დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

AXIOS: ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან მასშტაბური ომის დაყებამდე წარმოსადგენზე უფრო ახლოსაა

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი    
Anna Moneymaker/Getty Images    

AXIOS-ის რეპორტიორი, ბარაკ რავიდი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან მასშტაბური ომის დაწყებამდე შესაძლოა იმაზე ახლოს იყოს, ვიდრე ეს ქვეყნის მოსახლეობას წარმოუდგენია.

აშშ-ს სამხედრო ოპერაცია ირანში, წყაროების თქმით, სავარაუდოდ დიდი მასშტაბის იქნება და რამდენიმე კვირა გაგრძელდება. მათივე ინფორმაციით, მოქმედებები უფრო დაემსგავსება სრულმასშტაბიან ომს, ვიდრე ვენესუელაში ჩატარებულ წერტილოვან ოპერაციას.

წყაროების ცნობით, სავარაუდოდ, ეს იქნება ამერიკისა და ისრაელის ერთობლივი კამპანია, მასშტაბით უფრო ფართო და ირანის რეჟიმისთვის უფრო ეგზისტენციალური საფრთხის შემცველი, ვიდრე გასული წლის ივნისში ისრაელ-ირანის 12-დღიანი ომი, რომელსაც მოგვიანებით აშშ-ც შეუერთდა.

17 თებერვალს აშშ-სა და ირანის წარმომადგენლები ერთმანეთს ჟენევაში შეხვდნენ და მოლაპარაკებები გამართეს. საუბრის შემდეგ ორივე მხარემ აღნიშნა, რომ პროცესმა "პროგრესი აჩვენა", თუმცა დაძაბულობა არ განმუხტულა. აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა, ჯეიდი ვენსმა Fox News-თან საუბარში აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებმა გარკვეულწილად კარგად ჩაიარა, თუმცა ირანელები დონალდ ტრამპის წითელ ხაზებს ჯერჯერობით არ თანხმდებიანი.

პარალელურად, აშშ ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ძალების თავმოყრას აგრძელებს. გასულ 24 საათში რეგიონისკენ დამატებით 50 ავიაგამანადგურებელი გადაისროლეს.

თეირანსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობის მორიგი ესკალაცია ირანის რეჟიმის მიერ ქვეყანაში გამართული საპროტესტო აქციების სისხლიან ჩახშობას მოჰყვა. გასულ კვირებში ვრცელდებოდა ცნობები, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ირანზე იერიშებს განიხილავდა, თუმცა აქამდე პრობლემის დიპლომატიურ მოგვარებას ეცდებოდა.

კომენტარები