აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

ირანის დარტყმების შემდეგ ბაჰრეინის მთავარმა ენერგოკომპანიამ ფორსმაჟორი გამოაცხადა

REUTERS/Stringer

ბაჰრეინის მთავარმა ენერგოკომპანიამ, Bapco-მ, რომელიც ქვეყნის მთავარ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მართავს, 9 მარტს ფორსმაჟორული მდგომარეობა გამოაცხადა იმ საქმიანობასთან დაკავშირებით, რაზეც გავლენა იქონია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომმა. 

Bapco Energies-მა განაცხადა, რომ ადგილობრივი ბაზრის საჭიროებები დაკმაყოფილებულია და რომ ქვეყანაში ნავთობის მიწოდება შეფერხების გარეშე გაგრძელდება.

თუმცა, ფორსმაჟორის გამოცხადებით, კომპანია შეძლებს, საზღვარგარეთ ნავთობის გადაზიდვა შეაჩეროს. მანამდე ფორსმაჟორული მდგომარეობის გამოცხადება QatarEnergy-სა და ქუვეითსაც მოუწიათ. 

ბაჰრეინულმა კომპანიამ გასულ კვირას განაცხადა, რომ 90 წლის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იერიშის შედეგად დაზიანდა. მანამდე ქარხანამ გადამუშავების სიმძლავრე დღეში დაახლოებით 400 000 ბარელით გაზარდა და ობიექტს მოდერნიზებაც გაუკეთა. 

ფორსმაჟორის გამოცხადებამდე თვითმხილველებმა გამოცემა Times of Israel-ს განუცხადეს, რომ Bapco-ს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მიმართულებით ამომავალი კვამლი დაინახეს. 

თვითმხილველის თქმით, მთავრობამ მანამდე განაცხადა, რომ ირანული დრონით თავდასხმის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. 

ცნობისთვის, ახლო აღმოსავლეთში ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ომის შედეგად გამოწვეული შეფერხებების გამო 8 მარტს ბარელი ნავთობის ფასი $100 დოლარს გადასცდა, რაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ნიშნულის ამ დონემდე ზრდის პირველი შემთხვევაა. 


თებერვლის ბოლოს აშშ-მ და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ერთობლივად წამოიწყეს მასშტაბური იერიშების კამპანია. პირველადი დარტყმების შედეგად ისრაელმა მოკლა ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი და კიდევ 40-მდე სამხედრო მეთაური და მაღალჩინოსანი. 

მოკლულთა შორის ასევე არიან ირანის თავდაცვის მინისტრი აზიზ ნასირზადე, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაური მოჰამედ პაკპური, ირანის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, ალი შამხანი და ქვეყნის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი, აბდოლრაჰიმ მუსავი.

თუმცა, აიათოლა ალი ხამენეის მოკვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ ირანის რეჟიმის სასულიერო პირთა ექსპერტთა ასამბლეამ გამოაცხადა, რომ ქვეყნის ახალ უზენაეს ლიდერად ხამენეის შვილი, 56 წლის მოჯთაბა აირჩიეს

გამოცემა Times of Israel-ის ინფორმაციით, ირანის რეჟიმის წინააღმდეგ წამოწყებული იერიშების სამიზნე მოჯთაბა ხამენეიც იყო, თუმცა, ისრაელის შეფასებით, ის დარტყმების დროს მხოლოდ დაიჭრა. 

კომენტარები