ობამა და ევროპა: თაფლობის თვის დასასრული

წლის მაისში, ესპანეთში იგეგმებოდა ევროკავშირისა და აშშ-ს ყოველწლიური სამიტი. ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ მოუცლელობის გამო ვერ შეძლებდა დასწრებას და სამიტი ჩაიშალა. ევროპელ კოლეგებს იმედი გაუცრუვდათ. პრეზიდენტი ბუშიც კი, რომლის მიმართაც ევროპელები ცუდად იყვნენ განწყობილები, ყველა სამიტს ესწრებოდა.
პრეზიდენტობის პირველ წელს ბარაკ ობამა აშშ-სა და ევროპას შორის ურთიერთობების დათბობას ცდილობდა. სიმპათია ორმხრივი იყო. ობამას გამარჯვებით გამოწვეული სიხარული შეიმჩნეოდა როგორც ევროპელ რიგით მოქალაქეებში, ასევე ლიდერებშიც (ანგელა მერკელი და ნიკოლა სარკოზი).
ევროკავშირის და აშშ-ს ყოველწლიური სამიტი ბოლოს 2009 წელს, ჩეხეთში ჩატარდა. ობამა სამიტს ოპტიმისტური განწყობით ესტუმრა, თუმცა, მალევე მიხვდა, რომ მის მიერ წამოჭრილი საკითხები ევროპელ ლიდერთა ინტერესებს არ ემთხვეოდა. ობამამ, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, აშშ-ს საგარეო ურთიერთოებათა პრიორიტეტებს შორის გამოყო ავღანეთის ომი, გუანტანამოს ციხის პრობლემა და გლობალური კლიმატის ცვლილება. ავღანეთის ომისგან ევროპას თავი შორს უჭირავს, რადგან მხოლოდ აშშ-ს პრობლემად მიაჩნია. გუანტანომოს პატიმრების მიღებაზე ევროკავშირი თავს იკავებს. ხოლო კლიმატის ცვლილებისადმი მიძღვნილ კოპენჰაგენის კონფერენციაზე, გადაწყვეტილებათა მაგიდასთან, ევროპული ქვეყნების არც ერთი ლიდერი არ მჯდარა.
ევროპელთა განყენებული პოზიცია ობამასთვის აშკარა გახდა ნატოს სამიტიდანაც. სამიტზე მან განაცხადა, რომ დროა ამერიკელებმა უარი თქვან აროგანტულობაზე და არსებული პრობლემები დანარჩენ მსოფლიოსთან თანამშრომლობით გადაჭრან. ასევე აღნიშნა ევროპის მნიშვნელობა ავღანეთისთვის. თუმცა, ევროპელთა ინტერესი ავღანეთის მიმართ არ გაზრდილა. მათ ამ ტერიტორიაზე დისლოცირებული სამხედრო კონტინგენტის შემცირება გადაწყვიტეს.
ობამამ დაკარგა ევროპასთან დიალოგის ინტერესი. იგი არ ჩასულა ბერლინში კედლის დანგრევის მეოცე წლისთავზე, ხოლო საფრანგეთში ყოფნისას სარკოზისთან სადილზე უარი განაცხადა და მხოლოდ ამერიკის საელჩოს სტუმრობით შემოიფარგლა. უკანასკნელ პერიოდში, ფოლკლენდის კუნძულების საკითხის გააქტიურების კვალდაკვალ, აშკარაა აშშ-ს ურთიერთობის გაუარესება ისეთ ძველ მოკავშირესთანაც კი, როგორიც ბრიტანეთია.
აშშ-სა და ევროპას შორის განსხვავებულია ნატოს გაფართოების ხედვაც. ალიანსის აღმოსავლეთით გაფართოებას ევროპის ქვეყნები აშკარად ეწინააღმდეგებიან, აშშ კი მიესალმება საქართველოსა და უკრაინის მიღებას ნატოში. განსაკუთრებით საყურადღებოა ევროპის და აშშ-ს დამოკიდებულება რუსეთთან. მიუხედავად იმისა, რომ თეთრი სახლი ამ ქვეყანასთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლას ცდილობს, მისთვის შეიარაღების მიყიდვას მიუღებლად მიიჩნევს. საფრანგეთმა უყურადღებოდ დატოვა აშშ-ს ყველა თხოვნა თუ რეკომენდაცია, მისტრალის რუსეთისთვის მიყიდვის შესახებ. შედეგად, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ფრანგულ კომპანიებს სპეციალური შეღავათები გაუუქმა.
აშშ-ს აქტიურობას აღმოსავლეთ ევროპაში დიდი მნიშვნელობა აქვს ამ რეგიონის ქვეყნებისთვის. მათი სუვერენიტეტისთვის რუსეთი ჯერ კიდევ საფრთხეა. რუსეთის მიმართ ობამას „გადატვირთვის პოლიტიკამ” კრიზისი გამოიწვია აღმოსავლეთი ევროპის და აშშ-ს ურთიერთობებში. ობამას მიიჩნია, რომ ეს ქვეყნები დამოუკიდებლადაც შეძლებენ საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვას და პროდასავლურ კურსსაც შეინარჩუნებენ. თუმცა, როგორც აღმოსავლეთი ევროპის ყოფილმა ლიდერებმა ლეხ ვალენსამ, ვაცლავ ჰაველმა და სხვებმა აღნიშნეს ობამას ადმინისტრაციის მიმართ ღია წერილში: „აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნები უკვე კარგავენ ნდობას იმ დასავლური ინსტიტუტების მიმართ, რომელსაც 6 წლის წინ შეუერთდნენ”. მათი თქმით, ახალ თაობებს უკვე აღარ ახსოვთ აშშ-ს დახმარება დამოუკიდებლობის მოპოვების პროცესში და ამერიკა თავის ხმას კარგავს ევროპაში. ლიდერები ემხრობიან „გადატვირთვის პოლიტიკას”, თუმცა შიშობენ, რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთოების დათბობა აღმოსავლეთი ევროპის ინტერესთა ხარჯზე არ მოხდეს. აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებს სურთ შინაც უსაფრთხოდ იგრძნონ თავი, როცა, ნატოს ოპერაციებში მონაწილეობენ. „ჰორიზონტზე ღრუბლები გროვდება” - ნათქვამია წერილში.
აშშ-ს როლი აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნების უსაფრთხოებაში მცირდება. ამის თვალსაჩინო გამოვლინებაა სარაკეტო სისტემების ჩეხეთსა და პოლონეთში დაყენების გადაწყვეტილების გაუქმება. ექსპერტთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ ობამას კარგად არ ესმის ამ რეგიონის მნიშვნელობა და მათი უსაფრთხოების პრობლემები. დასავლეთისაგან განსხვავებით, აღმოსავლეთ ევროპას გლობალური კლიმატი ნაკლებად აინტერესებს, როცა კონკრეტულად მათი ქვეყნების თავზე მოიქუფრა შავი ღრუბელი, სახელად რუსეთი.
2010 წლის 2 მარტს ევროპას ეწვია სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, რომელმაც ისაუბრა ევროპულ-ამერიკულ მეგობრობაზე. ამასთანავე, ესპანეთმა გადაწყვიტა მიიღოს რამდენიმე პატიმარი გუანტანამოს ციხიდან. მიუხედავად ამ მოჩვენებითი ძვრებისა, ევროპასა და აშშ-ს შორის ინტერესთა სხვაობა ოპტიმისტურად ვერ განგვაწყობს. ობამას დამოკიდებულება ევროპის მიმართ კარგად ჩანს სამიტისთვის მოუცლელობით. მოლოდინები ობამას ახალი ევროპული პოლიტიკის შესახებ არ გამართლდა. მისი „ევროპული თაფლობის თვე” დასასრულს მიუახლოვდა.


 

კომენტარები