ოპოზიციის ალიანსი დღეს, 7 მარტს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს - საპროტესტო ჯგუფებს, პოლიტპატიმრების ოჯახებს, სტუდენტებს და სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლებს შეხვდა. ალიანსის განცხადებით, მათ მათ ოპოზიციურ პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმება და გამარჯვების საერთო სტრატეგია გააცნეს.
"მიგვაჩნია, რომ დემოკრატიული ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების მჭიდრო თანამშრომლობა გადამწყვეტი იქნება ბიძინა ივანიშვილის კრიმინალური, ავტოკრატიული რეჟიმის დასამარცხებლად და ქვეყნის დემოკრატიული მომავლის უზრუნველსაყოფად.
სწორედ ამიტომ, ჩვენი მიზანი სამოქალაქო ჯგუფებთან აქტიური თანამშრომლობაა, როგორც პროტესტის გაფართოებისთვის, ისე მეტი მოქალაქის დასარწმუნებლად, რომ ცვლილება მათ სასიცოცხლო ინტერესშია.
მიმდინარე კვირაში ოპოზიციის ალიანსი შევთანხმდით გამარჯვების საერთო სტრატეგიასა და მოქმედების ერთობლივ წესებზე.
ჩვენ ვთანხმდებით, რომ ივანიშვილის ოლიგარქიული და ავტოკრატიული რეჟიმის დამარცხება შესაძლებელია მხოლოდ ძლიერი დემოკრატიული ალტერნატივის არსებობის პირობებში, რომელიც მოქალაქეების ინტერესებს ემსახურება.
ოპოზიციური ალიანსის მიზანია ფართო პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონსენსუსის შექმნა ამ რეჟიმის შესაცვლელად, რათა ქართველ ხალხს მიეცეს შესაძლებლობა თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების გზით დაიბრუნოს მიტაცებული სახელმწიფო". - ნათქვამია ალიანსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეთანხმების ხელმომწერი პარტიები:
- ახალი
- გირჩი — მეტი თავისუფლება
- დროა
- ევროპული საქართველო
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
- ეროვნულ-დემოკრატიული პარტია
- თავისუფლების მოედანი
- სტრატეგია აღმაშენებელი
- ფედერალისტები
9 ოპოზიციური პარტია გამარჯვების საერთო სტრატეგიასა და თანამშრომლობის წესებზე 2 მარტს შეთანხმდა.





