წარმოგიდგენიათ, მაშინ, როცა მოთხოვნა-მოხმარება იზრდება, იზრდება აკრძალვები. ჩვენ სხვა რაღაცასთან უფრო გვაქვს საქმე, ვიდრე გარემოს დაცვასთან, ეკონომიკასთან და საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებასთან. ამით ადამიანს უფლებებსა და არჩევანს ვუზღუდავთ, მეორეც, არის სხვადასხვა ფასების სეგმენტები: იაფფასიანი, საშუალო და პრემიალური კლასის პროდუქცია.
ჩვენმა ბიზნესმა არაჩვეულებრივად იცის, რა სეგმენტში რა ღირებულების, რა შეფუთვის, რა ზომის პროდუქცია უნდა გამოუშვას, პირველ რიგში, ადამიანის ჩვევები, მოხმარების გაადვილება, ფასებზე ხელმისაწვდომობა რომ გაითვალისწინოს. ადამიანს უნდა მივცეთ საშუალება და უფლება, აირჩიოს ის პროდუქცია, რომელიც მის მოთხოვნილებას, ჩვევებსა და ფასებს შეესაბამება. ამის რეგულირების უფლება არავის აქვს, ეს უკვე თავისუფლების შეზღუდვაა. მინის ტარის მოხმარება აუზებში, ტურისტებისთვის, რომლებიც მთებში, ან ზღვის სანაპიროზე დადიან, სახიფათოა. მინის ბოთლის მოხმარებას თავისი წესი და ადგილი აქვს, პლასტიკს, შეფუთვების სიდიდეს, ფასების დალაგებას - თავისი წესი და ადგილი.
ეს ყველაფერი შესწავლილი და სეგმენტირებულია მაღალ დონეზე. ბიზნესი არის მეცნიერება და ეს ამათ მაინც ვერ გავაგებინე, ამათი ცნობიერებიდან კომუნისტური მიდგომები ვერ ამოიძირკვა, ვერ შეიგნეს, რომ ბიზნესი გაცილებით პრაგმატულად და მეცნიერულად უდგება მარკეტინგს, ვიდრე ვინმეს ჰგონია, ჩვენ ხომ ამაზე ვშრომობთ, ინვესტიციებს ვახორციელებთ, შესაბამისად, ვიცით, რისთვის ვაკეთებთ ამ ინვესტიციას. ზოგიერთები კი გვეუბნებიან, თქვენ რა ინვსტიციებსაც აკეთებთ, ჩვენ თქვენზე უკეთ ვიცითო.
პროფესიონალებთან კონსულტაციების გარეშე ასეთი საკითხების გადაწყვეტა არ შეიძლება. ჩემთვის მოულოდნელი იყო, პრემიერის პრაგმატული გადაწყვეტილების შემდეგ კიდევ ამ თემაზე რომ გვიწევს საუბარი. ეს ახირება მგონია, სხვა არაფერი.





