ზოსიმეს გაფრთხილება

ყველამ ვიცით, რომ მეორედ მოსვლის დროს ღმერთი ქართულ ენაზე მოსთხოვს პასუხს საშინელ სამსჯავროზე წარმოდგენილ მოქალაქეებს.
ჯერ კიდევ როდის წერდა ამის შესახებ იოანე ზოსიმე.

პლანეტის მკვიდრნი - იაპონელებით დაწყებული და ნიგერიელებით დამთავრებული - ქართულად ამეტყველდებიან და ქართულ ენაზე მოისმენენ უმაღლეს განაჩენს.

ეს ასეა და სხვაგვარად არ გამოვა. შევეგუოთ.

ჰოდა, განა უხერხული არ იქნება, რომ ქართულად ალაპარაკებულმა კანადელმა ბევრად ნაკლები შეცდომა დაუშვას თავის საუბარში, ვიდრე იქვე წარმოდგენილმა ეთნიკურმა ქართველმა?

და ეს რომ ასე იქნება, ამას წყალი არ გაუვა: ქართული ენის მცოდნე უცხოელები (პირველ ყოვლისა, ანგლო-საქსები), როგორც წესი, თავად ქართველებზე უკეთ, უშეცდომოდ ლაპარაკობენ ჩვენს მშობლიურ, ქართულ ენაზე.

მინახავს ქართულად მოსაუბრე ამერიკელი და გავოგნებულვარ მისი ქართულით.

მინახავს ქართულად მოსაუბრე ინგლისელი და აღვფრთოვანებულვარ მისეული ქართულით.

მინახავს ქართულად მოსაუბრე გერმანელი და აღვტაცებულვარ მისგან მოწოდებული ქართულით.

მინახავს ქართულად მოსაუბრე შვეიცარიელი და ცხარე ცრემლებით მიტირია მისი ქართულის მოსმენისას.

მინახავს ქართულად მოსაუბრე სომეხი და შემრცხვენია, რომ ამისთვის მადლობაც კი ვერ გადავუხადე სომხურად.

მინახავს ქართულად მოსაუბრე ბერძენი და შემყვარებია კიდეც მისი ცოდნის გამო.

არ მინახავს ქართულ ენაზე მოსაუბრე არც ერთი რუსი... თუმცა ეს სხვა ამბავია.

სამაგიეროდ მრავლად მინახავს ისეთი ქართველი, რომელიც ორ სიტყვას ვერ აბამს თავის მშობლიურ ენაზე, ან თუ აბამს - უდამთრგუნველესად!

მე მინახავს ისეთი ქართველი, რომელიც მხოლოდ ოთხი-ხუთი წინადადებით შეიარაღებული მიუყვება ცხოვრების გზას. მეტი არ სჭირდება. მას აქვს რამდენიმე გინება (მათ შორის, ავტოგინებაც), ჟარგონით გაჯერებული სამიოდე ფრაზა და ტელევიზორიდან შეწოვილი სამი ცალი მკვდარი ტერმინი.

ასეთი ქართველისთვის ტონია მნიშვნელოვანი და არა ლექსიკა. წინადადება და სიტყვები არ იცვლება, ერთი და იგივეა - შინაარსს მათ ტონის ცვლილება სძენს. მაგალითად, “ბოზის შვილი ვიყო” - როგორც ასეთი, სხვადასხვა დროს შესაძლოა გამოხატავდეს ბრაზსაც, აღტაცებასაც, სიხარულსაც, გაოგნებასაც, მძვინვარებასაც და მადლიერებასაც კი. მთავარია, ვიმეორებ, ტონი შეიცვალოს დროულად. ასეთს არ სჭირდება ბევრი სიტყვა - თავისნაირს ისედაც აგებინებს ყველაფერს... თუმცა, მან ჯერ კიდევ არ იცის, თუ როგორი პრობლემები შეექმნება მეორედ მოსვლის ჟამს! რომელიმე ფილიპინელი ქ-ნ შუქია აფრიდონიძესავით ან დიდი აკაკი შანიძესავით ატიკტიკდება ქართულად, ეს კი, “ოთხწინადადებიანი ქართველი”, სასოწარკვეთილი “ბოზიშვილივიყოებით” შეეცდება თავისი უდანაშაულობის მტკიცებას... მაგრამ რას დაამტკიცებს, კი ვნახავთ.

პრობლემები შეექმნებათ იმგვარ ქართველებსაც, რომელთაც ღირსებად მიაჩნიათ ინგლისური (ან, უახლოესი ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, რუსული) სიტყვების ჩათხრა საუბარში... ვითომ ქართულ სიტყვებს რომ ვერ იხსენებენ! ასეთებისთვის განცალკევებით ითუხთუხებს ზოსიმეს ნაწინასწარმეტყველები ლინგვისტური კუპრი...

არც ის ქართველები ჩავარდებიან უკეთეს დღეში, რომელნიც უცოდინრობისგან არქაულ სიტყვებს ხმარობენ მეტყველებისას (აქაოდა, უფრო უკეთეს პატრიოტებად გამოვჩნდებით ასეო). ხომ გინახავთ ამნაირები? აზრს რომ ვერ გადმოგცემენ, მაგრამ მაინც ჯიუტად რომ ხმარობენ “უკეთუს”, “რამეთუს”, “ვითარმედს” და მისთანებს... ჩვენი ერთი ყოფილ-ადგილობრივი რეგიონალური დესპოტი მახსენდება ხოლმე ასეთ დროს - სიტყვებს ვერ აბამდა ერთმანეთზე, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც ამაყად წამოისროდა მკაცრ “რამეთუებს”: “რამეთუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა... ეს არის ჩიტი, რომელიც დაიჭირენ და გაპუტენ”.

ჰოდა, მაშ რატომ ხდება ასე, რომ ქართული ენის მცოდნე უცხოელები ჩვენზე, ქართველებზე უკეთ ლაპარაკობენ ქართულად?

იმიტომ ხომ არა, რომ ისინი ქართულად კითხულობენ წიგნებს?

ცხადია, ამიტომ!

მათ უყვართ კითხვა, ქართულს ქართული წიგნებიდან ითვისებენ, ჩვენ კი არ გვიყვარს და შესაბამისადაც ვმეტყველებთ.

ამიტომ მერე ნუღარ გვეწყინება, როცა ბ-ნ ლევან ღვინჯილიასეული ქართულით აჭიკჭიკებული ალჟირელი წარმატებით ჩააბარებს ზოსიმეს გამოცდას, ხოლო ჩვენ კი ჩვენივე რამეთუიან-გინებიან-ბარბარიზმებიანად მოგვისვრიან ცეცხლოვან გეენაში.

კომენტარები