სუდის საზღვაო ბაზა

საბერძნეთში პოლონეთის მოქალაქე საზღვაო ბაზაზე ჯაშუშობის ეჭვზე დააკავეს

ამერიკული ავიამზიდი USS Gerald R. Ford სუდის საზღვაო ბაზას ტოვებს, კრეტა, საბერძნეთი, 26 თებერვალი, 2026 წ. 
AP/Giannis Angelakis

ბერძნული მედიის ინფორმაციით, პოლიციამ კრეტის სუდის ყურეში 58 წლის პოლონეთის მოქალაქე დააკავა ჯაშუშური საქმიანობის ეჭვზე. 

გავრცელებული ცნობებით, ეჭვმიტანილი, რომელიც საბერძნეთში ოთხი თვის განმავლობაში ცხოვრობდა, ხოლო აქედან ორი თვე კრეტაზე გაატარა, სუდის რეგიონში ფურგონის ტიპის მანქანით გადაადგილდებოდა, რომელსაც პოლონური ნომერი ჰქონდა.  

eKathimerini-ს ცნობით, დაკავებულმა კაცმა, სავარაუდოდ, სურათები გადაუღო საზღვაო და სამხედრო ობიექტებს, როცა ისინი სუდის ყურის პორტში შედიოდნენ ან გადიოდნენ. 

გამომძიებლებმა მისი მობილური ტელეფონიდან ამოიღეს მრავალი სურათიც, რომლებსაც, Greek City Times-ის ცნობით, ეჭვმიტანილი პოლონურ ანგარიშზე გზავნიდა. 

დაკავებას წინ უძღოდა მოქალაქის შეტყობინება, რომელმაც პოლონეთის მოქალაქის საეჭვო საქმიანობა შენიშნა. დაკავებულ პირს ახლა საბერძნეთის ეროვნული სადაზვერვო სამსახური (EYP) დაკითხვას უწყობს. თავის მხრივ, ეჭვმიტანილი ყველა ბრალდებას უარყოფს. 

კრეტის სუდის ყურეში სამხედრო-საზღვაო ბაზა მდებარეობს, რომელიც ხმელთაშუაზღვის აღმოსავლეთში მდებარეობის გამო სტრატეგიული მნიშვნელობისაა ამერიკული ავიამზიდებისთვის.

გასულ თვეს აშშ-ს ავიამზიდი USS Gerald R. Ford დროებით სწორედ ამ ბაზაზე გაჩერდა, რის შემდეგაც ცურვა ისრაელის სანაპიროს მიმართულებით გააგრძელა, სადაც ირანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო. 

მანამდე, მარტის დასაწყისში, საბერძნეთმა კრეტის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე ირანის სასარგებლოდ ჯაშუშური საქმიანობის ეჭვზე 36 წლის ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქე დააკავა.

ბერძნული მედიის ცნობით, დაკავებული პირი წინასწარ პატიმრობაში ქვეყანაში არალეგალურად შესვლისა და დარჩენის ბრალით იმყოფება, რის პარალელურადაც საბერძნეთის ეროვნული სადაზვერვო სამსახური (EYP) კუნძულ კრეტაზე ეჭვმიტანილის საქმიანობასთან დაკავშირებით დამატებით მტკიცებულებებს აგროვებს. მედიის მიხედვით, ეჭვმიტანილ კაცს ეროვნული EYP უთვალთვალებდა და ის ათენის საერთაშორისო აეროპორტში ჩასვლისთანავე დააკავეს. 

ekathimerini-ს მიხედვით, დაკავებული საქართველოს მოქალაქე, რომელიც ეთნიკურად აზერბაიჯანელია, საბერძნეთში გერმანიიდან 3 თებერვალს ჩავიდა და გასულ თვეს სუდის მახლობლად სასტუმროში რჩებოდა. 

სამართალდამცავმა ორგანოებმა განაცხადეს, რომ დაკავებულ პირს თან ამერიკული ავიამზიდის სურათები ჰქონდა. საბერძნეთის დაზვერვიდან წყარომ ასევე გამოცემას განუცხადა, რომ მიმდინარეობს გამოძიება ირანთან დაკავებულის შესაძლო კავშირების შესახებაც. 

წყაროების თქმით ეჭვმიტანილს ჯერჯერობით ბრალდებებთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია. ekathimerini ასევე წერს, რომ ივნისში საბერძნეთის პოლიციამ ჯაშუშობის ეჭვზე კიდევ ერთი პირი დააკავა, რომელიც კრეტის დასავლეთ ნაწილში მდებარე საზღვაო და საჰაერო ძალების ბაზის სიახლოვეს რამდენიმე დღის განმავლობაში სასტუმროში რჩებოდა. 

ერთ დროს აშშ-ს მოკავშირე საქართველოში ირანის გავლენა გაიზარდა – ჰადსონის ინსტიტუტის კვლევა

კომენტარები