რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა უგულებელყო ზელენსკის ზავი, რომელიც პუტინის 9 მაისის ზავის პასუხად გამოაცხადა

უკრაინელი მაშველი აქრობს რუსული იერიშისგან გაჩენილ ცეცხლს. 2026 წლის 6 მაისი.

6 მაისის დადგომასთან ერთად, როცა ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გამოცხადებული "სიმშვიდის რეჟიმი" ამოქმედდა, რუსეთმა უკრაინაზე იერიშები მიიტანა. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებში ამბობენ, რომ რუსეთმა თავდასხმისთვის 3 რაკეტა და 108 დრონი გამოიყენა.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, მოიგერიეს 89 დრონი. 

უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანაშემწემ, სერჰიი სტერნენკომ თქვა, რომ რუსეთმა "სიმშვიდის რეჟიმი" დაარღვია. მისი თქმით, რუსეთმა იერიშები მიიტანა ზაპოროჟიის ოლქში მდებარე სამრეწველო ინფრასტრუქტურაზე და ხერსონს მართვადი ბომბით დაარტყა. სტერნენკოს თქმით, ეს ქმედებები "ანულებს პუტინის მიერ გამოცხადებულ "ზავს" 9 მაისისთვი".

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრიი სიბიჰამ ასევე დაწერა, რომ რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვია.

"მოსკოვმა კვლავ უგულებელყო რეალური და სამართლიანი მოწოდება სამხედრო მოქმედებების შეჩერების შესახებ, რასაც მხარს უჭერენ საერთაშორისო ორგანიზაციების სხვა სახელმწიფოებიც. ეს აჩვენებს, რომ რუსეთი უარს ამბობს მშვიდობაზე, მის ფიქციურ მოწოდებებს 9 მაისის ზავთან დაკავშირებით კი არ აქვს არანაირი კავშირი დიპლომატიასთან." - დაწერა სიბიჰამ. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში თქვეს, რომ 6 მაისის ღამეს შავი ზღვის აკვატორიისა და რეგიონების ტერიტორიაზე 53 უკრაინული დრონი მოიგერიეს.

4 მაისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ 8-9 მაისს, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, გამოცხადდებოდა ზავი "გამარჯვების დღის აღნიშვნის პატივსაცემად". იმუქრებოდნენ, რომ ამ ცალმხრივი ზავის დარღვევის შემთხვევაში რუსეთი კიევის ცენტრზე მასირებულ სარაკეტო იერიშებს მიიტანდა. საპასუხოდ ზელენსკიმ 6 მაისის ღამიდან "სიმშვიდის რეჟიმი" გამოაცხადა. "ჩვენ ადამიანის სიცოცხლე გაცილებით ძვირფასი მიგვაჩნია, ვიდრე ნებისმიერი იუბილის "აღნიშვნა"" - დაწერა ზელენსკიმ.

 
 

კომენტარები