აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ადამიანის უფლებების მომდევნო ანგარიშში განსაკუთრებულ ყურადღებას სიტყვის თავისუფლების საკითხს დაუთმობს. ოფიციალური პირების თქმით, ევროპის ქვეყნებში სიტყვის თავისუფლების დაცვის კუთხით გაუარესების ტენდენცია შეინიშნება, ამიტომ ეს საკითხი მომდევნო ანგარიშში პრიორიტეტული იქნება.
20 ნოემბერს სახელმწიფო დეპარტამენტმა ევროპულ ქვეყნებში აშშ-ს საელჩოებს წერილი გაუგზავნა, რომელშიც მათ მომდევნო ანგარიშისთვის ადამიანებთან შეხვედრა და მონაცემების შეგროვება დაავალა.
აშშ ევროკავშირის მიერ მიღებულ ციფრული სერვისების აქტს სიტყვის თავისუფლების შემზღუდავ რეგულაციად მიიჩნევს. ოფიციალური პირების თქმით, ანგარიში ერთ-ერთი ინსტრუმენტი იქნება, რომლითაც აშშ პარტნიორი ქვეყნების ქცევის შეცვლას შეეცდება.
ამასთან, Kyiv Post-ის ვაშინგტონის კორესპონდენტის, ალექს რაუფოღლუს ცნობით, აშშ-ს სახდეპის გავლენიანმა მაღალჩინოსანმა მას დაუდასტურა, რომ ანგარიშები აზერბაიჯანსა და საქართველოში პოლიტპატიმრების და ჟურნალისტების დევნის საკითხებსაც შეეხება.
"რა თქმა უნდა, ტრანსნაციონალური ჩაგვრა, ჟურნალისტების დაკავება, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ადამიანების ფიზიკური უსაფრთხოების დარღვევები, ყველაფერი ეს ანგარიშში იქნება ასახული," ციტირებს რაუფოღლუ მაღალჩინოსანს.





