პარტია გახარია საქართველოსთვის წევრი გიგა ფარულავა გამართულ ბრიფინგზე მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მხრივ მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით ეუთოს ანგარიშს გამოეხმაურა.
ფარულავას თქმით, დასკვნა არის უმძიმესი და "ერთმნიშვნელოვნად ცხადია, რომ ამ ხელისუფლებით საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება".
"2022 წელი - რუსეთი.
2023 წელი - ბელარუსი.
2026 წელი - საქართველო.
ეს არის ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ამოქმედების წლები და ქვეყნები.
ყოჩაღ ქართულ ოცნებას! მაგრად დაგილაგებიათ ყველაფერი... გუშინ გამოქვეყნდა ეუთოს საგამოძიებო მექანიზმის დასკვნა, რომლითაც "ოცნება" ოფიციალურად, უკვე ეუთოს მიერ შეფასდა ადამიანის უფლებათა სისტემური დარღვევის, ძალადობის, დაშინების, გაყალბების, უსამართლობის, განსხვავებული აზრის დევნის, შურიძიებისა და ჩაგვრის ავტორად.
მათ შორის - დასკვნაში დადასტურებულია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პოლიტიკური დევნა და შურისძიების მოტივით მასზე ფიზიკური თავდასხმა. რითიც არ უნდა იმართლონ თავი, რამდენადაც არ უნდა სცადონ პროპაგანდით ამ დასკვნის გაუფასურება, როგორც არ უნდა ამშვიდონ ერთმანეთი - ეს არის დოკუმენტი, რომელიც ოცნების თითოეულ წევრს, თითოეულ პროპაგანდისტს, მთელი ცხოვრება პერსონალურ პასუხისმგებლობად გაჰყვება.
ეს დასკვნა არის უმძიმესი ჩვენი ქვეყნისთვის - სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით, ჟრიამულის საფუძველი არავის არ აქვს. არ მივმართავთ "ოცნებას" - მივმართავთ მხოლოდ "ოცნების" ამორმჩეველს: ერთადერთი, ვიზეც "ოცნება" ჯერ კიდევ რეაგირებს და ვისაც ჯერ კიდევ შეუძლია ამ არაადეკვატურობის გაჩერება ხართ თქვენ. ისიც ნათლად ვნახეთ, რომ დღევანდელი "ოცნება" თავისიანსაც აღარ ინდობს.
დღეს უკვე აღარ არის კითხვა, რა ხდება ქვეყანაში - ერთმნიშვნელოვნად ცხადია, რომ ამ ხელისუფლებით საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება! კითხვა არის მხოლოდ ერთი - შევეგუებით თუ არა, რომ საქართველო იმავე სიაში დარჩეს, სადაც არიან რუსეთი და ბელარუსი. ქვეყნის ბედი ჯერ კიდევ შეიძლება შეიცვალოს". - ამბობს ფარულავა.
10 მარტს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში საქართველოში 2024 წლის გაზაფხულის შემდეგ ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მხრივ მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის ავტორი პროფესორი პატრისია გჟებიკია.
ცნობისთვის, ეუთოს 23-მა ქვეყანამ, მათ შორის, გერმანიამ და გაერთიანებულმა სამეფომ, საქართველოში ადამიანის უფლებების გაუარესებული მდგომარეობის შესასწავლად მოსკოვის მექანიზმი იანვრის ბოლოს აამოქმედა.
ანგარიშის მიხედვით, მომხსენებელმა 14-დღიანი მისიის დროს დაადგინა, რომ მანდატით განსაზღვრულ პერიოდში, ანუ 2024 წლის გაზაფხულის შემდეგ, საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა შეინიშნებოდა.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ მომხსენებელმა შეამჩნია "ძალადობისა და სხვაგვარად ძალის ბოროტად გამოყენების შემთხვევები დემონსტრანტების, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ," ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში, ანგარიშის მიხედვით, ძალადობამ, შეიძლება ითქვას, რომ "წამების ზღვარსაც მიაღწია," რასაც "თან ახლდა" ძალადობის ჩამდენთა "სრული დაუსჯელობა".





