ალეკო ელისაშვილის საქმე

ადვოკატები: ხელისუფლებას ახალი საქმის შეკერვა დასჭირდა ბრალის დამაჯერებლობის გაზრდისთვის

ინტერპრესნიუსი

მოქალაქეების ლიდერის ადვოკატების, არჩილ ჩოფიკაშვილის და გიორგი რეხვიაშვილის შეფასებით,  პროკურატურის მიერ გასაჯაროებული კადრები ვერ ადასტურებს სასამართლოს არქივში გაჩენილ ხანძართან ალეკო ელისაშვილის შემხებლობას და კავშირს. ადვოკატების აზრით, ხელისუფლებას ახალი საქმის შეკერვა დასჭირდა ბრალის დამაჯერებლობის გაზრდისთვის.

"სუს-ი ისევ კომიკურ მდგომარეობაშია! ტერორიზმის საქმე ვერ შეკერეს და სასამართლოში შარშან მომხდარ ხანძარს, რომლის შესახებაც ამ დრომდე არავის არაფერი სმენია, ალეკო ელისაშვილს ედავებიან.

თანაც მაშინდელი ხანძარი, რომლის გამოძიებაც ერთი წლის განმავლობაში ნივთის დაზიანების მუხლით მიდიოდა, ერთი წლის თავზე ტერორიზმად იქცა და მის უკანაც პოლიტიკოსის კვალი დაადგინეს.

პროკურატურის მიერ, დღეს გასაჯაროებული ე.წ მტკიცებულებები (კადრები) ვერცერთ შემთხვევაში ვერ ადასტურებს ამ ფაქტთან ალეკო ელისაშვილის შემხებლობას და კავშირს. კომიკურია ისიც, რომ თავად პროკურატურის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნითვე (26.02.2026) აღნიშნული კადრები ადამიანის იდენტიფიკაციისთვის უვარგისია.

სინამდვილეში ეს არის გაგრძელება იმ კამპანიის, რომლის მიზანიცაა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დისკრედიტაცია და საზოგადოების თვალში მისი სისხლის სამართლის დამნაშავედ წარმოჩენა.

ალეკო ელისაშვილის დემონიზაციის მიზანი, ამასთანავე არის მისი, როგორც პოლიტიკოსის განეიტრალება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეფის შურისძიება და რუსული განაჩენის დე ფაქტო აღსრულება.

მიმდინარე საქმეში არ არსებობს რეალური დასაბუთება, რომელიც დაადასტურებდა ალეკო ელისაშვილის ტერორისტობას, შესაბამისად, ხელისუფლებას ახალი საქმის შეკერვა დასჭირდა ბრალის დამაჯერებლობის გაზრდისთვის.

კომიკურია ისიც, რომ მთავარი მტკიცებულება პარასკევს ციხეში ჩატარებული ოდოროლოგიური (სუნის) ექსპერტიზაა, რომელიც არ წარმოადგენს უტყუარ მტკიცებულებას, ვინაიდან ტარდება ძაღლის მეშვეობით, რომელმაც ამ შემთხვევაში ერთი წლის წინ აღებულ სუნის ნიმუშზე იმუშავა და არ არსებობს მისი ზუსტი მეცნიერული მეთოდოლოგია და დასაბუთება”, - ნათქვამია განცხადებაში.

30 მარტს საქართველოს პროკურატურამ ალექსანდრე ელისაშვილს ახალი ბრალდება წარუდგინა. მათი მტკიცებით, პოლიტიკოსმა 2025 წლის 4 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს არქივის ოთახს ცეცხლი წაუკიდა. მოქალაქეების ლიდერს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული აქტის ჩადენა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი 2025 წლის 29 ნოემბერს დააკავეს ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით. გამოძიების თანახმად, 2025 წლის 29 ნოემბრის გამთენიისას, ელისაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა და დაზიანებები მიაყენა მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს.

კომენტარები