საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა

დაზიანებული მემკვიდრეობა

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ფოტოები, რომელზეც ატენის სიონის მიმდებარედ მიმდინარე მშენებლობაა ასახული. ამან საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია, რადგან ახალი მშენებლობა ძეგლის იერსახეს ამახინჯებს. ატენის სიონი ერთ-ერთია კულტურული მემკვიდრეობის იმ ასობით ძეგლიდან, რომლებიც მშენებლობებით, რესტავრაციის ან გამათბობლების და სხვა მოწყობილობების დამონტაჟების გამო ზიანდება. კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონით, ძეგლის დაზიანება ისჯება, თუმცა კანონის შესაბამისი ჩანაწერი სასულიერო პირებზე არ ვრცელდება.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო მეორე წელია, საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობს და 2018 წელს მის პარლამენტში შეტანასაც გეგმავს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, იხილავს თუ არა კანონპროექტი დღის სინათლეს, ხოლო თუ მართლაც დამტკიცდება, იქნება თუ არა ქმედითი. 

ატენის სიონი
 

“მორიგი ვერაგობა, უკულტურობა, უხეშობა, არაპროფესიონალიზმი და კულტურულ მემკვიდრეობასთან მიმართებაში ჩადენილი დანაშაული”, - ასე ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონია ატენის სიონის მიმდებარედ კელიების მშენებლობას აფასებს. კილასონია ამბობს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილება ნებართვის გაცემის შესახებ ბარბაროსული საქციელი ორი მიზეზის გამოა:

“ერთი მხრივ აზიანებენ ატენის სიონს და მეორე მხრივ, თვითონაც ამბობენ, რომ აზიანებენ არქეოლოგიურ ძეგლს. გაუგონარია, არც ძველ და არც ახლებურ მიდგომებში არსად არ გვხვდება არქეოლოგიურ ძეგლზე ზემოდან დაშენება. დავუშვათ, ოდესღაც ასე ხდებოდა - ბარბაროსები ანგრევდნენ ბევრად უფრო ცივილურ კულტურულ ძეგლებს და ამიტომაც დაერქვათ მათ ბარბაროსები. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ლეგიტიმურად უნდა ვაქციოთ ძეგლების ნგრევა, დაზიანება, არა შენარჩუნება, არამედ გადაკეთება, რაც პირდაპირ ნიშნავს მემკვიდრეობის განადგურებას. თანამედროვე სამყარო საერთოდ აღარ ცნობს ასეთ უხეშ ჩარევებს: დაშენებებს, ძეგლის სიახლოვეს რაიმე ახალი კონსტრუქციის აშენებას. ძეგლის აღქმა არის ძალიან გაფართოებული, ის არ არის მხოლოდ კედლები, ის არის ხედი და სივრცესთან ურთიერთობა”, - ამბობს სოფო კილასონია.

VII საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ატენის სიონის მიმდებარედ სასულიერო პირების საცხოვრებელი კელიების მშენებლობა რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს. ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტომ 2016 წელს გასცა. ნებართვის გაცემის საფუძვლად 1974 და 2009 წლებში წარმოებული არქეოლოგიური კვლევის შედეგად გამოვლენილი ადრეული კელიების საძირკვლის ნაშთები დასახელდა. ახალი კელიები სწორედ უძველესი საძირკვლის ნაშთებზე შენდება.

ატენის სიონის წინამძღვარი, იღუმენი კოზმა qartlli.ge-სთან ამბობს, რომ კელიები ისე აშენდება, რომ “თუ აქ არ ამოხვედით, შენობას ვერ დაინახავთ და ვერტმფრენიდანაც რომ გადაუღოთ, შენობა საერთოდ არ გამოჩნდება, იმიტომ რომ გადახურული იქნება ბანური გადახურვით, ზემოდან იქნება ბუნებრივი ბალახი და საერთოდ ვერ შეამჩნევთ, აქ რა არის. კაკლის ძირში გვაქვს დაშლილი მაგიდები და იქ ვჭამთ საჭმელს, არც აბაზანაა, ადამიანის ცხოვრებისთვის საჭირო პირობები არ არის”.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტო ატენის სიონის მშენებლობის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში მიუთითებს, რომ “პროექტში, რომელიც 9 წლის განმავლობაში, 2007 წლიდან იხვეწებოდა, გათვალისწინებულია დარგის სპეციალისტების მიერ ადრე გამოთქმული შენიშვნები და რეკომენდაციები, რაც მის მასშტაბს და გარეგნულ იერსახეს უკავშირდებოდა. დამტკიცებული ფორმით, სამონასტრო ინფრასტრუქტურისათვის საჭირო ნაგებობის მოცულობები არსებულ გარემოსთან მასშტაბურად თავსებადი და რელიეფზე ორგანულად მორგებულია. მისი სამშენებლო მასალები, კედლის წყობის ხასიათი, ფერი, გადახურვის საფარის წყობა და სხვა არქიტექტურული ელემენტები მაქსიმალურადაა შერწყმული ადგილობრივ ლანდშაფტთან”.

თუმცა, სოფო კილასონია ამბობს, რომ სააგენტო არის სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც “თვითონ ცვლის კანონებს, დებულებებს, მაგრამ რაკი ბეჭედს ასვამს, ამბობს, რომ ეს მიღებულია”.

“მაგრამ ეს მიუღებელია. სამწუხაროდ, ამ სფეროს წარმომადგენლები ბევრ რამეზე თვალს ხუჭავენ, იმიტომ რომ სხვადასხვა პროექტში უმეტესად თანამშრომლობენ ამ ინსტიტუტთან".

სხვა დაზიანებული ძეგლები
 

ატენის სიონი კულტურული მემკვიდრეობის ერთადერთი ძეგლი არ არის, რომლის იერსახე დამახინჯდა ან სხვადასხვა მიზეზის გამო დაზიანდა. მაგალითად, თბილისში მდებარე ანჩისხატის ტაძარი, VI საუკუნის ძეგლი, რომლის ეზოშიც ნაწილობრივ ხის კონსტრუქცია - ხატების და სანთლების მაღაზია ჩაიდგა.

სოფო კილასონია: “ერთი და იმავე კატეგორიის დარღვევად შეიძლება მივიჩნიოთ ატენის სიონისა და ანჩისხატის შემთხვევები, იმიტომ რომ ისინი შედიან იმ სივრცეში, რომელიც გარს აკრავს ძეგლს. მით უფრო, ანჩისხატის ტაძარი მხოლოდ ფასადიდან და კედლიდან არ იწყება. არქიტექტურა, პირველ რიგში, სივრცის გააზრებაა. არქიტექტურული ძეგლი იწყება იქიდან, სადაც ავტორმა გადაწყვიტა, სად უნდა დადგას და გარეშემო რიგირი სივრცე უნდა იყოს. იმ გარშემო სივრცეში შედიხარ და გინდა რკინა-ბეტონი, გინდა ბლოკი, გინდა ხის თუ მეტალო-პლასტმასის მაღაზიას თუ კელიას აშენებ, შენ უკვე ერევი იმ ძეგლის ჩანაფიქრში. სამწუხაროდ, იმაზე გვიწევს მსჯელობა, რა არის არქიტექტურა, როცა ამ სფეროს ინსტიტუტი მართავს, რომელშიც პროფესიონალები მუშაობენ: რესტავრატორები, არქიტექტორები, ხელოვნებათმცოდნეები, ვინც კარგად უნდა იცოდეს, რას ნიშნავს ხუროთმოძღვრება და რას ნიშნავს, როცა კედელთან ეზოში რაღაცას ახალს აშენებს”.


საფარის მთავარი ტაძრის დასავლეთ ფასადი. უხეში შეკეთებით (ნაპრალების ამოგოზვა) დაზიანებული.

საფარის მონასტერი

ლენტეხის სოფელ ხოფურის ეკლესია, მე-19 საუკუნე, თვითნებური სამუშაოების შედეგად (ფასადების შელესვა) ისტორიული სახე დამახინჯებული აქვს.


ფოტო: დეკანოზი ილია ჭიღლაძე

ურბნისის კათედრალში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან შეუთანხმებლად დაგებული იატაკი - აწეულია იატაკის დონე, რამაც დაამახინჯა ტაძრის სივრცე, დაიკარგა ისტორიული ქვის და აგურის იატაკი და დაფარა სვეტების კვარცხლბეკები.


ფოტო: დეკანოზი ილია ჭიღლაძე

წალენჯიხის კათედრალი. ჩადგმულია ხის მეორე კარი, რომელიც ამახინჯებს ინტერიერს და რომელმაც დააზიანა მე–14 საუკუნის უნიკალური ფრეკების კუთხეები.


ფოტო: დეკანოზი ილია ჭიღლაძე

ჩრდილოეთ ინგლისის და შოტლანდიის ქართული სამრევლოების წინამძღვარი, დეკანოზი ილია ჭიღლაძე, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიმართულებითაც მუშაობს, სავალალო მდგომარეობაში მყოფს ძეგლებს შემდეგი სახით ახარისხებს:

  • უნებარვთო, კუსტარული სამუშაოების შედეგად დაზიანებული ძეგლები;
  • არასწორი რესტავრაციის შედეგად დაზიანებულები;
  • სიძველით დაზიანებული, სარესტავრაციო ძეგლები.

“პირველი კატეგორია ასობით ძეგლს მოიცავს, კუსტარული/უნებართვო სამუშაოები ისტორიულ ძეგლებზე დღეს არ დაწყებულა, ეს ფაქტობრივად 1980–იანი წლებიდან იწყება და რელიგიური და ეროვნული გამოღვიძების პარალერულ პროცესად იქცა. ეს უმეტესად ეკლესია–მონასტრებს ეხება. თუმცა, დაზიანების ხარისხები სხვადასხვაა, ზოგი ექვემდებარება გამოსწორებას, ზოგი კი - არა. მაგალითად, 1990–იან და 2000–იან წლებში ჩამოფხიკეს შუა საუკუნეების ფრესკების ფრაგმენტები და გადალესეს ზედაზნის, ლიხაურის, კაზრეთის, ურთხვის წმ. გიორგის ეკლესიების ინტერიერები. ეს, რა თქმა უნდა, გამოუსწორებელი, აღუდგენელი უდიდესი ზიანია. მეორე კატეგორიის ძეგლები, არასწორად რესტავრირებულნი, შედარებით მცირე რაოდენობაა. ძირითადად ქართული სარესტავრაციო სკოლა ძლიერი სამეცნიერო პოტენციალის მქონეა და არაერთი კვალიფიცური სპეციალისტი მუშაობს ამ დარგში. რაც შეეხება მესამე კატეგორიის ძეგლებს, ასეთნი ასობით კი არა, ათასობითაა”, - ამბობს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა
 

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრები, მათი ნანგრევები და მიწის ნაკვეთები, რომლებზეც ისინია განლაგებული, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაა. ეს 2002 წელს საქართველოს საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმებით, იგივე კონკორდატით არის განსაზღვრული. ეკლესია-მონასტრებზე ზრუნვაც, ნაწილობრივ, სასულიერო პირებს ევალებათ, თუმცა კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის მიხედვით, საპატრიარქო შესაბამისი სახელმწიფოს ინსტიტუტის ნებართვის გარეშე ძეგლზე ვერანაირ ცვლილებას ვერ ახორციელებს. ძეგლის ნებისმიერი მფლობელი, ამ შემთხვევაში სასულიერო პირი ვალდებულია “არ დაუშვას ძეგლზე რაიმე სახის თვითნებური ზემოქმედება, მათ შორის, ძეგლის ნაწილების ან ფრაგმენტების გადაკეთება, დანაწევრება, დაშლა, დამატება".

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოს იურისტი, თეა ონიანი ტაბულასთან ამბობს, რომ ხშირ შემთხვევაში ძეგლებს მღვდელმსახურები თვითნებურად აზიანებენ და პრობლემას უმეტესად სწორედ ეს ქმნის.

“პრობლემას ქმნის არა კონკორდატი, არამედ ცალკეული მფლობელების თვითნებობა. ისინი თვითნებურად ახორციელებენ გარკვეულ სამუშაოებს. მთავარია, მესაკუთრემ გააცნობიეროს, რომ ის კანონის წინაშე არის გარკვეულწილად პასუხისმგებელი გარკვეულ ქმედებებზე. პრობლემას ქმნის ისიც, რომ რელიგიურ კონფესიებზე სამართლებრივი მექნიზმები არ ვრცელდება”.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის მიხევდით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანების შემთხვევაში კულტურის სამინისტროს ძეგლის მესაკუთრის გაფრთხილების და დაჯარიმების უფლება აქვს, თუმცა, ამავე კანონის თანახმად, ეს მუხლი არ ვრცელდება იმ ძეგლებზე, რომლებსაც საქართველოს საპატრიარქო, ასევე სხვა რელიგიური კონფესიები ფლობენ.

თეა ონიანი ამბობს, რომ კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონი შეიცვლება, ეს ჩანაწერიც გაუქმდება და ძეგლის დაზიანებისთვის პასუხისმგებლობა მის განურჩევლად ყველა მფლობელს დაეკისრება.

“სახელმწიფოს ძეგლების თვითნებურად დაზიანებაზე რეაგირების მექანიზმი, ფაქტობრივად არ აქვს. ჩვენ ვაგზავნით წერილებს საპატრიარქოში და ვთხოვთ მათ, რომ თავად მოახდინონ რეაგირება, რათა მსგავსი ფაქტები არ მოხდეს, ჩვენ კი მზად ვართ დავეხმაროთ ნებისმიერ შემთხვევაში - პროექტის მომზადებაშიც და ნებართვის გაცემაშიც, მსგავსი წერილი არაერთხელ იქნა გაგზავნილი”, - ამბობს თეა ონიანი.

თუმცა, ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონია კვლავ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

“თუ დიპლომატი, განათლებული ადამიანები ამაზე იმუშავებენ, შესაძლებელია ისეთ თამამ და პრეტენზიულ ინსტიტუტთან მოლაპარაკება, როგორიც საქართველოს საპატრიარქოა. მაგრამ ამის მცდელობა არ არის, სააგენტო პირდაპირ აძლევს თანხმობას ყველაფერზე, იმიტომ რომ ამოცანა არა სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობა, განვითარება და მისი ინტერესების ადვოკატირებაა, არამედ ის, რომ როგორღაც მარტივად და დიდი ხნით შეინარჩუნონ თანამდებობები, შესაბამისად არ სურთ მწვავე დაპირისპირება ძლიერ ინსტიტუტებთან”.

საპატრიარქოს პოზიცია
 

საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დეკანოზი ბესარიონ მენაბდე ამბობს, რომ “მთელი ევროპის ტაძრები თბება და გრილდება”.

“ისე აქვთ გაკეთებული, რომ არაფერი ზიანდება. ჩვენ როცა ვათბობთ ტაძრებს, ვისთვის ვათბობთ - მრევლისთვის. საზოგადო კომფორტია ჩვენთვის, რომ არ გაიყინონ ადამიანები. სააგენტომ უნდა გვითხრას, რომელი ტაძარი როგორ გათბეს. ძალიან მარტივია გათბობა, სირცხვილია, რომ 21-ე საუკუნეში ვლაპარაკობთ, შეგვიძლია თუ არა, ტაძარი გავათბოთ ისე, რომ არაფერი დაზიანდეს. უბრალოდ ამას ვერც მარტო ეკლესია და ვერც სააგენტო გააკეთებს, რადგან ნაგებობები ეკლესიის საკუთრებაა. სააგენტო უნდა დაეხმაროს მონასტერს, რომ იფუნქციონიროს, მონასტერი კი ამ მემკვიდრეობას დაიცავს ისე, როგორც იცავდა საუკუნეების განმავლობაში”, - ამბობს ბესარიონ მენაბდე.

მისივე თქმით, თუნდაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებული ტაძარი უპირველეს ყოვლისა, უფლის სახლია და აქ ღვთისმსახურების აღვლენა მისი უმთავრესი დანიშნულებაა.

დეკანოზი ილია ჭიღლაძე: “არ ვიცი რა კონტექსტში ბრძანა ეს სიტყვები მამა ბესარიონმა, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ ტაძრების მთავარი ფუნქცია კია წირვა–ლოცვისათვის მათი გამოყენება, რისთვისაც აშენდნენ ისინი, მაგრამ ჩვენი – სამღვდელოების და ერის მთავარი ფუნქციაა ასევე მათი დაცვა და მოვლა–პატრონობა. მით უფრო მაშინ, როდესაც საქმე ეხება მრავალსაუკუნოვან, მამა-პაპთაგან დატოვებულ უძვირფასეს ეროვნულ საუნჯეს, იმ საუნჯეს რომლის თითოეული ქვა და კენჭი უნდა ეძვირფასებოდეს ნებისმიერ ქართველს და საქართველოს მოქალაქეს, თუ სურვილი გვაქვს ვიყოთ მამულიშვილები და სამშობლოს მოყვარულნი”.

სოფო კილასონია: “თუ საბოლოო ჯამში ეკლესიების მთავარი დანიშნულება წირვა-ლოცვის აღსრულებაა, მაშინ ააშენონ ახალი ეკლესიები, ხომ ისედაც აშენებენ, იქვე ააშენონ ახალი მაღაზიები. რა უნდა ანჩისხატში მაღაზიებს ან ატენის სიონში სენაკებს. მაგრამ იცით რატომ აკეთებენ ძველ ძეგლებში? იმიტომ რომ მრევლი ძველ ძეგლებს უფრო მეტ პატივს სცემს. იმიტომ, რომ სასიამოვნოა, სულ სხვანაირად არის იქ გააზრებული სივრცე, ხელოვნების კომპონენტი, რომელიც რელიგიურ ხელოვნებადაც შეგვიძლია მოვიაზროთ. ასე რომ, არაპროფესიონალიზმია საუბარი იმაზე, რომ არ აქვს მნიშვნელობა სხვა ყველაფერს და მთავარია წირვა ჩაატარო". 

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო კულტურული მემკვიდრეობის კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტში, სავარაუდოდ, 2018 წელს შეიტანს. ახალი კანონმდებლობით ​რანჟირების წესი უნდა შეიცვალოს და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანებისთვის ყველა ადამიანი თანაბრად დაისაჯოს. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად როდის დაიწყება მისი საპარლამენტო განხილვა, ასევე, იქნება თუ არა ის ქმედითი და გავრცელდება თუ არა რეალურად იმ სასულიერო პირებზე, რომლებიც ძეგლებს, ნებით თუ უნებლიეთ აზიანებენ. 

კომენტარები