მაინინგი მესტიაში

გადაიდგმება ნაბიჯები მესტიაში უკანონო კრიპტომაინინგის პროცესის წინააღმდეგ - მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოცნება იწყებს ენერგეტიკული სექტორისთვის დამაზიანებელი, არალეგალური ბიზნესსაქმიანობის წინააღმდეგ "ქმედითი ნაბიჯების გადადგმას", რაც პირველ რიგში შეეხება სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში "უკანონო კრიპტომაინინგის პროცესს".

მდინარაძის თქმით, მესტიაში დაიწყება გამრიცხველიანების პროცესი, რაც აქამდე "სხვადასხვა წინააღმდეგობის გამო" ვერ ხერხდებოდა. ამასთან ერთად, ელექტროენერგია სვანეთში კვლავ უფასო იქნება "საჭირო მაქსიმალური რაოდენობის ფარგლებში", რის ზემოთაც დაწესდება შესაბამისი ტარიფი. 

"საქართველოს მთავრობა იწყებს ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ენერგეტიკული სექტორისთვის დამაზიანებელი, არალეგალური ბიზნესსაქმიანობის წინააღმდეგ. ერთ-ერთი მსხვილი გამოწვევა ამ მიმართულებით შეეხება უკანონო კრიპტომაინინგის პროცესს მესტიის მუნიციპალიტეტში, სადაც ამის გამო ელექტროხაზები მუდმივად გადატვირთულია, დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარება კი მნიშვნელოვნად აზიანებს როგორც ქვეყნის ენერგეტიკას, ასევე ადგილობრივ მოსახლეობას და კერძო სექტორს. უარესდება მიწოდების ხარისხი და ხდება ავარიული შემთხვევებიც, რაც ადგილობრივების გარდა, ნეგატიურად აისახება ტურიზმზეც.

ელექტროენერგიის მოხმარებამ მესტიაში 2025 წელს 133 მილიონი კოლო ვატი შეადგინა საათში, მაშინ როცა სხვა შემთხვევებში არ აღემატება 10 მილიონ კილოვატ საათს. ეს ნიშნავს, ელექტროსისტემის და მისი ფინანსური სისტემის დაზიანებას მინიმუმ 20-25 მილიონი ლარით, რაც აწვება ელექტროენერგიის საფასურის გადამხდელ თითოეულ მოქალაქეს. თითოეული იხდის დამატებით 1.5 ლარს. პრობლემის აღმოსაფხვრელად დაიწყება გამრიცხველიანების პროცესი მესტიაში, რაც აქამდე სხვადასხვა წინააღმდეგობების გამო ვერ ხერხდებოდა. აქვე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ გამრიცხველიანების ერთადერთი მიზანია ელექტროენერგიის უკანონო და ფაული მოხმარების აღმოფხვრა. ელექტროენერგია სვანეთში კვლავ იქნება უფასო თითოეული მოქალაქისთვის საჭირო მაქსიმალური რაოდენობის ფარგლებში, ხოლო აღნიშნული რაოდენობის ზემოთ დაწესდება ლიმიტი და შესაბამისი ტარიფი. 

რაც შეეხება გამრიცხველიანებას, ის მოხდება არა მხოლოდ ლოკალურად, არამედ მსხვილი მასშტაბითაც, თითოეულ სოფელსა და დასახლებულ პუნქტზე, რაც პრობლემის კონკრეტული მიმართულებით იდენტიფიცირების საშუალებას მოგვცემს. სამართალდამცავებს უკვე დაევალათ ამ პროცესის მაქსიმალური ხელშეწყობა და კონტროლი, ასევე ელექტროენერგიის დიდი ოდენობით მოხმარების მაქსიმალური რესურსით გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება. ყველას მოვუწოდებთ, პატივი სცენ ამ პროცესს. ნებისმიერ ხელშეშლას და სამართალდარღვევას მოჰყვება მკაცრი სამართლებრივი რეაგირება". - თქვა მდინარაძემ.

კომენტარები