რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთი უკრაინულ დრონებს ფინეთისა და ბალტიის ქვეყნებისკენ განზრახ ამისამართებს – Iltalehti

ფინური გამოცემა Iltalehti საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთი ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ სისტემებსა და რადიოელექტრონულ ჩახშობას იყენებს, რათა უკრაინული დრონები ფინეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებისკენ გადაამისამართოს. 

საკითხზე ინფორმირებული NATO-ს წყაროების თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალები ცდილობენ, რომ ფინეთის, ესტონეთისა და ლატვიის მიმართულებით გადაამისამართონ ის უკრაინული დრონები, რომელთა სამიზნეც რუსეთში ენერგოინფრასტრუქტურა, სატრანსპორტო სისტემები და რუსული სამხედრო ბაზებია. 

Iltalehti წერს, რომ ფინეთის თავდაცვის ძალებმა მზადყოფნა გააძლიერა, ვინაიდან, წყაროების მიხედვით, რუსეთი ფლობს შესაძლებლობებს, რომელიც დრონების ფრენის ტრაექტორიის წარმატებით შეცვლისა და ფინეთისკენ გადამისამართების საშუალებას იძლევა. 

გამოცემა წერს, რომ 15 მაისის ღამისა და 16 მაისის დილის საათებში ფინეთის თავდაცვის ძალები, საჭიროების შემთხვევაში, ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეფრენილი დრონების ჩამოსაგდებად მზად იყვნენ. 

პარალელურად, ესტონეთის მთავრობამ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ღამით საჰაერო სივრცე დახურა, რათა უფრო გამარტივდეს დრონების ამოცნობა და უვნებელყოფა. 

NATO-ს წყაროების მიხედვით, ალიანსში მიიჩნევენ, რომ რუსეთის ქმედებები მიზანმიმართულია. მათი თქმით, რუსეთის მიზანი არა მხოლოდ უკრაინული დრონების მოგერიება, არამედ ასევე მათი გადამისამართებაცაა, რათა ფინეთსა და ბალტიის ქვეყნებში საგანგებო სიტუაციები გამოიწვიოს და NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე მდებარე ქვეყნებს შესაძლო ზიანი მიაყენოს.

15 მაისს Iltalehti წერდა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ფინეთის თავდაცვის ძალებს წინასწარ გააფრთხილებს იმ შემთხვევებში, როცა რუსული რადიოელექტრონული ჩარევის შედეგად ფინეთის საჰაერო სივრცეში უკრაინული დრონების მოხვედრის ალბათობა გაჩნდება. 

გასულ კვირას რუსეთის რადიოელექტრონული ჩარევის შედეგად ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეფრენილ უკრაინულ დრონებთან დაკავშირებული ინციდენტის გამო თანამდებობები დატოვეს ლატვიის პრემიერმინისტრმა და თავდაცვის მინისტრმა. 

ამასთან, 7 მაისს ლატვიამ და ლიტვამ NATO-ს რეგიონში საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისკენ მოუწოდეს მას შემდეგ, რაც რუსეთის მხრიდან შეფრენილი დრონები ლატვიაში ნავთობობიექტთან აფეთქდნენ. 

მოგვიანებით უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრიი სიბიჰამ X-ზე დაწერა, რომ დრონები უკრაინული იყო და ისინი ლატვიაში "რუსული რადიოელექტრონული საბრძოლო საშუალებების" შედეგად შეფრინდნენ, რის ფარგლებშიც "რუსული სამიზნეებისკენ გაშვებულ უკრაინულ დრონებს მისამართი შეუცვალეს". 

სიბიჰას თქმით, ინციდენტის პასუხად უკრაინა ექსპერტების გაგზავნას განიხილავს, რათა ბალტიის ქვეყნების თავზე საჰაერო უსაფრთხოების გაძლიერებას შეუწყოს ხელი. 

კომენტარები