აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

გამოხატა ღრმა შეშფოთება – ბოჭორიშვილი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ესაუბრა

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მაკა ბოჭორიშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან. 

"საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოხატა ღრმა შეშფოთება აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც დაშავდა რამდენიმე მოქალაქე.

მინისტრმა ხაზი გაუსვა რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობას.

მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული და მეგობრული ურთიერთობის სიმტკიცე". - ნათქვამია განცხადებაში.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ირანის ტერიტორიიდან ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაზე დრონებით იერიშები მიიტანეს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ერთი უპილოტო აპარატი ნახიჩივანის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის შენობას მოხვდა, ხოლო მეორე - სკოლასთან ახლოს ჩამოვარდა, შეკერაბადის სოფელში. სამინისტროს ცნობით, შემთხვევის შედეგად აზერბაიჯანის ორი მოქალაქე დაშავდა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ირანის მიერ დრონებით ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაზე მიტანილი იერიში "უპასუხოდ არ დარჩება".

კომენტარები