აშშ-ირანის დაპირისპირება

NYT: ისრაელში აშშ-ს ელჩმა თანამშრომლებს სურვილის შემთხვევაში ქვეყნის დატოვების ნება დართო

იერუსალიმი
Abir Sultan/European Pressphoto Agency

გამოცემა New York Times-ის ცნობით, აშშ-ს ელჩმა ისრაელში, მაიკ ჰაკაბიმ აშშ-ს დიპლომატიურ მისიას გაუგზავნა ელექტრონული მეილი, სადაც წერს, რომ მათ, ვისაც ქვეყნის დატოვება სურთ, "ეს დღესვე უნდა გააკეთონ."

NYT-ს ინფორმაციით, ჰაკაბი წერს, რომ ნაბიჯი მოჰყვა ღამის განმავლობაში გამართულ შეხვედრებსა და სატელეფონო საუბრებს და საბოლოო გადაწყვეტილება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტთან განხილვის შედეგად "ზედმეტი სიფრთხილის" პრინციპით იქნა მიღებული, რათა მაღალჩინოსნები შეთანხმდნენ, რომ საელჩოს თანამშრომლების უსაფრთხოება პრიორიტეტია.

გამოცემის თქმით, მან თანამშრომლებს მოუწოდა, მოეძებნათ ფრენა ბენ-გურიონის აეროპორტიდან ნებისმიერ მიმართულებით, რომელზეც ბილეთის დაჯავშნას შეძლებდნენ. 

"მთავარია ადგილი იპოვოთ ნებისმიერ მიმართულებაზე, საიდანაც შემდეგ შეძლებთ ვაშინგტონში გამგზავრებას, მაგრამ პირველ რიგში პრიორიტეტია ქვეყნის სწრაფად დატოვება," - წერია NYT-ს მიერ ნანახ ელექტრონულ მეილში.

NYT-ს ცნობით, ელფოსტაში ჰაკაბიმ თანამშრომლებს აცნობა, რომ 27 თებერვალს დილის 10 საათიდან დიპლომატიური მისია გადავიდა "ნებადართული გამგზავრების" (authorized departure) რეჟიმზე. ეს ნიშნავს, რომ არასასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პერსონალი და მათ ოჯახის წევრებს შეუძლიათ სახელმწიფოს ხარჯზე დატოვონ ქვეყანა, როდესაც, სახელმწიფო დეპარტამენტის წესების თანახმად, "აშშ-ს ეროვნული ინტერესები ან სიცოცხლისთვის მოსალოდნელი საფრთხე ამას მოითხოვს."

ცნობისთვის, მსოფლიოში აშშ-ს უდიდესი ავიამზიდი, USS Gerald R. Ford ისრაელის სანაპიროს მიუახლოვდა.

26 თებერვალს აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართა. გამოცემა Wall Street Journal წერს, რომ აშშ-ს წარმომადგენლებმა, სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა, ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებზე ხამენეის რეჟიმს "მკაცრი მოთხოვნები' წაუყენეს.

აშშ-ს მაღალჩინოსნების თქმით, არსებული მოლოდინით, ჟენევაში მოლაპარაკებებზე ამერიკულ მხარეს ირანისთვის უნდა მოეთხოვა, რომ სამივე ბირთვული ობიექტი - ფორდო, ნათანზი და ისპაანი - უნდა დაიშალოს და რეჟიმის ხელთ დარჩენილი ყოველგვარი გამდიდრებული ურანი აშშ-ს უნდა გადაეცეს. 

ამასთან, წყაროების მიხედვით, აშშ-ს დელეგაციის კიდევ ერთ მოთხოვნას უნდა წარმოადგენდეს, რომ ნებისმიერი ბირთვული შეთანხმება სამუდამო უნდა იყოს და არ უნდა ჰქონდეს ვადა. ცნობისთვის, ობამას ადმინისტრაციის მიერ მიღწეული 2015 წლის ბირთვული შეთანხმება (JCPOA), რომელსაც რესპუბლიკელები ზედმეტად სუსტ დოკუმენტად თვლიდნენ და რომელი შეთანხმებიდანაც ტრამპმა აშშ პირველი ვადის დროს გამოიყვანა, გარკვეული პერიოდის შემდეგ ირანზე შეზღუდვების მოხსნას გულისხმობდა. 

აშშ-ირანის მორიგ შეხვედრამდე პრეზიდენტმა ტრამპმა ერისადმი მიმართვისას განაცხადა, რომ ირანი განაგრძობს ბირთვული იარაღისა და ბალისტიკური რაკეტების პროგრამის განვითარებას. ამავდროულად, ვიცეპრეზიდენტი ჯეი დი ვენსის თქმით, თეთრ სახლს აქვს მტკიცებულებები, რომელიც მიანიშნებს, რომ აშშ-ს იერიშების შემდეგ თეირანმა ბირთვული პროგრამის აღდგენა ხელახლა სცადა.

 
 
 

კომენტარები