კახა კალაძის თქმით, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისის 00:00 საათზე დაიწყება და ნოემბრის ბოლოს დასრულდება.
"სარეაბილიტაციო არეალი მოიცავს თამარ ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ ტერიტორიას, სულ ორ კილომეტრამდე გზის სავალ ნაწილს. პროექტის პირველ ეტაპზე განხორციელდება მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელების განახლება - შეიცვლება წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ცენტრალური სისტემები. ასევე, საჰაერო სადენები განთავსდება მიწისქვეშა საკაბელო არხებში. დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნებიც. ამასთანავე, მოეწყობა თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურა, განახლდება გზის სავალი ნაწილი და ტროტუარი, დაიგება ასფალტის საფარი. სრულად შეიცვლება გარე განათების ქსელი და დამონტაჟდება თანამედროვე LED განათების სისტემა.
განახლდება არსებული მწვანე სივრცეები და დაირგვება ხე-მცენარეები, რაც რუსთაველის გამზირს კიდევ უფრო მიმზიდველ და ეკოლოგიურად გაუმჯობესებულ გარემოდ აქცევს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებასა და კომფორტს - მოეწყობა მიწისზედა ქვეითთა გადასასვლელები, დამონტაჟდება საგზაო ნიშნები და დაიხაზება ჰორიზონტალური მონიშვნები. გამზირის ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის" - თქვა კალაძემ.
ცნობისთვის, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია რამდენჯერმე გადაიდო. კალაძემ 2026 წლის აპრილში თქვა, რომ რეაბილიტაცია მაისში დაიწყებოდა, იგივე განცხადება გააკეთა თებერვალშიც, მაშინ კალაძე სარეაბილიტაციო სამუშაობის ზაფხულის ბოლოს დასრულებას პროგნოზირებდა.
გასული წლის ოქტომბერში კალაძემ რაბილიტაციის დაწყება "ახალი წლების მერე" დააანონსა.
2025 წლის მარტში კალაძემ განაცხადა, რომ რუსთაველის გამზირზე სამუშაოების 2026 წელს გადატანა მოუწდევდა. მისი თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი ჩატარებული კვლევებია, რომლის მიხედვითაც მიწის ქვემოთ "მასშტაბური სამუშაოები იქნება ჩასატარებელი" და რუსთაველის გამზირის დიდი ხნით გადაკეტვა "ძალიან დიდ პრობლემებს გამოიწვევს დედაქალაქში".
2025 წლის თებერვალში კალაძე ამბობდა, რომ სავარაუდოდ, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია მაისში დაიწყებოდა.
თბილისის ცენტრალური გამზირის რეაბილიტაციის შესახებ თავდაპირველად, კახა კალაძემ 2023 წელს თბილისის მთავრობის სხდომაზე გამოაცხადა. იგი მაშინაც ამბობდა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები 2024 წელს დაიწყებოდა და 2 ეტაპად ჩატარდებოდა





