გამოცემა Moscow Times-ის ინფორმაციით, NATO-ს გავლენიანმა მაღალჩინოსანმა რეპორტიორებს განუცხადა, რომ ზაპოროჟიეს ოლქის სამხრეთში უკრაინულმა ძალებმა წინ წაიწიეს მას შემდეგ, რაც რუსულმა დანაყოფებმა Starlink-ის სატელიტურ ინტერნეტზე წვდომა დაკარგეს.
"ამ კავშირის წართმევით რუსები გარკვეულწილად ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ სარდლობისა და კონტროლის კუთხით." - თქვა მაღალჩინოსანმა NATO-ს თავდაცვის მინისტრებს შორის შეხვედრის დაწყებამდე. "რა ალტერნატივასაც რუსეთი მოიფიქრებს, სავარაუდოდ, ანალოგიურად ეფექტური არ იქნება," დაამატა მან.
ცნობისთვის, თებერვლის დასაწყისში SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა დაწერა, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ Starlink-ის "უნებართვო გამოყენება" აღკვეთეს, მას შემდეგ, რაც უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა მასკს პრობლემის აღმოსაფხვრელად დახმარება სთხოვა.
ხოლო ამ ნაბიჯის შემდეგ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მრჩეველმა და ტექბლოგერმა, სერგეი ბრესკრესტნოვმა ტელეგრამზე დაწერა, რომ Starlink-ზე კავშირის დაკარგვამ ფრონტის ზახხე რუსულ მხარეს "კატასტროფა" შეუქმნა, რის გამოც რუსეთის მხრიდან მრავალ მიმართულებაზე საიერიშო მოქმედებები შეჩერდა.
"მტერს ფრონტის ხაზებზე პრობლემა კი არა კატასტროფა შეექმნა. ჯარების ყველა სარდლობა ჩამოიშალა. საიერიშო ოპერაციები ბევრ მიმართულებაზე შეჩერდა." - წერდა ბრესკრესტნოვი 5 თებერვალს.
რუსეთის მხრიდან Starlink-ის უნებართვო გამოყენების აღკვეთის შემდეგ ფედოროვმა მასკსა და SpaceX-ის პრეზიდენტს, გვინ შოტველს სწრაფი პასუხისთვის მადლობა გადაუხადა და მათ "უკრაინელი ხალხის ჭეშმარიტი მეგობარი" და "თავისუფლების ჭეშმარიტი დამცველი" უწოდა.
5 თებერვალს ფედოროვმა X-ზე დაწერა, რომ უკრაინაში მუშაობას ის ტერმინალები განაგრძობენ, რომლებზეც Spacex-მა ავტორიზაცია გასცა. ამასთან, Spacex-მა მოწყობილობების რეგისტრაციასთან დაკავშირებით გამოაქვეყნა ინსტრუქციებიც, რომელიც შემდგომ ილონ მასკმა X-ზე გადააზიარა და უკრაინაში Starlink-ის მომხმარებლებს მათი შესრულებისკენ მოუწოდა.





