პლასტიკის შეფუთვის აკრძალვა

მსოფლიოში ასეთი რეგულაცია არ არსებობს, ეს სიგიჟეა – ჭყონია პლასტიკის შეფუთვის აკრძალვაზე

კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას დამფუძნებელმა, თემურ ჭყონიამ BMG-ისთვის მიცემულ ინტერვიუში პლასტიკის ბოთლებში სასმლის გაყიდვის აკრძალვაზე ისაუბრა და თქვა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სასმელების ინდუსტრიას "25 წლით უკან დასწევს". 

ჭყონიას თქმით, ეს საკითხი არცერთ ბიზნესმენთან შეთანხმებული არ ყოფილა და შეხვედრა არ გამართულა."

"ვუსმინე სოლომონ პავლიაშვილის ინტერვიუს ერთ-ერთ არხზე და ცოტა შევწუხდი. თუ ეს თემა სოლომონ პავლიაშვილმა წაიყვანა, მერწმუნეთ, მეგობრებო, რომ მომავალ წელს შუშის აკრძალვაც მოგვიწევს, მერე ქილების აკრძალვა მოგვიწევს. ეს ადამიანი, აკრძალვას პრევენციას ეძახის. როგორც თვითონ უწოდებს ნარჩენები არ ნიშნავს დაბინძურებას, დაბინძურება სხვა თემაა, მაგაში ვერ ერკვევა და თვითონ აპირებს რაღაც რეგულაციების შემოღებას. მას ვერც წარმოუდგენია, რომ 20-ლიტრიანი ბალონის გაბერვა და ჩასხმა. მეორე, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ეს საკითხი არცერთ ბიზნესმენთან შეთანხმებული არ ყოფილა და შეხვედრა არ გამართულა. არანაირი კავშირი არ გვქონია არასოდეს ჩვენ, არც ტექნოლოგია, არც ქარხნები უნახავს. მე გავიკითხე ყველგან. აკადემიკოს სოლომონ პავლიაშვილის გადაწყვეტილებით, მთელი ბიზნეს ინდუსტრია 25 წლით უკან დაიწევს. ამ აკრძალვებით ჩვენ დავუბრუნდებით 2001 წელს". - უთხრა ჭყონიამ BMG-ს.

ჭყონიამ ასევე აღნიშნა, რომ ადამიანები, რომლებიც ამ პროცესს მართავენ საკითხებში ვერ ერკვევიან - "ვერც ფასებში, ვერც ტექნიკაში, ვერც ბაზრის მოთხოვნაში".

ბიზნესმენის თქმით, მთავარი საკითხი ნარჩენების მართვის მიმართულებით, გადამუშავების ამოქმედებაა, რომელიც დღემდე იმიტომ არ არის აქტიური, რომ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებები არ მიუღიათ.

"რატომ არ ხდება სეპარაცია და შეგროვება? იმიტომ რომ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება მიღებული არ არის. ბატონი სოლომონი კი ამბობს, რომ ნარჩენი სიბინძურეა. ნარჩენი არის პროდუქტი, რომლის ხელმეორედ გამოყენებით შეიძლება მეორე პროდუქტი მიიღო და ეს ფასეული ნარჩენია, რომლის გადამუშავებას, რეციკლირებას, შეგროვებას 10 წელიწადია ვითხოვთ.

ბიზნესი ამ თემის გარშემო გაცილებით მაღალ პასუხისმგებლობას გრძნობს, ვიდრე საზოგადოებას წარმოუდგენია. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ 10 წელიწადია ჩვენ ვითხოვთ რეციკლირების კანონს, იმიტომ, რომ კანონი ნებისმიერ მეწარმეს - ქსელებს, მაღაზიებს, საზოგადოებრივი კვების ობიექტებს ვალდებულებებს გვიწესებს. ერთ ადამიანს მთელი საქართველოს დასუფთავება არ შეუძლია. რომ გვეუბნებიან გადაეწყეო - რაზე უნდა გადაეწყო, არ არსებობს ეგეთი თემა. შეიძლება ტელეფონით კომპიუტერი შექმნა? აი, გადააწყვე შენი ტელეფონი კომპიუტერზე, მე რომ გითხრა, ან ჩვეულებრივი ტელეფონიდან შექმენი მობილური ტელეფონი, აი, ასეთ ვარიანტს გვთავაზობენ. მთელ მსოფლიოში ასეთი რეგულაცია არ არსებობს, ეს სიგიჟეა.

შედეგად, უამრავი მცირე მეწარმე გაკოტრდება . ვერც ხვდებიან, პეტის მწარმოებლები, საცობის, ეტიკეტის მწარმოებლები გაკოტრდებიან. თუ შედეგის მიღება გვინდა მაშინ მთელი ინდუსტრია უნდა შეიქმნას, რაზეც ბიზნესი მზად არის". - თქვა ჭყონიამ.

ცნობისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, რომ ოცნება აპირებს ერთჯერადი და მრავალჯერადი პარკების შეზღუდვას.

კომენტარები