რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ანგარიში სახელწოდებით "ადამიანის უფლებების მდგომარეობა უკრაინაში," რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინის ხელისუფლებას ბავშვები საზღვარგარეთ - ევროკავშირის ქვეყნებსა და აშშ-ში - გადაჰყავს ორგანოების გაცემისა და შემდგომში LGBT+ ოჯახებისთვის მიშვილების მიზნით.
სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთის არმიის მიერ დონბასის ოკუპაციის დროს აღმოჩენილი იქნა მტკიცებულებები ათასობით მსგავსი შემთხვევის შესახებ. თუმცა, მათივე თქმით, ამ ფაქტების დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი "განადგურდა" და თავად ანგარიში ეფუძნება "მრავალრიცხოვან ჟურნალისტურ გამოძიებას."
დოკუმენტის ავტორები აკონკრეტებენ, რომ უკრაინელი ბავშვები საზღვარგარეთ სამეცნიერო კვლევებში მონაწილეობის საბაბით მიჰყავთ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე ახსენებს სუროგაციის პრაქტიკას, რომელიც, სამინისტროს განმარტებით, უცხოელ წყვილებს უკრაინაში ბავშვების "შეკვეთის" საშუალებას აძლევს.
გარდა ამისა, სამინისტრო აცხადებს, რომ კიევი სამხედრო ოპერაციების დროს დაჭრილი და გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეების ორგანოების "უკანონო ტრანსპლანტაციისთვის" იყენებს.
ანგარიში 17 თავისგან შედგება, რომლებშიც საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში არსებულ სხვა "პრობლემებს" აღწერს, მათ შორის "რუსოფობიას," 'ნაციზმის განდიდებას," "მედიის საქმიანობის შეზღუდვას" და "ანტისემიტიზმის გამოვლინებებს." რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, ქვეყანაში "ადამიანის უფლებების სისტემატური დარღვევები" ნაცისტური გერმანიის პოლიტიკას შეესაბამება და ამ სფეროში ვითარება "სერიოზულად გაუარესდა."





