ივანიშვილის მთავრობის ცნობით, ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა.
"მთავრობის მეთაურმა შეშფოთება გამოთქვა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევასთან დაკავშირებით.
ირაკლი კობახიძემ ილჰამ ალიევს სოლიდარობა გამოუცხადა და მომხდარის შედეგად დაშავებულ მოქალაქეებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, მჭიდრო პოლიტიკურ ურთიერთობებს და რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნების განსაკუთრებულ მნიშვნელობას." - ნათქვამია განცხადებაში.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ირანის ტერიტორიიდან ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაზე დრონებით იერიშები მიიტანეს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ერთი უპილოტო აპარატი ნახიჩივანის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის შენობას მოხვდა, ხოლო მეორე - სკოლასთან ახლოს ჩამოვარდა, შეკერაბადის სოფელში. სამინისტროს ცნობით, შემთხვევის შედეგად აზერბაიჯანის ორი მოქალაქე დაშავდა.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ირანის მიერ დრონებით ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაზე მიტანილი იერიში "უპასუხოდ არ დარჩება".





