ზამთრის ოლიმპიადა

ლუკა ბელურავა და ანასტასია მელეტკინა, 500-500 000 ლარს მიიღებენ - კობახიძე

სპორტის სამინისტრო  

პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ზამთრის ოლიმპიადაზე გამარჯვებულ ლუკა ბელურავასა და ანასტასია მელეტკინას, 500-500 000 ლარის ოდენობით პრემიას გადასცემენ.

სპორტსმენებმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს და ივანიშვილის მთავრობის მანამდე მიღებული გადაწყვეტილებით, 250-250 000 ლარი უნდა მიეღოთ.

კობახიძემ ფულადი ჯილდოს გაორმაგების მიზეზიც განმარტა - "გამომდინარე იქედან რომ, ეს არის ისტორიული გამარჯვება, რომელიც მათ მოუტანეს ქვეყანას."

"მინდა, პირველ რიგში, ჩვენს სპორტსმენებს მივულოცო კიდევ ერთხელ ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება.

პირველად ისტორიაში, ჩვენმა ქვეყანამ მოიგო ზამთრის ოლიმპიადაზე მედლები, რაც არის ძალიან დიდი წარმატება, გრძელდება ქართული სპორტის ისტორია და განსაკუთრებული მადლობა ამ გამარჯვების მთავარ შემოქმედებს - ლუკა ბელურავას და ანასტასია მეტელკინას, ასევე მათ მწვრთნელებს, ეს არის კიდევ ერთხელ ვიტყვი, ისტორიული გამარჯვება.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს გახდება საწინდარი სამომავლო, ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებებისთვის სპორტის ამ სახეობაში და სპორტის ზამთრის სახეობებში.

აქვე ვიტყვი, რომ ჩვენ გვქონდა დაწესებული პრემია, საპრიზო ადგილებისთვის და თითო მედლისთვის და წყვილისთვის შესაბამისად დაწესებული იყო პრემია 500 000 ლარის ოდენობით, შესაბამისად თითოეული მიიღებდა 250 000 ლარს, ამ გამარჯვებისთვის მივიღეთ გადაწყვეტილება და თითოეული სპორტსმენი წყვილში, მიიღებს 500-500 000 ლარს." - განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები