ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ დიზაინერ დათუნა სულიკაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ის ციხეს ივნისში დატოვებს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა ისაუბრა.
"მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმება დამტკიცდა. დათუნა სულიკაშვილს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, დარჩენილი ნაწილი კი პირობითად იქნება. ის პენიტენციურ დაწესებულებას 9 ივნისს დატოვებს. გარდა ამისა, მას 50 000-ლარიანი ჯარიმაც დაეკისრა.
დათუნას პოზიცია ის იყო, რომ მისთვის ასეთი ყოფა, ციხის პირობები აუტანელი აღმოჩნდა. მისთვის ყოველი დღე გაუსაძლისი იყო. კონსულტაციის შემდეგ, მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს იყო საუკეთესო გზა იმისთვის, რომ ციხე ყველაზე სწრაფად დაეტოვებინა. საპროცესოზე ჩვენ მივმართეთ". - თქვა სულიკაშვილის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა.
დათუნა სულიკაშვილი 2025 წლის დეკემბერში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. გამოძიება მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა/შენახვას ედავება. სისხლის სამართლის კოდექსის ეს მუხლი 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





