საქართველოს დეოკუპაცია - ამერიკის საგარეო პოლიტიკის მიზანი

ფილიპ გორდონი
8 ივნისს ჟენევაში საქართველოსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მე-11 რაუნდმა დაძაბულ ვითარებაში ჩაიარა. განსახილველ საკითხთა შორის უსაფრთხოების მექანიზმებისა და ჰუმანიტარული საკითხების გარდა, ძალის გამოუყენებლობის შესახებ ახალი შეთანხმების საკითხიც იდგა.
„სიტუაცია კვლავ დაძაბულია, ზოგჯერ სახიფათოც კი, და ეს იმ ტერიტორიებსაც ეხება, რომლებიც ორი წლის წინ არ ითვლებოდა კონფლიქტურ ზონებად”, უთხრა ჟურნალისტებს ევროკავშირის წარმომადგენელმა პიერ მორელმა. „ჩვენ სასწაულებს ვერ მოვახდენთ, ერთი ხელის მოსმით ვერ შევამცირებთ განსხვავებებს. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ის ცენტრალური საკითხი, რომელიც უსაფრთხოებას ეხება, მეტ-ნაკლები სიმწვავით ყოველთვის დგას ჩვენი დღის წესრიგში”, - თქვა მორელმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგორი კარასინის განცხადებით, 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის შეთანხმებები არ უზრუნველყოფს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უსაფრთხოებას: „მიგვაჩნია, რომ ეს ხელშეკრულებები არ არის საკმარისი. ჩვენ მუდმივად ვერ დავეყრდნობით ამ შეთანხმებებს, როგორც რეგიონში მშვიდობიანი და ბედნიერი ცხოვრების გარანტიას... აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ძალიან უნდათ, რომ საქართველომ ასეთი ვალდებულება იკისროს, ვინაიდან მოსახლეობას კვლავ ძალის გამოყენებისა და ამ ეგრეთ წოდებული ერთიანი საქართველოს სახელმწიფოში დაბრუნების შიში აქვს”.
რუსეთის პოზიციას კატეგორიულად არ ეთანხმება ქართული დელეგაცია, რომელმაც ამ მოლაპარაკებათა დროს საკუთარი მოკავშირის, ამერიკის მხრიდან საჯარო და არაორაზროვანი მხარდაჭერა მიიღო.
„ეს ხელშეკრულება ასევე ავალდებულებს რუსეთს, გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან”, - განაცხადა გიგა ბოკერიამ ქართული მხარის მიერ გამართულ ბრიფინგზე. „ამრიგად, თუ რამე ახალი შეთანხმება იქნება, რაზეც, თანახმა ვართ, ვიმუშაოთ რუსეთის ფედერაციასთან, იგი უნდა შეესაბამებოდეს ყველა იმ პუნქტს, რომლებიც უკვე დევს 12 აგვისტოს შეთანხმებაში”, - თქვა მან.
აშშ-ს დელეგაციის განცხადებით - რომელსაც აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ გორდონი ხელმძღვანელობდა - 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში უკვე განსაზღვრულია მხარეთა ვალდებულება ძალის გამოუყენებლობის შესახებ. „ამ ხელშეკრულების სრულად განხორციელების შემთხვევაში - რასაც ჩვენ კვლავ ველით რუსეთის ფედერაციისგან - აღარ იქნება საჭირო დამატებითი შეთანხმების გაფორმება”, - განაცხადა ფილიპ გორდონმა.
ძალის გამოუყენებლობის შესახებ კიდევ ერთი შეთანხმება ვითარებას იმ შემთხვევაში გააუმჯობესებდა, თუ მასში გათვალისწინებული იქნება ყველა მხარის ინტერესი, შეტანილი იქნება „განხორციელების რეალური ზომები” და თავიდან იქნება აცილებული სტატუსის საკითხის „უსარგებლო პოლიტიზება”.
გორდონის პოზიციას კიდევ უფრო აძლიერებს ობამას სპეციალური თანაშემწის, ეროვნული უშიშროების საბჭოს რუსეთის და ევრაზიის საკითხებში უფროსი დირექტორის მაიკლ მაკფოლის გამოსვლა ვაშინგტონში. მან ობამას ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის მიზნად „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა” და „რუსეთის ოკუპაციის დასრულება” გამოაცხადა. აღსანიშნავია, რომ რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკის ფონზე საქართველოს მოკავშირეები ტერმინ „ოკუპაციას” აქამდე თითქმის არ იყენებდნენ.
მაკფოლმა კატეგორიულად უარყო მოსაზრება, რომ რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკის ხარჯზე ვაშინგტონმა საქართველო მიატოვა და განაცხადა, რომ ადმინისტრაციის სტრატეგია „არ გულისხმობს, რომ ჩვენ საქართველოს იგნორირებას ვახდენთ... ჩვენ ამ საკითხებს პარალელურად ვაკეთებთ, თუმცა მათ ერთმანეთს არ ვუკავშირებთ”.
მისი თქმით, რუსეთთან მიმართებაში აშშ-ის პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს არ მოხდეს ისეთი საკითხების ერთმანეთთან დაკავშირება, რომლებსაც საერთო არაფერი აქვთ. ობამას ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ასეთი მიდგომის შედეგად ამერიკა თავადვე ამბობს უარს იმ ბერკეტებზე, რომელთა მეშვეობითაც მას რუსეთზე გავლენის მოხდენა შეუძლია მისგან გარკვეული დათმობების მისაღებად.



 

კომენტარები