პოლიციელების მხრიდან ძალადობა

კობახიძე: ჩვენი ხელწერაა, მნიშვნელობა არ აქვს ვინ ჩაიდენს დანაშაულს, დაუსჯელი არ უნდა იყოს

ივანიშვილის წარმომადგენლის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, "მნიშვნელობა არ აქვს ვინ ძალადობს, იქნება ეს ჩვეულებრივი მოქალაქე  თუ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, ყველას მიმართ კანონი უნდა აღსრულდეს". კობახიძის თქმით, კარგია რომ გორში პოლიციელების მიერ მოქალაქის ცემის კადრები გავრცელდა, რადგან "ხელისუფლებას მიეცა მყისიერად რეაგირების საშუალება".

"ძალიან კარგია, რომ ეს კადრები გავრცელდა, გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლებას მიეცა მყისიერად რეაგირების საშუალება. ეს იყო ძალიან მძიმე შემთხვევა და რა თქმა უნდა, აქ იყო საჭირო მყისიერი სამართლებრივი რეაგირება და საზოგადოებამ იხილა, რომ ხელისუფლებას ჰქონდა ადეკვატური, სათანადო და ჯანსაღი რეაქცია, ამ მძიმე ფაქტზე. რა თქმა უნდა, არცერთი სამართალდარღვევა, მითუმეტეს ასეთი ტიპის, არ უნდა დარჩეს დაუსჯელი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა იმუშაონ მაქსიმალურად დახვეწილი ხელწერით, ეს არის ის, რაც მოიტანა ჩვენმა ხელისუფლებამ 2012 წლის შემდეგ და ეს არის ის ხელწერა, რომელსაც მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ, დღევანდელი ზომა, რაც არის უკვე მიღებული, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ჩვენი ხელწერის მაქსიმალურად შენარჩუნებას. დახვეწილი ხელწერაა, როდესაც ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევის ფაქტზე" - განაცხადა კობახიძემ. 

ხელწერაზე საუბრისას კობახიძეს ჟურნალისტმა ჰკითხა გდდ-ს ყოფილი უფროსის, ზვიად ხარაზიშვილის მიერ აქციის მონაწილეებზე ძალადობასა და მისი ღირსების ორდენით დაჯილდობაზე. კობახიძის თქმით, ხარაზიშვილს ღირსების ორდენი ეკუთვნოდა.

"რაც შეეხება ზვიად ხარაზიშვილს, მას ეკუთვნოდა ღირსების ორდენი იმის გამო, რომ მან და პოლიციის სხვა წარმომადგენლებმა დაიცვეს ჩვენი სახელმწიფო ხელისუფლების გადატრიალების მცდელობისგან, ძალადობრივი მცდელობისგან. ამის გამო, ზვიად ხარაზიშვილი, ისევე როგორც შსს-ს და გდდ-ს სხვა წარმომადგენლები იმსახურებდნენ სათანადო შეფასებას და დაფასებას. რაც შეეხება ძალადობას, ძალადობას სჭირდება ბუნევრივია სათანადო რეაგირება. იყო კონკრეტული გადაცდომები, კონკრეტული ექსცესები და ამასთან დაკავშირებითაც დადგა პასუხისმგებლობა. ხარაზიშვილის მხრიდან არ იყო არავითარი კონკრეტული ძალადობრივი აქტი, არანაირი ძალადობრივი აქტი არ იყო" - თქვა ირაკლი კობახიძემ გდდ-ს ყოფილ უფროსზე, ზვიად ხარაზიშვილზე იგივე ხარებაზე დასმული შეკითხვის პასუხად

TV პირველის ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომ კადრები არსებობს, სადაც ჩანს მანქანასთან როგორ ურტყამს წიხლს მოქალაქეს, კობახიძემ უპასუხა: "შეგვიძლია მივმართოთ ერთად სამართალდამცავ ორგანოებს და ვნახოთ, რასთან გვაქვს რეალურად საქმე, არის თუ არა აქ ისეთი სამართალდარღვევა, რაზეც უნდა ყოფილიყო განსხვავებული რეაგირება, ამაზე შეგვიძლია ყველამ ერთად ვიმსჯელოთ, მაგრამ რაც შეეხება ზვიად ხარაზიშვილის დაჯილდოებას, ის იმსახურებდა ჯილდოს იმის გამო, რომ მან და შსს-ს სხვა წარმომადგენლებმა დაიცვეს ჩვენი სახელმწიფო ხელისუფლების გადატრიალების ძალადობრივი მცდელობისგან". 

ჟურნალისტმა კობახიძეს ასევე ჰკითხა, მომხდართან დაკავშირებით, ხომ არ უნდა დადგეს შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის, სერგი ბზიშვილის პასუხისმგებლობაც, რაზეც კობახიძემ განაცხადა, რომ თუ რეგიონში მსგავსი შემთხვევები სისტემურია, იმ შემთხვევაში კი, მაგრამ აღნიშნული შესაბამისი უწყებების საქმეა.

"კონკრეტულ რეგიონში, რაღაც თუ ხდება სისტემატურად, თუ არის რეციდივი, განმეორება და ა.შ. მაშინ შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა, რეგიონის სამხარეოს ხელმძღვანელს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყო ერთი ინციდენტი, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ წესით რეგიონის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობაზე, დანარჩენი არის შესაბამისი უწყებების საქმე". - თქვა მან.

ცნობისთვის, 27 მაისს, ქართლის ამბებმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს როგორ ძალადობენ ჯგუფურად პოლიციელები მოქალაქეზე, სავარაუდოდ, მისი დაკავების დროს.

პროკურატურის განცხადებით, პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 

28 მაისს, პროკურატურამ განაცხადა, რომ საქმის ფარგლებში 6 პოლიციელი დააკავეს

კომენტარები