აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

ტრამპი: ირანელებს საუბარი სურთ და ამას დავთანხმდი, ეს უფრო ადრე უნდა გაეკეთებინათ

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Jonathan Ernst/Reuters/File

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა The Atlantic-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანს აშშ-სთან მოლაპარაკებების აღდგენა სურს.

"მათ [ირანელებს] საუბარი სურთ და მე დავთანხმდი საუბარზე, ამიტომ მათთან ვისაუბრებ. ეს უფრო ადრე უნდა გაეკეთებინათ. ის, რაც ძალიან პრაქტიკული და მარტივი გასაკეთებელი იყო, უფრო ადრე უნდა გაეკეთებინათ. მათ ზედმეტად დიდხანს დააყოვნეს" - თქვა ტრამპმა ინტერვიუში.

გამოცემა წერს, რომ ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დაწყების მოსალოდნელი დრო ვერ დაასახელა და განაცხადა, რომ იმ პირების ნაწილი, რომლებიც გასულ კვირებში აშშ-ს წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, აშშ-ისრაელის გუშინდელი იერიშების შედეგად დაიღუპნენ.

The Atlantic-ის კითხვაზე, გაახანგრძლივებდა თუ არა აშშ ირანში მიმდინარე ოპერაციას ირანელი ხალხის მხარდასაჭერად, სახალხო პროტესტის ხელახალი ტალღის დაწყების შემთხვევაში, ტრამპმა შემდეგნაირად უპასუხა: "სიტუაციას იმ მომენტში უნდა დავაკვირდე, როცა ეს მოხდება. ამ კითხვაზე წინასწარ პასუხს ვერ გასცემ".

თუმცა გამოცემასთან საუბარში აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე გამოხატა რწმენა, რომ ირანში წარმატებული სახალხო აჯანყება ახლოვდება და ყურადღება სოციალურ ქსელში ირანის ქუჩებში ზეიმის კადრებსა და ნიუ-იორკსა და ლოს-ანჯელესში მცხოვრები ირანელი ემიგრანტების მხარდამჭერ შეკრებებზე გაამახვილა. 

"ეს მოხდება. თქვენ ამას ხედავთ და ვფიქრობ, რომ ეს მოხდება. ძალიან ბევრი ადამიანი უკიდურესად ბედნიერია იქ და ლოს-ანჯელესში და ბევრ სხვა ადგილას" - თქვა ტრამპმა.

კომენტარები