პროკურატურის ცნობით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინეს.
უწყების ცნობითვე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაც დაუსწრებლად შეეფარდა და მის მიმართ ძებნა გამოცხადდა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაარწმუნა დაზარალებული, თითქოსდა მის კუთვნილ თანხებს მომგებიან ბიზნესში განათავსებდა - შეიძენდა ძვირადღირებულ ავტომანქანებს და მათ რეალიზაციას უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მოახდენდა.
აღნიშნული მოტივით ბრალდებულმა დაზარალებულს მოტყუებით გამოართვა ჯამში 550 000 აშშ დოლარი და მეტი დამაჯერებლობისთვის ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულება წარუდგინა, თითქოსდა უკვე შეძენილი იყო 40 ავტომანქანა. სინამდვილეში ბრალდებულს ავტომანქანები არ შეუძენია, ხოლო დაზარალებულის კუთვნილი თანხები თაღლითურად მიისაკუთრა". - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
უწყების ცნობით, ბრალდებული თავს არიდებს სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





