აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

ტრამპი ირანის IRGC-ს, სამხედროებსა და პოლიციას იარაღის დაყრისკენ მოუწოდებს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Brendan McDermid/AP

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს, სამხედროებსა და პოლიციას იარაღის დაყრისკენ მოუწოდებს.

"ჩვენ ამ მასშტაბურ ოპერაციას არა მხოლოდ ჩვენი დროისა და ადგილის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ვატარებთ, არამედ ჩვენი შვილებისა და მათი შვილებისთვისაც, როგორც ეს ჩვენმა წინაპრებმა მრავალი წლის წინ ჩვენთვის გააკეთეს. ეს არის თავისუფალი ხალხის მოვალეობა და ტვირთი. ეს ქმედებები სწორია და აუცილებელია იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამერიკელებს არასოდეს მოუწიოთ რადიკალური, სისხლისმსმელი ტერორისტული რეჟიმის წინაშე დგომა, რომელიც ბირთვული იარაღითაა შეიარაღებული.

თითქმის 50 წლის განმავლობაში ეს ბოროტი ექსტრემისტები თავს ესხმოდნენ შეერთებულ შტატებს, ამავდროულად სკანდირებდნენ "სიკვდილი ამერიკას", ან "სიკვდილი ისრაელს", ან ორივეს. ისინი მსოფლიოში ტერორიზმის მთავარი სახელმწიფო სპონსორები არიან. ჩვენ მსოფლიოში ყველაზე დიდი და ძლიერი ქვეყანა ვართ, ამიტომ შეგვიძლია ვიმოქმედოთ იმის წინააღმდეგ, რასაც ისინი აკეთებენ. ეს აუტანელი მუქარები აღარ გაგრძელდება.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ [ირანის ისლამური] რევოლუციის [გუშაგთა] კორპუსს, ირანის სამხედროებსა და პოლიციას, დაყარეთ იარაღი და მიიღეთ სრული იმუნიტეტი, წინააღმდეგ შემთხვევაში გარდაუვალი სიკვდილი გელით. ეს ნამდვილად გარდაუვალი იქნება. ეს ლამაზი არ იქნება.

მოვუწოდებ ყველა ირანელ პატრიოტს, ვინც თავისუფლებას ესწრაფვის, გამოიყენონ ეს მომენტი, იყვნენ მამაცნი, გაბედულნი, გმირულნი და დაიბრუნონ თავიანთი ქვეყანა. ამერიკა თქვენთანაა. მე დაგპირდით და ეს დაპირება შევასრულე. დანარჩენი თქვენზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ ჩვენ აქ ვიქნებით, რათა დაგეხმაროთ" - თქვა ტრამპმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში. 

მიმართვაში აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანის სამხედრო ხელმძღვანელობა განადგურებულია და დარჩენილი სამხედრო პირების დიდი ნაწილი აშშ-ს იმუნიტეტის მისაღებად უკავშირდება.

ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ირანში მიმდინარე ოპერაცია გაგრძელდება მანამ, სანამ აშშ ყველა დასახულ მიზანს არ მიაღწევს - "ჩვენ ძალიან მტკიცე მიზნები გვაქვს".

კომენტარები