გამოცემა Bloomberg რუსულ ახალი ამბების სააგენტო Interfax-ზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთი დიზელისა და რეაქტიული საწვავის ექსპორტის შეზღუდვას განიხილავს იმ ფონზე, როცა უკრაინის იერიშების გამო რუსულ ნავთობქარხნებში გადამუშავების ტემპი ბოლო წლებთან შედარებით მინიმუმამდე ვარდება.
Interfax-ის ინფორმაციით, საწვავის შიდა ბაზართან დაკავშირებით 26 მაისს პრემიერმინისტრის მოადგილე ალექსანდრ ნოვაკთან გამართული შეხვედრის შემდეგ, რუსულ ნავთობკომპანიებს უცხოურ ბაზარზე ნავთობპროდუქტების გაყიდვის შეზღუდვისკენ მოუწოდეს.
რუსული მედიის ცნობით, ერთ-ერთმა წყარომ თქვა, რომ დიზელისა და რეაქტიული საწვავის ექსპორტის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება უკვე დასკვნით ეტაპზეა, თუმცა, მისი გამოცხადების თარიღი ჯერ არ არის განსაზღვრული.
Bloomberg წერს, რომ აკრძალვის შემთხვევაში ეს ნაბიჯი გლობალურად ნავთობპროდუქტების ფასებზე წნეხს გაზრდის, ვინაიდან რუსეთი დიზელის ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორია და უცხოურ ბაზარზე წარმოებული საწვავის თითქმის 40% გააქვს.
უკრაინას რუსეთის სიღრმეში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო ინფრასტრუქტურაზე იერიშები ხშირად მიაქვს, რათა კრემლს ომის წარმოების გაგრძელება გაურთულდეს. კიევი თვლის, რომ ენერგოინფრასტრუქტურა სამხედრო სამიზნეს წარმოადგენს, ვინაიდან ენერგო ობიექტები რუსეთის ომის მანქანას ნავთობითა და ფულით ამარაგებენ.
ამ ფონზე გამოცემა Reuters გასულ კვირაში წერდა, რომ ბოლო პერიოდში უკრაინული დრონებით მიტანილი იერიშების გამო ცენტრალურ რუსეთში თითქმის ყველა მსხვილი ნავთობქარხანა იძულებული გახდა, შეეჩერებინა ან შეეზღუდა საწვავის წარმოება.





