ივანიშვილის პრემიერის, ირაკლი კობახიძის განმარტებით, შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ დადგენილებაში ჩამოთვლილ საქმიანობებზე კვოტების განსაზღვრისას გათვალისწინებული იყო მოქალაქეების ინტერესები.
"ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ინტერესები, მათ შორის, შრომითი, რაც არის მიღებული პრაქტიკა ნებისმიერ ქვეყანაში, რომელიც უფრთხილდება საკუთარ მოქალაქეებს, მათ ინტერესებს.
ჩვენ განვსაზღვრეთ ის სფეროები, სადაც შესაძლებელია, დასაშვების უცხოელების დასაქმება და სადაც არ არის ეს მიზანშეწონილი და შესაბამისად, დასაშვები.
ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის რომ, ჭარბი კონკურენცია არ შეუქმნან ჩვენს მოქალაქეებს დასაქმების კუთხით.
რაც შეეხება განკარგულებას, განსაზღვრულია კვოტები, მათ შორის, კონკრეტულ შემთხვევებში განსაზღვრულია ნულოვანი კვოტები, რაც ნიშნავს იმას, რომ გამოკვეთილია სფეროები, სადაც ჩვენს მოქალაქეებს დასაქმების კუთხით ვერ გაუწევს ვერავინ კონკურენციას.
აქ იყო გათვალისწინებული თითოეული შემთხვევა, თითოეულ შემთხვევაში მოქალაქეების ინტერესები და ვფიქრობთ, რომ მაქსიმალურად მოვახერხეთ ჩვენ, ჩვენი მოქალაქეების შრომითი ინტერესების დაცვა." - დასძინა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ ოცნების დადგენილების მიხედვით, პირველი მარტიდან მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, გიდებად და ტაქსის მძღოლებად მუშაობა აღარ შეეძლებათ.





