NATO-ს თავდაცვის ხარჯები

გაერთიანებული სამეფო დაგეგმილზე ადრე თავდაცვის ხარჯის მნიშვნელოვნად გაზრდას განიხილავს

Vadim Ghirda/AP

BBC-ის ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი განიხილავს, რომ თავდაცვის ბიუჯეტის მნიშვნელოვნად გაზრდა დაგეგმილზე ადრე მოხდეს. 

გამოცემის ცნობით, პრემიერმინისტრმა კირ სტარმერმა ამის შესახებ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ისაუბრა და მსოფლიო ლიდერებს განუცხადა, რომ "უფრო მასშტაბური საფრთხის პასუხად, აშკარაა, რომ ჩვენ უფრო მეტის დახარჯვა მოგვიწევს, და უფრო სწრაფად."

ცნობისთვის, სტარმერმა გასულ წელს განაცხადა, რომ 2027 წლის აპრილისთვის ბრიტანეთი თავდაცვაზე მშპ-ს 2.5%-ს დახარჯავდა. თუმცა, მან ასევე დაისახა "ამბიცია," რომ მომდევნო მოწვევის პარლამენტში ეს ხარჯი მშპ-ს 3%-მდე გაიზარდოს. 

თუმცა, BBC-ს მიხედვით, მათ აცნობეს, რომ პრემიერმინისტრის დამხმარეები ახლა განიხილავენ წინადადებას, რომ თავდაცვის ხარჯის 3%-მდე გაზრდა ახლანდელი მოწვევის პარლამენტის ვადის ამოწურვამდე მოხდეს. 

გამოცემის ცნობით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, ხოლო ამ მოწვევის პარლამენტმა მუშაობა შესაძლოა, 2029 წლამდე გააგრძელოს.

კომენტარები