რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

მოლდოვის საჰაერო სივრცეში, სავარაუდოდ, რუსული შაჰედის ტიპის დრონი შეიჭრა

მოლდოვური მედიის მიერ გავრცელებული, სავარაუდოდ, რუსული შაჰედის ტიპის დრონი
NORDINFO.MD

მოლდოვის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევა დაადასტურა მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია დრონის შესახებ, რომელიც მოქალაქეებმა ქალაქ ბელცის თავზე დააფიქსირეს.

ოფიციალურ განცხადებაში აპარატის ტიპი მითითებული არ არის, თუმცა გადაღებული კადრები მიუთითებს, რომ ეს, სავარაუდოდ, რუსული შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი იყო.

13 მაისს მოლდოვის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ აპარატი ქვეყნის საჰაერო სივრცეში 16:00 საათზე უკრაინული მოგილიოვ-პოდოლსკის რაიონის მხრიდან შემოფრინდა.

"16:05 საათზე ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ბელცის თავზე დრონი შენიშნეს, რომელიც უნგენის რაიონის მიმართულებით მოძრაობდა. 16:19 საათზე უპილოტო აპარატი ეროვნული არმიის სადამკვირვებლო სისტემებმა ჰინჩეშტის რაიონის სოფელ ლეპუშნას მიდამოებში დააფიქსირეს" - განაცხადეს ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში და დაამატეს, რომ აპარატმა სამხრეთის მიმართულებით განაგრძო მოძრაობა.

ინციდენტის გამო მოლდოვის ჩრდილოეთ ნაწილში საჰაერო სივრცე დროებით დაიხურა.

კომენტარები