ირანის რეჟიმის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ესმაილ ბაღეიმ, პასუხის გაცემის პირობა დადო მას შემდეგ, რაც უკრაინამ კასპიის ზღვაში იერიში მიიტანა გემზე, რომელიც სამხედრო ტვირთის გადასატანად გამოიყენებოდა.
"უკრაინის ქმედება აბსოლუტურად უკანონო და გაუმართლებელია, ეწინააღმდეგება [გაეროს] ქარტიას და წარმოადგენს თავგადასავლების ძიების სახიფათო აქტს, რაც ჩვენი მხრიდან ნამდვილად არ დარჩება პასუხგაუცემელი." – თქვა მან.
ბაღეიმ "ზელენსკის უკან მდგომ უფრო დიდ ფიგურებს" უკრაინის პრეზიდენტის "გაკონტროლებისკენ" მოუწოდა, ვინაიდან, მისი თქმით, "უკრაინის რეჟიმის ქმედებებს შესაძლოა, შედეგები მოჰყვეს და გავლენა მოახდინოს მსოფლიოს სხვა ნაწილებზე."
ირანის რეჟიმის საგარეოს სპიკერმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებმა მომხდარისთვის პასუხი უნდა აგონ.
მანამდე ირანის რეჟიმის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ, უკრაინა გაეროს ქარტიის დარღვევაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ კასპიის ზღვაში ირანულ გემს ზელენსკი "ისრაელის დავალებით" დაესხა თავს.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 25 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა კასპიის ზღვაში რუსულ გემსა და ხომალდებს დაარტყა, რომლებსაც ირანთან დაკავშირებული სამხედრო ტვირთის გადასატანად იყენებდნენ.
მოგვიანებით ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კასპიის კასპიის ზღვაში ირანულ სავაჭრო ხომალდზე უკრაინის თავდასხმა დაგმო. თეირანმა ინციდენტს აგრესიის აქტი უწოდა და განაცხადა, რომ ირანი ეროვნულ ინტერესებსა და უსაფრთხოებას დაიცავს.




