კობახიძის განათლების რეფორმა

რომელ ფაკულტეტებზე მიიღებენ სტუდენტებს სახელმწიფო უნივერსიტეტები - კვოტები დამტკიცდა

ირაკლი კობახიძის განათლების რეფორმის ფარგლებში, ივანიშვილის განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღების კვოტები წარადგინა. კვოტების განაწილება ივანიშვილის მთავრობამ დაამტკიცა.

მიქანაძის განცხადებით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტები განაწილდება უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციით დადგენილი, ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის პრინციპის შესაბამისად, "არსებითად, უნივერსიტეტების ტრადიციული პროფილის გათვალისწინებით". 

სახელმწიფო უნივერსიტეტები სტუდენტებს მიიღებენ შემდეგ ფაკულტეტებზე:

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ჰუმანიტარული მეცნიერებები, პედაგოგიკის გამოკლებით; სამართალი; ეკონომიკა და ბიზნესის ადმინისტრირება; სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტი - მიღება გამოცხადდება საინჟინრო-ტექნიკურ დისციპლინებზე.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი - მედიცინის სპეციალობები.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - პედაგოგიკის პროგრამებსა და ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობებზე. [ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობებია - ინჟინერია, კომპიუტერული მეცნიერება, ტექნოლოგიები, გამოყენებითი მეცნიერებები, მათემატიკა].

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი -  აგრარულ სპეციალობებზე, ქართულ-აფხაზური ენის და ლიტერატურისა და პედაგოგიკის სპეციალობებზე.

სახელოვნებო უნივერსიტეტები და სპორტის უნივერსიტეტი - სტუდენტებს მიიღებენ შესაბამის სპეციალობებზე.

ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტები შეინარჩუნებენ მრავალფუნქციურ დატვირთვას

ზუგდიდის, გორის, ახალციხისა და თელავის უნივერსიტეტებში აქცენტი გაკეთდება აგრარულ სპეციალობებზე, ტურიზმის მიმართულებასა და პედაგოგიკაზე.

"ამ ეტაპზე, მთავრობის მიერ დამტკიცებულ დადგენილებაში აგრარული მიმართულება დროებით რჩება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, შესაბამისად, მიღება გამოცხადდება ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით. თუმცა, უახლოეს დღეებში დაიწყება რეორგანიზაციის პროცესი, რომლის საფუძველზეც, რამდენიმე თვეში, აგრარული მიმართულება გადაინაცვლებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში. შესაბამისად, 2026-2027 სასწავლო წელს ახლად მიღებული სტუდენტები აგრარულ ფაკულტეტზე სწავლას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყებენ". - განაცხადა გივი მიქანაძემ.

აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტებში ამ ეტაპზე სრულად შენარჩუნდება საერთაშორისო აკრედიტაციის და ერთობლივი ან ორმაგი ხარისხის პროგრამები.

მისივე თქმით, კვოტების რაოდენობა შრომის ბაზრის ანალიზს დაეფუძნა და სტუდენტთა დამატებით მიღება მხოლოდ გამონაკლისის სახით მოხდება.

"შრომის ბაზრის კვლევამ მოგვცა იმის ზუსტად დადგენის შესაძლებლობა, თუ რამდენი სტუდენტის ჩარიცხვაა მიზანშეწონილი უნივერსიტეტებში კონკრეტული სპეციალობების მიხედვით. შესაბამისად, წელს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტების ჩარიცხვა, არსებითად, სწორედ შრომის ბაზრის მოთხოვნებს დაეფუძნება. 

იმისათვის, რომ მკვეთრად არ შემცირდეს სტუდენტების მიღება სხვადასხვა სპეციალობაზე, კონკრეტულ შემთხვევებში, მაგალითად სამართალზე, წელს უნივერსიტეტებში ჩასარიცხი კონტინგენტი შუალედური რაოდენობით განისაზღვრება.

რაც შეეხება კონცეფციის მთავარ მიდგომას "ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის" პრინციპს, ის უზრუნველყოფს რესურსების მიზნობრივ მობილიზებას და საგანმანათლებლო პროგრამების გადუალებას. 

ამასთან, ჩვენი მიდგომაა, რომ ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტს უნარჩუნდება თავისი უნიკალური საგანმანათლებლო პროგრამა. ერთადერთი გამონაკლისი, რომელიც ამ ეტაპზე იქნა დაშვებული, არის საერთაშორისო აკრედიტაციის და ერთობლივი ან ორმაგი ხარისხის პროგრამების სრულად შენარჩუნება სახელმწიფო უნივერსიტეტებში, გამომდინარე იქიდან, რომ ინტერნაციონალიზაცია უმაღლესი განათლების პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით სახელმწიფო ყოველწლიურად მნიშვნელოვან ინვესტიციას ახორციელებს.

გასულ წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში 19 311 სტუდენტი ჩაირიცხა. წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღები კონტინგენტი დაახლოებით 2 000 სტუდენტით გაიზრდება და 21 300-ით განისაზღვრება. ამას დაემატება, პროფესიულ პროგრამებზე მისაღები დაახლოებით 10 000 სტუდენტი, რომლებიც განათლებას ასევე სრულიად უფასოდ მიიღებენ.

დადგენილ კვოტებზე დამატებით სტუდენტთა მიღება გამონაკლისის სახით შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ბოლო ადგილზე მოხვდა თანაბარი ქულების მქონე 2 ან მეტი სტუდენტი ან, თუ საქართველოს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირები ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე განაცხადებენ სწავლის სურვილს სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაბამის პროგრამაზე.

აღნიშნული ცვლილებების შედეგად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაუბრუნდება დედა უნივერსიტეტის სტატუსი. როგორც მოგეხსენებათ, 1990-იან წლებამდე, ვიდრე საქართველოში უმაღლესი განათლების სისტემას სერიოზული პრობლემები შეექმნებოდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში მოქმედი ერთადერთი უნივერსიტეტი იყო. ყველა სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ინსტიტუტის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული. 

უმაღლესი განათლების რეფორმის შედეგად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მართალია, არ იქნება ერთადერთი სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში, მაგრამ მას, როგორც წამყვან და დედაქალაქში მოქმედ ერთადერთ მრავალპროფილურ უნივერსიტეტს, დაუბრუნდება პირვანდელი მისია, რომელიც მან 1990-იან წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად, ნაწილობრივ დაკარგა, ხოლო 2004-2012 წლებში, იმ დროინდელი ხელისუფლების მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად, წაართვეს.

უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის მთავარი მიზანია, ქართველმა სტუდენტმა საქართველოში მიიღოს თანამედროვე სტანდარტების უმაღლესი განათლება, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, უზრუნველყოფილი არ არის. უნივერსიტეტებში მისაღები კვოტების სწორი პრინციპების შესაბამისად განსაზღვრა, ამ შედეგის მისაღწევად კარგ და აუცილებელ ნიადაგს შექმნის". - განაცხადა გივი მიქანაძემ. 

კომენტარები