ტრამპის ადმინისტრაცია

Reuters: თეთრ სახლში საკადრო ცვლილებები რუბიოს ევროპის მიმართ პოლიტიკაზე მეტ გავლენას ანიჭებს

აშშ-ს თეთრი სახლი

Reuters საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს (NSC) დირექტორი ევროპისა და რუსეთის საკითხებში, ჩარლზ მაკლაფლინი მომდევნო დღეებში თანამდებობას დატოვებს - წყაროების თქმით, თეთრ სახლში მიმდინარე საკადრო ცვლილებების შედეგად ქვეყნის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს საბჭოში გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე მეტი გავლენა ექნება. 

გამოცემას ანონიმურმა წყაროებმა უთხრეს, რომ საკადრო ცვლილებების ფარგლებში NSC-ში საკვანძო თანამდებობებზე რუბიოს მოკავშირეები ინიშნებიან. Reuters აღნიშნავს, რომ გასულ კვირას რუბიოს ერთ-ერთმა მრჩეველმა, მაიკ ნიდჰამმა NSC-ში ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილის თანამდებობა დაიკავა. ერთ-ერთმა ანონიმურმა წყარომ თქვა, რომ მაკლაფლინის შემცვლელის შერჩევაზე, მათ შორის, ნიდჰამიც არის პასუხისმგებელი.  ​

Reuters-ის წყაროების თქმით, ერთ-ერთი კანდიდატი, რომელმაც მაკლაფლინის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს, სახელმწიფო დეპარტამენტის პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის თანამშრომელი, კრის კურანია, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ არის მიღებული. გამოცემა აღნიშნავს, რომ კურანი რუსეთ-უკრაინის ომის მოლაპარაკებებში უშუალოდ იყო ჩართული. 

გამოცემას წყაროებმა ასევე უთხრეს, რომ მომდევნო კვირებში დამატებით საკადრო ცვლილებებს ელიან. 

როგორც Reuters აღნიშნავს, ეს ნაბიჯები მიუთითებს, რომ რუბიოს, რომელიც ამჟამად ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მრჩეველიცაა, NSC-ს ადმინისტრირებაში უფრო მეტად აქტიურ როლს შეიძლება ასრულებდეს. 

როგორც ანონიმურმა ევროპელმა მაღალჩინოსნებმა გამოცემას უთხრეს, მრავალის აზრით, მაკლაფლინი "რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებით უფრო მეტად იყო დაინტერესებული, ვიდრე მოსკოვზე დამატებითი ზეწოლით". Reuters-ის მიხედვით, ზოგიერთი ევროპელი მაღალჩინოსანი იმედოვნებს, რომ მისი შემცვლელი რუსეთის წინააღმდეგ მეტად ძალისმიერი პოლიტიკის მომხრე იქნება. 

გამოცემა წერს, რომ სტატიის გამოქვეყნების შემდგომ თეთრმა სახლის სპიკერმა, ანა კელიმ ანონიმური ევროპელი მაღალჩინოსნების შეფასება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მათ "წარმოდგენა არ აქვთ, რაზე ლაპარაკობენ". 

"ჩარლზ მაკლაფლინი მხოლოდ პრეზიდენტ ტრამპის დღის წესრიგს იცავდა, რაც მსოფლიოში კონფლიქტების მშვიდობით დასრულებას მოიაზრებს, მათ შორის, რუსეთ-უკრაინის ომისაც". - თქვა კელიმ Reuters-ის თანახმად. 

როგორც Reuters აღნიშნავს, აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო ისტორიულად ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა, თუმცა ტრამპის მეორე ადმინისტრაციისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდა. 

გასული წლის მაისში Financial Times საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის (NSC) შემადგენლობა შეცვალა. მან ათობით თანამდებობის პირი გაათავისუფლა და ბევრი მივლენილი თანამშრომელი თავის საწყის უწყებებში დააბრუნა.

რამდენიმე ინფორმირებულმა პირმა გამოცემას განუცხადა, რომ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს, რომელიც ამ დროისთვის დროებით აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ჩაიბარა, მხოლოდ თანამშრომლების მცირე ნაწილი შემორჩა - ძირითადად უფროსი დირექტორები, მაშინ როცა ათობით პოზიცია მთლიანად გაუქმდა.

ამასთან, ამავე თვეს ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ყოფილი მრჩეველი, მაიკ უოლცი თანამდებობიდან გაათავისუფლა. 

კომენტარები