ივანიშვილის დეპუტატები, გიორგი ჩაკვეტაძე და ვახტანგ თურნავა ვიზიტით სტრასბურგში იმყოფებიან. გიორგი ჩაკვეტაძეს ევროსკოპის დამფუძნებელ თამარ ნუცუბიძესთან საუბარში ამბობს, რომ ხვდებიან იმ ევროპარლამენტარებს, რომლებიც იზიარებენ "საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებს და ნაბიჯებს".
ნუცუბიძემ ჩაკვეტაძესთან ინტერვიუ ევროპარლამენტის შენობაში ჩაწერა.
"ჩვენ უკვე მეორე დღეა, რაც სტრასბურგში ვიმყოფებით. ეს არის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი. შეხვედრები გვქონდა ევროპის საბჭოში, სხვადასხვა წარმომადგენელთან, მათ შორის გენერალური მდივნის წარმომადგენელთან, ასევე ევროპარლამენტში გვქონდა რამდენიმე შეხვედრა სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წევრებთ, იმ ევროპარლამენტარებთან, რომლებიც იზიარებენ საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებს, რომლებიც იზიარებენ იმ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იდგმება. ეს არის ორმხრივი ურთიერთობები, რის დამყარებასაც ვცდილობთ და გავრძელებთ. ასე რომ, დაგეგმილი გვაქვს არაერთი შეხვედრა, მათ შორის, ხვალაც" - თქვა ჩაკვეტაძემ.
ნუცუბიძის შეკითხვაზე იზიარებს თუ არა, რომ საქართველო უნდა იყოს ევროკავშირის წევრი, ჩაკვეტაძემ უპასუხა - "კი, ოღონდ ღირსებით და ყველა იმ წინგადადგმული ნაბიჯით, რომელიც ემსახურება საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებას".
მისი თქმით, ის შეხვედრები, რასაც ევროპარლამენტში მართავენ, "ემსახურება, რომ ეს ინფორმაცია მივაწოდოთ თითოეულ მათგანს, რა რეფორმები ტარდება, რა გამოწვევებია რეგიონში, რა რისკები გვაქვს, როგორ არასამთლიანად იქცევა ევროპული ბიუროკრატია საქართველოსთან დაკავშირებით".
ჩაკვეტაძის თქმით, ხვალ ევროპარლამენტი "მე-9 სამარცხვინო რეზოლუციას მიიღებს".
ჩაკვეტაძის და თურნავას ვიზიტის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა პარლამენტმაც: "განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვახტანგ თურნავა სტრასბურგში ვიზიტისას, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის გენერალურ მდივანს, მეთიუ მორის შეხვდნენ".





