბილისში სეირნობა. 26 მაისს მწვადი შევწვით, ყველას ძალიან მოეწონა. ტორტიც გვქონდა.”

ამერიკელმა ჯარისკაცმაც ილაპარაკა: „ქართველები ძალიან თბილი, მეგობრული და ვაჟკაცი ხალხი ყოფილხართ. გვერდში დგომა იცით, მხიარულები ხართ. თქვენს ჯარისკაცებს ავღანეთში ყველა იცნობს და აფასებს. მაგარი ბიჭები არიან”.

რამდენიმე საათის შემდეგ იყო ემოციური დამშვიდობება და სამტყვიამფრქვევიანი (უკან და გვერდებში, ერთ-ერთთან გოგო იდგა) სადესანტო ვერტმფრენით დაბრუნება ლეზერნეკში, სადაც ქართული დელეგაციის ბოლო შეხვედრა გაიმართა გარნიზონის მეთაურთან, გენერალ-მაიორ რიჩარდ მილსთან (მანამდე დელეგაცია შეხვდა კოალიციური ძალების სარდალს, სახელოვან გენერალ სტენლი მაკკრისტალს), რის შემდეგაც ოფიციალური კომენტარებიც გაკეთდა.

ბაჩო ახალაია: „ჩვენი აქ ჩამოსვლის მთავარი მიზანი იყო, გვენახა ავღანეთში განლაგებული ქართული საჯარისო ნაწილები. შევხვდით ამერიკელ კოლეგებს, რომლებიც კმაყოფილებას ვერ მალავენ ჩვენი ბიჭების მუშაობით და მადლობაც გამოგვიცხადეს. რაც მთავარია, თავად ქართველი ჯარისკაცები არიან კმაყოფილი აქ მიღებული გამოცდილებით და ყველაფერს აკეთებენ, რათა მოვალეობა კარგად შეასრულონ, საქართველოს თავდაცვისუნარიანობა გაზარდონ და სამშობლო ასახელონ. ვიზიტმა მშვენივრად ჩაიარა.”

გია ბარამიძე: „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის წევრებს და სამხედრო მაღალჩინოსნებს უშუალოდ ჯარისკაცებთან შეხვედრის საშუალება გვქონდა, რადგან ხშირად პატარა პრობლემის მოგვარებაც კი დადებითად მოქმედებს მათ მორალურ მდგომარეობაზე. ბიჭები მხნედ და ვაჟკაცურად არიან. ჩვენ პირველწყაროდან მივიღეთ ინფორმაცია, როგორი შეიარაღება აქვთ, როგორ იკვებებიან და როგორ ისვენებენ. ამ მხრივ ყველაფერი რიგზეა იმდენად, რამდენადაც ეს ომშია შესაძლებელი. მომავალში კიდევ ვაპირებთ ჩამოსვლას და რამდენიმე დღით დარჩენას. ამ მისიის მაღალ დონეზე შესრულება ძალიან წაადგება ჩვენს ინტეგრაციას ნატო-ში. იმედია, ყველაფერი კარგად ჩაივლის და ყველა ერთად ვიამაყებთ ქართველი ჯარისკაცებით.”

გია ბარამიძეს ერთი სასაცილო ამბავიც შეემთხვა - უკანა გზაზე, ქაბულში გაფრენამდე, სამხედრო თვითმფრინავში, რომელიც სავსე იყო შეიარაღებული ადამიანებით, არ შეატანინეს პატარა დანა – ჩაგვაბარე და დედაქალაქში დაგიბრუნებთო.

ამავე აეროპორტში ვნახე 22 წლის ბიჭი, რომელიც ავღანეთში სტაჟიორ ექიმად მუშაობს და რომლის მშობლები ამერიკის უმდიდრეს ადამიანთა შორის არიან.

და იქვე კიდევ ერთი საინტერესო სცენა - მიწიდან დაახლოებით თხუთმეტ მეტრში ცხვირით ერთმანეთისკენ ეკიდა ორი ვერტმფრენი აპაჩი. ზუსტად ისე, როგორც ბარნოვზე კრეისერივით ჯიპები. ჩვენმა თანმხლებმა ჯარისკაცმა მითხრა, რომ ეს ვერტმფრენები ჰაერში ტყუილად არ იწევიან და როცა იწევიან, თალიბებს ძალიან ცუდი ამბავი ელით.

უკანა გზის თითქმის ნახევარი კი სალონში შუქჩამქრალი თვითმფრინავით ვიმგზავრეთ. ასეთია უსაფრთხოების წესები ავღანეთის ტერიტორიაზე...

ასე ჩაიარა ამ უცნაურმა, სიზმარივით მოგზაურობამ. თბილისიდან წასვლისას მთხოვეს, ჯარისკაცებისთვის გადამეცა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ჯარისკაცებმაც იგივე დამაბარეს: ჩვენებს, თითოეულ ქართველს უთხარი, ყველაფერი გადასარევად იქნებაო. და მე მჯერა ამ ძალიან მაგარი, კეთილშობილი, ვაჟკაცი, მთასავით ბიჭების, რომლებსაც მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში უზარმაზარ პატივს სცემენ.

კომენტარები